Accessibility links

logo-print

პრემიერი: ალასანია „ნაციონალებს“ აფარებდა ხელს


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა ოფიციალურად დატოვა ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომელსაც ყოფილი თანაგუნდელები კონსტრუქციულ ოპოზიციად აღიქვამენ. ასეთ შეფასებას არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვისაც თავისუფალი დემოკრატები „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. თავის მხრივ, „თავისუფალი დემოკრატების“ აუგად მოხსენიებას განაგრძობს პრემიერ–მინისტრი და აყალიბებს ამ პოლიტიკური ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელ მოსაზრებას, რომ პოსტიდან გადაყენებულ-გადამდგარი მინისტრები „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდნენ წყალს.

საპარლამენტო არითმეტიკის მიხედვით, რომელიც 10 ნოემბერს ბიუროს სხდომის ფარგლებში დაზუსტდა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას, ორი ახალი 6–კაციანი ფრაქციის დამატებით, პარლამენტში 87 დეპუტატი ეყოლება; კვლავ 51 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ უმცირესობა; დამოუკიდებლობას 4 დეპუტატი შეინარჩუნებს, ხოლო „თავისუფალი დემოკრატების“ სათვალავზე 8 დეპუტატი იქნება.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართული ოცნების“ რიგებიდან უპირობო თანამოაზრეებად და მტკიცე პარტნიორებად აღიქვამს „თავისუფალ დემოკრატებს“, რესპუბლიკური პარტიაა და ეს გასულ შაბათს „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც დაადასტურა. ამ ყრილობას კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებიდან მხოლოდ რესპუბლიკელთა ლიდერები ესწრებოდნენ,

თუმცა კოალიციაში შემავალი სხვა ძალები ირაკლი ალასანიას პარტიას სამომავლოდ კონსტრუქციულ ოპოზიციად აღიქვამენ. ასეა პარლამენტის სარბიელზეც და ეს 10 ნოემბერს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამაც აღნიშნა:

როცა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, პირველი, რასაც აკეთებს, მიდის ქვეყნის დე ფაქტო მმართველთან და მასთან ათანხმებს მისი მომავალი საქმიანობის გეგმებს, ახლა, ეს რანაირი ოპოზიციაა?! ოპოზიცია, მე ვიცი, რომ არის ხელისუფლების ოპონირებით დაკავებული...

„უფრო საინტერესო იქნება, მე ვფიქრობ, როცა ოპონენტად იქნება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მართლაც დესტრუქციული პოლიტიკური ძალაა, არამედ იქნებიან თავისუფალი დმოკრატები“.

უმრავლესობისგან განსხვავებით, „თავისუფალ დემოკრატებს“ ოპოზიციად ვერ აღიქვამს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ირაკლი ალასანიას პარტიამ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ის ოპოზიციური ძალაა. აქვე გავიხსენოთ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად გამორიცხავენ სამომავლო პოლიტიკურ პარტნიორობასა და კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„როცა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, პირველი, რასაც აკეთებს, მიდის ქვეყნის დე ფაქტო მმართველთან და მასთან ათანხმებს მისი მომავალი საქმიანობის გეგმებს, ახლა, ეს რანაირი ოპოზიციაა?! ოპოზიცია, მე ვიცი, რომ არის ხელისუფლების ოპონირებით დაკავებული და ხელისუფლებასთან შეთანხმებულ პარტიას ოპოზიციურს ვერ ვუწოდებ. ჯერ არაფერი ოპოზიციური არ გაუკეთებიათ “, – უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა გოგორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი შეფასებების პარალელურად, „თავისუფალი დემოკრატებისკენ“ მწვავე კრიტიკისა და ბრალდებების მიმართვას განაგრძობს პრემიერ–მინისტრი, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი თანაგუნდელების შეფასებისას მას დაფიქრება ურჩია და ამ ჭრილში პოლიტიკური სიმწიფეც დაუწუნა წინამორბედმა პრემიერმა – ბიძინა ივანიშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა 10 ნოემბერს სახალხოდ განაცხადა, რომ ის, რაც მოახერხა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 1 წელიწადში, 2 წელიწადში ვერ მოახერხა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ჯარში ელემენტარულად კვების საკითხი ვერ მოაწესრიგა, რომ ჯარისკაცები არ მოწამლულიყვნენ. ამასთან, ისმის მწვავე ბრალდებებიც. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნისა და შერჩევითი სამართლის არსებობასთან დაკავშირებული ეჭვები ყოფილმა მინისტრებმა შეგნებულად არ გაუფანტეს საერთაშორისო თანამეგობრობას:

ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და არ დაგიმალავთ, პირადად თვითონ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ერთადერთი და მთავარი, რაზეც მე ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, იყო ის, თუ რა წარმატებებს მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ...

„როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპაში, ამერიკაში, ღიად აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ... ანუ იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, ადამიანის უფლებების იმ დარღვევებზე, რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები... რა თქმა უნდა, ბუნებირივია ახლა, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც. და, ბუნებრივია, ის განცდა, ასე ვთქვათ, ის არასწორი განცდა, რაც, სამწუხაროდ, ჯერ ისევ არსებობს ევროპაში და ამერიკაში, ეს ვერ მოიხსნა... აქ გამოიკვეთა, აშკარად გამოიკვეთა და მე მაქვს სერიოზული ეჭვები, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა ევროპაში და ამერიკაში“.

ირაკლი ალასანიასა და მაია ფანჯიკიძესთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან იმავე ტიპის ბრალდებები ალექსი პეტრიაშვილსაც უკავშირდება – ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ორშაბათს გამოეხმაურა პრემიერის ბრალდებებს და მის მიდგომებს „უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და უმადური“ უწოდა. ოდნავ მოგვიანებით კომენტარი ირაკლი ალასანიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნებში ვიზიტისას ის საქართველოს წარმატებების წარმოჩენასა და ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე ზრუნავდა, პრემიერის ქმედებები კი ქვეყანას საპირისპიროს უქადის:

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

„ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და არ დაგიმალავთ, პირადად თვითონ პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ერთადერთი და მთავარი, რაზეც მე ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, იყო ის, თუ რა წარმატებებს მიაღწია თავდაცვის სამინისტრომ და ჩვენმა ქვეყანამ ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით. ეს ძალიან კარგად იცის მან“.

ურთიერთლანძღვისა და წყევლა–კრულვის ჭაობში ჩაფლობა ქვეყნისთვის საზიანოა – დარწმუნებულია ასევე ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, პრემიერი გამოსულია წონასწორობიდან, რას ლაპარაკობს, უკვე ვეღარ აკონტროლებს და საბოლოო შედეგი ძალიან სამწუხაროა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ალასანიას პარტია დაძლევს „მავნე ტრადიციას“ და იმოქმედებს კონსტრუქციულად „სახელმწიფოსთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმისას“ და სამომავლოდ სწორედ „თავისუფალი დემოკრატები“ უნდა იყვნენ „ახალი პოლიტიკური კულტურის შემომტანი“ ქართულ პოლიტიკაში.

მართალია, სოსო ცისკარიშვილისგან განსხვავებით, თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურ დემარშს თავიდანვე არ მიესალმებოდა პრემიერ–მინისტრის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი და მისგან საზოგადოებამ არაერთი მწვავე შეფასება მოისმინა ირაკლი ალასანიასა თუ მისი პარტიის მისამართით, მაგრამ ანალიტიკოსისთვის მიუღებელია პრემიერ ღარიბაშვილის რიტორიკა.

„მისი ლექსიკა, რა თქმა უნდა, კითვის ნიშნის ქვეშ იდგა. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მისი ეს ბოლო განცხადებები, რომელშიც უკვე გარკვეულწილად აქცენტებს აკეთებს საბოტაჟზე საგარეო სივრცეში ამ ადამიანების მუშაობასთან დაკავშირებით. ეს არის კითხვები, რომლებიც მას უბრუნდება უკან: თუ ეს ასე იყო, მაშინ სად იყო პრემიერ–მინისტრი?! მე ვფიქრობ, რომ პრემიერი ნაკლებად აცნობიერებს იმას, რომ მინისტრთა კაბინეტი არის სოლიდარობის პასუხისმგებელი ჯგუფი და ასე არ ხდება, რომ ერთი იყოს პასუხისმგებელი და გენერალური მენეჯერი არ აგებდეს იმავე საკითხებზე პასუხს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრემიერ–მინისტრის პოზიცია და რიტორიკა, გარკვეულწილად, ინფანტილურია, უფრო ემოციებს ემყარება, ვიდრე ცივ გონებას, რაც პრემიერ–მინისტრისთვის აუცილებელი ატრიბუტია.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ სამომავლო პერსპექტივებს ოპოზიციურ ფლანგზე, გია ხუხაშვილი თვლის, რომ რადგანაც ამ პარტიის სტარტი „კრიზისული მოვლენებისთვის იმპულსის მიცემაზე“ იყო ორიენტირებული, მათთვის პირველ ეტაპზე ძნელი იქნება კონსტრუქციული ოპოზიციის კალაპოტში ჩადგომა, თუმცა ეს სამომავლოდ შესაძლებელია, რადგანაც ამ პარტიის წევრები, „პოლიტიკური თუ სხვა სახის ბიოგრაფიით, არ არიან სკანდალზე ორიენტირებულები“.

XS
SM
MD
LG