Accessibility links

logo-print

ყოველ წელს, აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს, მრავალი უშვილო წყვილი, აკვნებითა და თოჯინებით ხელში, ადის მარტვილის რაიონში, წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში. სამკილომეტრიან აღმართს რომ აივლიან (ზოგი მას ფეხშიშველი მიუყვება), აკვანში ჩაწვენილ თოჯინას ეკლესიის ეზოში ტოვებენ და მღვდლის კურთხევას ელოდებიან. მათ სწამთ, რომ თუ ამ რიტუალს სამჯერ შეასრულებენ, შვილიც შეეძინებათ.

აპრილის გრილ, ნისლიან დილას, გამთენიისას, მარტვილის ეკლესიის ეზოში ოცამდე ადამიანი იკრიბება და წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიისკენ მსვლელობას იწყებს. გზა გრძელია, დაახლოებით რვა კილომეტრი. აქედან სამი საკმაოდ დამრეც, ატალახებულ ფერდობზე უნდა იარონ, თუმცა წაჩხურობა ისეთი ტრადიციაა, რომელსაც მარტვილის მკვიდრი მლოცველები არასდროს გამოაკლდებიან. მათ სჯერათ, რომ თუ აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები ღმერთს შვილს შესთხოვენ, სურვილი აუცილებლად შეუსრულდებათ.

ჯგუფს გზადაგზა უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება, ხელში სანთლებითა და ხატებით. შორს, მთაზე, ეკლესიასთან, საითაც ისინი მიემართებიან, მანქანების ზოლი ჩანს. მლოცველების ნაწილი იქ უკვე შეიკრიბა და წირვის დაწყებას ელოდება.

ცოტა ხანში გზა ვიწრო და ციცაბო ხდება. მლოცველთა რაოდენობა იზრდება და შიგადაშიგ შეამჩნევთ ქალებს აკვნებით, სადაც ბავშვების ნაცვლად თოჯინები წვანან. ერთ-ერთი მათგანი 38 წლის მანანა ზაზუაშვილია, რომელიც აქ თბილისიდან ჩამოვიდა. ამ ტრადიციის შესახებ ბევრი არაფერი სმენია, თუმცა მისთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ სალოცავისათვის შვილის თხოვნა შეიძლება:

„აქედან უნდა წავიყვანო სხვისი აკვანი, ვისაც ბავშვი უკვე ეყოლა. მერე ღმერთს ვთხოვ, შვილი მაჩუქოს. დიდი იმედია, მაჩუქებს. ამის შემდეგ ამ აკვანს დავაბრუნებ. ამას სამადლობელი ჰქვიაო, სხვებისგანაც მსმენია, მაგრამ მე ეს ყველაფერი ფეისბუკზე ვნახე და დიდი სურვილი და იმედი გამიჩნდა“.

რაც უფრო უახლოვდები ეკლესიას, მანქანით ასვლა მით უფრო შეუძლებელი ხდება. მოძრაობას პოლიცია არეგულირებს, თუმცა ძნელად. ყველას უნდა, სალოცავში პირველი ავიდეს. გზის განაპირას მოვაჭრეები დგანან, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. ყიდიან სანთლებს, ჯვრებს, ხატებს, ბუშტებს, ცივ სასმელს, სათამაშოებს... ათი წლის გიორგი ეკლესიის ეზოსთან ახლოს სანთლებს ყიდის. ის ბიძასთან ერთად სურამიდან ჩამოვიდა. დგას და ხალხის ნაკადს ინტერესით აკვირდება.

ეკლესიის ეზო უკვე სავსეა. ვინც უკვე გადაჭედილ ეკლესიაში შესვლა მოასწრო, წირვას უსმენს, დანარჩენები კი ირგვლივ ჯგუფ-ჯგუფად არიან შეკრებილები.

როგორც წარმართული სალოცავების უმეტესობა, მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ მოსკე წაჩხურუს სალოცავიც გაითავისა და მართლმადიდებლურ ეკლესიად გადააქცია...

უშვილოების გარდა, აქ ის ადამიანებიც არიან, ვისაც უნდა, სალოცავს დაოჯახება სთხოვოს. ზუგდიდელი იზოლდა ფიფია სხვებთან ერთად ეკლესიას, ანთებული სანთლით ხელში, გარს უვლის. ეს რიტუალის ნაწილია. მასაც, როგორც ყველა აქ შეკრებილს, სჯერა, რომ ეს სალოცავი ნაყოფიერების მიმნიჭებელია, თუმცა დღეს ის არამარტო ბავშვის გაჩენას სთხოვს ღმერთს:

„სამი შვილი მყავს. ერთი დამიქორწინდა. ახლა მისი შვილისთვის ველოდები და იმისთვისაც, რომ ორი შვილიც დამიქორწინოს. მე ეკლესიური ვარ და რადგანაც ეს ტრადიციულია, ეს ასეა ნათქვამი, და ჩვენც ამ ტრადიციას მივყვებით“.

წაჩხურუს ეკლესიაში ასული მლოცველების ნაწილს შესაწირად შინაური ცხოველი და ფრინველიც მიჰყავს.

„ასე გვითხრეს, რომ აქ ამოყვანა კარგია, რომ ნადირმა არ დაგლიჯოს და კარგად გამრავლდნენო“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი, ნინელი ფუტკარაია.

მლოცველებიდან ზუსტად ვერავინ იხსენებს, საიდან მოდის ეს ტრადიცია, ან როდის დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, იმ ადგილას, სადაც ახლა წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიაა, საუკუნეების წინ წარმართული სალოცავი იყო - მოსკე წაჩხურუ. მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მურმან წოწორია, რომელიც ამ ტრადიციის შესახებ წლების განმავლობაში აგროვებდა მასალას, ამბობს, რომ ღმერთისათვის შვილის თხოვნის ამ ჩვეულებას სწორედ წარმართული ფესვები აქვს, რაც უძველესი ფალოსის კულტის სალოცავიდან მოდის:

„როგორც წარმართული სალოცავების უმეტესობა, მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ მოსკე წაჩხურუს სალოცავიც გაითავისა და მართლმადიდებლურ ეკლესიად გადააქცია“.

ლეგენდის თანახმად, წელიწადში ერთხელ „მახვამურები“, ანუ მლოცველები, მოსკე წაჩხურუს ღვთაებას ნაყოფიერებას შესთხოვდნენ. რიტუალი ასეთი იყო: წყვილს ჯერ მდინარე წაჩხურუში განბანდნენ, ხოლო შემდეგ ვაზის ერთ-ერთი ჯიშის, მაჭყვადინასგან დაყენებულ ღვინოს ასმევდნენ. აქვე იყო შელოცვაც:

„ჟინ ანთარი, თუდო ნერჩი

მაღოლამარს ძალა მეჩი“.

"ანუ „ღმერთო, მამაკაცს მიეცი ძალა შვილი გააჩინოს. მოსკე სწორედ ნაყოფიერებას, შვილიერებას გულისხმობს. სიტყვა „სკუალა“ მეგრულად დაბადებას ნიშნავს“.

წარმართული ტრადიციის დიდი ნაწილი გადმოქრისტიანებულ ფორმაშიც შემორჩა. აკვნები და თოჯინები სწორედ ამ ტრადიციის ნაწილია. როგორც მურმან წოწორია ამბობს, უძველეს წეს-ჩვეულებაში შვილის სიმბოლო სწორედ თოჯინა იყო, აკვანი კი ამ რიტუალის ნაწილი მოგვიანებით გახდა.

დღევანდელი ტრადიციით, ეკლესიის ეზოში დახვავებულ ათობით აკვანსა და თოჯინას წირვის დასრულების შემდეგ მღვდელი აკურთხებს. აქ არის აკვნები, ვინც როგორც უშვილო, ასევე შვილიანმა წყვილებმა ამოიტანეს.

ეს რიტუალი დაახლოებით თერთმეტი საათისათვის იწყება. ტრადიციის მიხედვით, კურთხევის შემდეგ უშვილო წყვილებს შვილიანების აკვნები უნდა დაურიგდეთ. მათ სჯერათ, რომ სწორედ ეს მიანიჭებს მათ ნაყოფიერებას, თუმცა ამ წესს ცოტა თუ იცავს. ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი აკვანი დაისაკუთროს და ეკლესიის ეზოში დაწყებულ არეულობას მღვდლის ჩარევაც ვერ აწყნარებს.

აკვნები ყველაზე მეტად ბავშვებს უნდათ, რომლებიც, დილიდან მოყოლებული, ეკლესიის ეზოში რიტუალის დაწყებას მოთმინებით ელოდნენ. ერთ-ერთი მლოცველი, ნანა სიგუა, ბევრს ეცადა, რომ ჭყლეტაში როგორმე ერთი აკვანი თავისი შვილიშვილისთვისაც აეღო:

„პატარას უნდა და იმიტომ ვიბრძოლეთ. აქ ზოგი უშვილო ტოვებს აკვანს, ზოგი შვილიანი. ბავშვს უნდოდა, თორემ მე თვითონ აკვანი ეკლესიას შევწირე“.

ადგილი, სადაც აკვნები იყო დახვავებული, რამდენიმე წუთში იცლება. ირგვლივ მხოლოდ აკვნებისა და თოჯინების ნაწილებია მიმოფანტული, რომლებიც ჭყლეტას შეეწირა. ეკლესიის გალავნის ვიწრო გასასვლელში ხალხი გზის გაკვლევას ცდილობს. ყველაზე გახარებულები ის ბავშვები არიან, ვისაც აკვნებიანი თოჯინები შეხვდა, უფროსები კი დაღმართს მომავალ აღდგომამდე შვილის გაჩენის იმედით მიუყვებიან.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG