Accessibility links

2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 208 მილიონი ლარით იზრდება. ამ გეგმის შესრულებას მთავრობა გადასახადის მოცულობის გაზრდით აპირებს. ფინანსთა სამინისტროს პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან ბიუჯეტში უფრო მეტის გადახდა მოუწევთ თამბაქოს პროდუქციის, ლუდის, სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს და იმპორტიორებს, ასევე კავშირგაბმულობის კომპანიებს.

საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, ისევე როგორც ბიზნესსექტორში, აქტიურად განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტი ფინანსთა სამინისტროში მომზადდა და თავდაპირველად ბიზნესმენების შემზადებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეცადა. 17 ნოემბერს იგი ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. დაგეგმილია 2015 წლის 1 იანვრიდან ლუდზე დაწესებული აქციზის გადასახადი 40 თეთრიდან 80 თეთრამდე გაიზარდოს.

ამ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო მზადაა სამუშაო რეჟიმში გააგრძელოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რათა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყოს როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებიო.

ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, შეუქმნის პრობლემას ადგილობრივ წარმოებას, გარდა იმისა, რომ სტიმულს მისცემს ჩრდილოვან ბიზნესს...

19 ნოემბერს მსგავსი შეხვედრა მოაწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ლოპოტას სასტუმრო კომპლექსში გასვლით სხდომაზე. ამჯერად საპარლამენტო მოსმენას სიგარეტის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიხედვით, პირველი იანვრიდან აქციზის გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე 15 თეთრით (90 თეთრამდე), ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით (25 თეთრამდე) იზრდება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგიის მიხედვით, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, აქციზი თამბაქოს პროდუქციაზე ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს:

„იცით თქვენ, რომ მავნე პროდუქტია თამბაქო, თამბაქოს მოწევა როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ეს არის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნები, რომელზედაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და მთავრობა მიერთებულია. ეს არის ის, თუ რამ გამოიწვია ზრდა. რა თქმა უნდა, ამავე დროს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისკენაც არის მიმართული. პრობლემატურია ის, რომ წლის დასაწყისში იზრდება ფიქსირებული აქციზური გადასახადი, წლის მეორე ნახევარში შემოთავაზებულია 5-პროცენტიანი ზრდა ადვალური გადასახადის“.

ზურაბ ტყემალაძეს წლის მანძილზე აქციზური გადასახადის ორჯერ გაზრდა მიუღებლად მიაჩნია, თუმცა უფრო სამართლიანად მიიჩნევს გადასახადის ადვალური ზრდის პრინციპს. იგივე შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსაც.ზურაბ ტყემალაძე ვარაუდობს, რომ აქციზის გადასახადის ზრდის მეორე ეტაპი მომავალი წლის განმავლობაში არ უნდა განხორციელდეს. მიუხედავად ამისა, არავის ეპარება ეჭვი, რომ აქციზის გაორმაგება პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. არსებობს სხვა საფრთხეებიც, რომელთა შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი რამაზ გერლიანი საუბრობს:

„ასეთი ზრდა, რა თქმა უნდა, შეუქმნის პრობლემას ადგილობრივ წარმოებას, გარდა იმისა, რომ სტიმულს მისცემს ჩრდილოვან ბიზნესს“.

რამაზ გერლიანის აზრით, აქციზის გაზრდის გაცხადებული მიზნის მიღწევა - თამბაქოსა თუ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შემცირება - თითქმის შეუძლებელია, რადგან მათზე დამოკიდებული ადამიანები ფასის ზრდის გამო მოხმარებას ნაკლებად თუ შეამცირებენ. მის აზრს ბევრი არ ეთანხმება. მათ შორის არის რომან გოცირიძე, ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი:

რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

„როდესაც ამბობენ, რომ ფასის მატება არ ახდენს გავლენას მწეველთა რაოდენობაზე, მაშინ წარმოვიდგინოთ, რომ თამბაქო ღირდეს 50 თეთრი და არა 3 ლარი. მაშინ დავინახავთ, როგორ გავლენას მოახდენს. თავისთავად თამბაქოს წევის გადაჩვევა ძალიან ძნელია და ფასის მატების გამო რომ ყველა დაანებებს თავს, ეს არარეალურია, მაგრამ ახალი მწევლების შემოსვლა ბაზარზე ფერხდება ანალოგიური ქმედებებით“.

რომან გოცირიძის აზრით, აქციზური გადასახადის გაზრდას მნიშვნელოვან ფისკალურ დატვირთვას ანიჭებს საქართველოს მთავრობა იმისათვის, რომ პენსიების თუნდაც სიმბოლური მომატება მოახერხოს:

„რა თქმა უნდა, შესაძლებელია უამრავი ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება და გამართლება იმის, რომ თუ აქციზს არ შემოვიღებთ, პენსია არ გაიზრდება. ეს დემაგოგიაა. ბიუჯეტის ზრდას ეკონომიკის ზრდა უნდა განაპირობებდეს“.

რომან გოცირიძის და კიდევ სხვა ეკონომისტების აზრით, გადასახადები ზრდის ნაცვლად უნდა მცირდებოდეს, რათა უფრო მეტი რესურსი დარჩეს ბიზნესში, რაც შემდგომ ინვესტირების გაზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, აქციზური გადასახადიდან დაგეგმილია 950 მილიონ ლარამდე შემოსავლის მიღება, რაც, მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, თითქმის 30 პროცენტით მეტია.

XS
SM
MD
LG