Accessibility links

logo-print

"ალაბამელი უსინათლო ბიჭები"


"The Blind Boys of Alabama" "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალზე, 2004 წელი

"The Blind Boys of Alabama" "გრემის" დაჯილდოების ცერემონიალზე, 2004 წელი

"The Blind Boys of Alabama" - ასე ჰქვია უსინათლო გოსპელის მომღერალთა ბენდს, რომელიც 80 წლის წინ ალაბამას შტატში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად უსინათლოთა და სმენადაქვეითებულთა სკოლის მოსწავლეებისათვის სიმღერა მხოლოდ გართობის საშუალება იყო, თუმცა მოგვიანებით სახელდახელო კონცერტების ჩატარება დაიწყეს. როცა ამ საქმეში ჰონორარიც გადაუხადეს, ბიჭებმა პროფესიული კარიერის წამოწყებაც დააპირეს.

ჰოდა, 1944 წლიდან ტენესის შტატის ქალაქ ჩატანუგას რადიოსადგურის ხშირი სტუმრები გახდნენ. მათი შემოქმედებით იმხანად ცნობილი გოსპელ-ჯგუფის, "Тhe Coleman Brothers"-ის, პროდიუსერი დაინტერესდა და საკუთარ სტუდიაში სადებიუტო ალბომი ჩააწერინა.

50-იან წლებში, რომელსაც გოსპელის "ოქროს ხანად" მოიხსენიებენ, საეკლესიო საგალობლებმა სალოცავებიდან სცენაზე გადმოინაცვლა. ამ მოცემულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბენდის წარმატებას და მანაც ეტაპობრივად მოიპოვა ჟანრის ერთ-ერთი წამყვანი კოლექტივის სტატუსი. თუმცა უსინათლო მომღერალთა ტრიუმფი ხანმოკლე აღმოჩნდა. გოსპელი მისგან შობილმა მიმართულებამ, სოულმა, დაჩრდილა და ბენდის ხმის ჩამწერმა ლეიბლმაც აქცენტი სემ კუკზე გააკეთა. ჯგუფი სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდა. სოლისტმა კლარენს ფოუნტეინმა სოლო კარიერა წამოიწყო, დანარჩენები კი კარგა ხნით მიეცნენ მივიწყებას. ვოკალისტები სცენაზე მხოლოდ 80-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდნენ, როცა ბროდვეიზე სოფოკლეს ტრაგედია "The Gospel at Colonus" დაიდგა. მიუზიკლს თეატრალური პრემია "Obie Award" გადაეცა. 2001 წელს "უსინათლო ბიჭებით" პიტერ გებრიელის პროდიუსერი კრის გოლდსმიტი დაინტერესდა. მისი ხელშეწყობით, "Real World"-ის სამარკო ნიშნით გამოიცა ალბომი "Spirit of the Century", დისკზე კი ტომ უეითსის, ბენ ჰარპერის, "როლინგ სთოუნზისა" და სხვა ავტორების ნაწარმოებები ბლუზისა და გოსპელის ენებზე იყო ინტერპრეტირებული. მსმენელის განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა სიმღერამ "Amazing Grace", რომელიც ცნობილი ხალხური ბალადის, "House of the Rising Sun"-ის, მელოდიურ სტრუქტურაზე იყო აგებული. ალბომი "Spirit of the Century" კრიტიკოსებმა წლის საუკეთესო ნამუშევრად მოიხსენიეს და "გრემის" პრემიაც გადასცეს.

"Spirit of the Century"-ს კიდევ ერთი "გრემის" მფლობელი დისკი "Higher Ground" მოჰყვა, რომელიც ვოკალისტებმა გიტარისტ რობერტ რენდოლფთან ერთად გამოსცეს. ასევე საყურადღებოა 2003 წლის ნამუშევარი, სახელწოდებით "Go Tell It On The Mountain", რომელიც ასევე პიტერ გებრიელის ლეიბლზე "Real World" ჩაიწერა. "ალაბამელი ბიჭების" გარდა, პროექტში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: ტომ უეითსი, აარონ ნევილი, სოლომონ ბერკი, მევის სტეიპლსი, შერბი ლინი და ჯორჯ კლინტონი.

ამჟამად ბენდის თავდაპირველი შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი წევრი - ჯიმი კარტერიღა შემორჩა, ხოლო ფორმატი სექსტეტად გადაკეთდა. წელს ალაბამელები დაარსების 80 წლისთავს აღნიშნავენ. საიუბილეო თარიღს ეხმიანებიან კრიტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, "The Blind Boys of Alabama"-მ ბლუზისა და გოსპელის უნიკალური სინთეზი შექმნა და ამერიკული მუსიკის უძველესი ფორმები 21-ე საუკუნამდე მოიტანა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG