Accessibility links

logo-print
თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ალა ჯიოევა დაინიშნა. ლეონიდ თიბილოვმა ახალი საკადრო გადაწყვეტილების შესახებ ბრძანებას ხელი გუშინ საღამოს მოაწერა. ალა ჯიოევა სოციალურ სფეროს გაუწევს კურირებას. ჯიოევას განცხადებით, ის ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის შელახული იმიჯის აღდგენას და სრულყოფილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მისი თქმით, ის დიდ ყურადღებას დაუთმობს ცხინვალის ციხეში მყოფი პატიმრების საქმეების შესწავლას და ჯანდაცვისა და განათლების სფეროს რევიზიას. იგი აცხადებს, რომ მისი საპრეზიდენტო კამპანიის გამო ვლადიკავკაზის ციხეში მოხვედრილი პირების გათავისუფლებისთვის იზრუნებს. დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე ალა ჯიოევამ ჩვენს რადიოსთან საუბარში თიბილოვის საკადრო პოლიტიკის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

ლეონიდ თიბილოვი ალა ჯიოევასთან მოლაპარაკებას დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდა. თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პოსტს ანატოლი ბარანკევიჩი დაიკავებდა, მაგრამ საბოლოოდ ეს თანამდებობა ჯიოევას შეხვდა. სავარაუდოდ, ბარანკევიჩს ძალოვან უწყებაში შესთავაზებენ ადგილს. ახალი მთავრობის კონტურები უკვე კარგად გამოიკვეთა. თიბილოვთან ძამბოლათ თედეევისა და ყოფილი პრეზიდენტის - ლუდვიგ ჩიბიროვის - მეგობრებმა მოიყარეს თავი: საბაჟოს უფროსი ახსარ ლავოევი, დაზვერვის ხელმძღვანელი სოსლან გათიკოევი და კავშირგაბმულობის უფროსი ინალ თიბილოვი ჩიბიროვის მთავრობაშიც მუშაობდნენ, ცხინვალის რაიონის ხელმძღვანელი ალან პლიევი და ნავთობპროდუქტების გაერთიანების უფროსი ალან ბეკოევი კი ძამბოლათ თედეევის გუნდიდან არიან. ოსი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი მიიჩნევს, რომ თიბილოვი მთავრობას ჯერჯერობით საკუთარი საარჩევნო შტაბიდან აკომპლექტებს და ერთგულებას პროფესიონალიზმზე წინ აყენებს.

ლეონიდ თიბილოვმა პირობა დადო, რომ ერთ კვირაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მთავრობის ფორმირებას დაასრულებს. ჯერჯერობით გადასაწყვეტია ვინ დაიკავებს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა პოსტებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG