Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია: საქართველოს ევროატლანტიკური კურსი მყარია


ამერიკის ხმა: რამდენიმე დღის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ კანდიდატურა, რომელსაც თქვენ უნდა შეეცვალეთ თავდაცვის მინისტრის პოსტზე, წინასწარ იყო გადაწყვეტილი. როდის დარწმუნდით, რომ მოვლენები განვითარდებოდა იმ სცენარით, რა სცენარითაც ბოლოს ყველამ ერთად ვიხილეთ მათი თანმიმდევრობა?

ირაკლი ალასანია: ეს კანდიდატურა იმ წუთში გამოაცხადეს, როცა მოხდა ჩემი განთავისუფლება, ეს გააკეთა თავად პრემიერმა, ამიტომ არავის არ გაჩენია კითხვები, რომ ეს კანდიდატი წინასწარ შეგუებული და შეთანხმებული ჰყავდათ.

თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თავდაცვის მინისტრმა-მე მასთან მქონდა საუბარი- გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ ერთად დავიწყეთ თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში, და რაც მთავარია იზრუნოს იმაზე, რომ დინამიურად საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაზარდოს და გააგრძელოს ნატოსთან პრაქტიკულად შეთანხმებული ურთიერთობების პაკეტი.

ამერიკის ხმა: პოლიტიკური მოტივაცია თქვენთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესებში დღემდე არ გამოგირიცხავთ. რა იყო ამ კამპანიის მიზეზი, როგორია მისი საბოლოო მიზანი და რამდენად დაარწმუნეთ უცხოელი პარტნიორები, რომ ეს მართლაც ასეა? იქნებ სხვაგვარი შეფასებებიც გაკეთდა?

ირაკლი ალასანია: ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია იყო ჩემს წინააღმდეგ ან იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ ფორმირდებოდა-როგორც გახსოვთ გავატარეთ ცვლილებები, და მე დავბრუნდი პარტიაში, ეს კი წინასწარ ცნობილი იყო ჩვენი ახლანდელი ოპონენტებისთვის-აქედან გამომდინარე, არავის არ ეპარება ეჭვი არც ამერიკაში და არც ევროპაში, რომ ეს იყო ამის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

მეორეს მხრივ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროატნალნტიკური კურსიგან არ გადაუხვევია, არამედ შეიქმნა საფრთხე იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგა პროკურატურამ, და ამით ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასაც შეექმნა საფრთხე. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მომავალში, იმ ვითარებაში როცა ჩვენ, როგორც პოლიტიკურ ძალას, გვექნება საშუალება გავაკონტროლოთ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, არ მიეცემა საშუალება არავის, არცერთ პოლიტიკურ ძალას, რომ საქართველომ იმ კურსიდან გადაუხვიოს, რომელიც ხალხის არჩევანით ევროპაშია. აქედან გამომდინარე, მე მქონდა შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგერსსა და თეთრი სახლის უშიშროების საბჭოში, სადაც მხოლოდ ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ გავხადოთ საქართველო უფრო დაცული და უსაფრთხო, რამდენად მნიშვნელოვანია სწრაფად განხორციელდეს საქართველოს თავდაცვითი კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ნატოსთან მიღწეული შეთანხმებების განხორციელება ცხოვრებაში, რომ გაჩნდეს საქართველოში, ნატოსთან ერთად, საწვრთნელი ცენტრი, ლოჯისტიკური ცენტრი, რომ რეგულარულად ჩამოვიდნენსაქართველოში ნატოს ჯარები და ჩაატარონ წვრთნები ქართულ მხარესთან ერთად, რაც იქნება ერთგვარი პრევენცია შესაძლო და პოტენციური საფრთხეების, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან მოდის საქართველოს მიმართ.

ამერიკის ხმა: თქვენი პარტიის წევრების განცხადებებმა, რომ მათი წასვლით საქართველოს პრო-ევროპული კურსი საფრთხეშია, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია თქვენს ყოფილ თანაგუნდელებში და უცხოელ დამკვირვებლებში. რამდენად გააიგივეთ თქვენი თავი ამგვარ ევროპულ არჩევანთან და როგორ უპასუხებთ კრიტიკოსებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ თქვენ ასეთი კურსი თქვენს დამსახურებად მიიჩნიეთ?

ირაკლი ალასანია: არავითარ შემთხვევაში არ არის ისე, რომ ერთ ადამიანზე არის დამოკიდებული ევროპული ინტეგრაციის ბედი საქართველოში. პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა და რაც ვერ გაიგეს ჩვენმა ოპონენტებმა რუსეთში, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი დასავლური ღირებულებების სასარგებლოდ. ეს იყო ჩვენი საზოგადოების არჩევანი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე,და რომ ყველა მთავრობა უნდა შეეხიდოს ამ არჩევანს. ამიტომ, ამ არჩევანს საქართველოს ვერ გადაახვევინებს ვერავინ და ეს არის შეუქცევადი. ამას ვერ შეცვლის ვერც რუსეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაცია თუ პუბლიკაცია.

უბრალოდ ჩვენ გვაქვს არჩევანი, რამდენად სწრაფად და დინამიურად შეიძლება მივუახლოვდეთ ამ პროცესს და არ დავკარგოთ დრო,ან უფრო გავჭიმოთ ეს პროცესი. სწორედ ამას შეუქმნა საფრთხე იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადადგა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. თუმცა საქართველო მყარად დგას ევროპულ გზაზე და ჩვენი კოლეგები აქ, ვაშინგტონში და ბრიუსელში კარგად ხვდებიან, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება.

ამერიკის ხმა: ცოტა ხანში ვაშინგტონში შედგება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კომისიის სხდომა. თქვენ გელოდებოდნენ ამ შეხვედრაზე ჩამოსასვლელად, თუმცა მას ახლა დღევანდელი სამინისტროს მაღალჩინოსნები გაუძღვებიან. როგორ შეაფასებთ მათ უნარებს და რამდენად მოხდება, თქვენი აზრით, საქართველოსთვის ყველა პრიორიტეტულ საკითხზე მსჯელობა?

ირაკლი ალასანია: მე მქონდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ადამიანებთან, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში ამერიკიდან, ასევე ამავე თემაზე მქონდა საუბარი თეთრ სახლშიც. მე ვფიქრობ ეს იქნება შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს და წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს თავდაცვის სფეროში. მე ვიცნობ ქართული დელეგაციის დიდ ნაწილს. ეს არის პროფესიონალი, პატრიოტი ხალხი, მე მათ დიდ წარმატებას ვუსურვებ და თუ რაიმე ჩვენგანაც სჭირდებათ გამოცდილების გაზიარების კუთხით, მზად ვიქნებით გავუწიოთ ამგვარი მხარდაჭერა.

ამერიკის ხმა: ჰალიფაქსის მაღალი რანგის უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მთავრობის არცერთი წევრი არ ესწრებოდა. იქ იყვნენ გიგა ბოკერია და თქვენ. რამდენად ადექვატური იქნებოდა მთავრობის წევრების მონაწილეობა?

ირაკლი ალასანია: მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა ვინც იქ ვიყავით წარმოვადგინეთ საქართველო, დავიცავით საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, და იქ საუბარი არ ყოფილა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. იქ საუბარი იყო რუსეთის თავდასხმის საფრთხეზე და როგორ უნდა დავუპირისპირდეთ ყველანი ამ საფრთხეს, უფრო გონივრულად, უფრო ფრთხილად. აქედან გამომდინარე ჩემს ორივე გამოსვლაში აბსულუტურად ადექვატურად გამოვხატე ეს საფრთხეები. იქ თავიდან როგორც თავდაცვის მინისტრი ისე ვიყავი მიწვეული, თუმცა ამ ცვლილების მერე მაინც მთხოვეს წარმომდგინა საქართველო. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ფორუმი იმ მხრივაც, რომ ძალიან ღიად გამოჩნდა თუ რა უნდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და სად შეიძლება გამოჩნდეს საქართველო, ასევე შეასრულოს მან ის უნიკალური როლი, რათა არ გავრცელდეს კონფლიქტი უკრაინიდან კავკასიაზე. მე შევთავაზე ჩემი ხედვა, რომ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებთან ერთად მნიშვნელოვანია უკრაინას აღმოვუჩინოთ სამხედრო, ქმედითი დახმარება. ეს აზრი გაიზიარა ამერიკის კონგრესმენთა დელეგაციამაც. ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება ამერიკასა და ევროპაში. თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დადებითად დასრულდება, რადგან ადამიანებს უნდა ქონდეთ საშუალება დაიცან საკუთარი თავისუფლება აგრესიისგან და ეს ვერ მოხდება თუ მათ არ აქვთ შეიარაღება.

ამერიკის ხმა: რამდენად გარდაუვალი იყო რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმა? ქონდა თუ არა აზრი ან იყო თუ არა შესაძლებელი საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანება, რათა პრობლემა არ გაღრმავებულიყო?

ირაკლი ალასანია: ამის შეჩერება არავის არ შეეძლო, იმიტომ, რომ ეს არის უფრო ვრცელი გეგმა ვიდრე მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული. არამედ რეგიონის პოლიტიკური და სტრატეგიული ლანდშაფტის შეცვლასთან დაკავშირებული გეგმის ნაწილი რუსეთის მხრიდან, რომელიც მათ 8-9 წლის წინ დაიწყეს. ამის გამოძახილი იყო 2008 წლის ომი, შემდეგ ეს პროცესი გავრცელდა უკრაინაზე და მოხდა ყირიმის ანექსია. ახლა კი საქართველოში ამ ორი რეგიონის უფრო მჭიდრო გავლენის ქვეშ მოქცევის გზით რუსეთი ეწინააღმდეგება დამოუკიდებელი, დემოკრატიის მოყვარული ერის განვითარებას. ეს ქმედება ემსახურება ერთადერთ მიზანს რუსეთის მხრიდან: მას უნდა სრული ჰეგემონია დაამყაროს მის პერიფერიაში, საზღვრებთან. მოსკოვს სწადია ენერგო დერეფანი და მის საზღვრებთან არ სურს მისცეს სუვერენულ ქვეყანას დემოკრატიის და თავისუფლების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი. მათი ნაბიჯები არის პირდაპირ მიმართული არსებული სამართლებრივი პრინციპების წინააღმდეგ. ამას უნდა დაუპირისპირდეს საქართველო, გაერთიანდეს მთელი საზოგადოება და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანით, ნატოსთან ხელშეკრულებების განხორციელებითუნდა მოვიპოვოთ ევროპული მომავალი. ამით ქვეყნის სახელმწიფოებრიობა იქნება შენარჩუნებული და ასევე პერსპექტივა იმის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს, რეალური იქნება. სხვა შემთხვევაში საქართველო ვერ განვითარდება.

ამერიკის ხმა: საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დასავლეთის გეგმის შესაძლებლობას, რომ უკრაინას თავდაცვითი იარაღი გადაეცემა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კომენტარს?

ირაკლი ალასანია: მე მგონია, რომ ცხადია უკრაინაში ესკალაცია და დაძაბულობა პიკშია. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი აგრესიულ ომს აგრძელებს და ერთადერთი გზა, რომელიც უკრაინელ ხალხს მიიყვანს გამარჯვებამდე არის ის, რომ მათ ეკონომიკური დასავლური დახმარება გადაეცეთ, გაგრელდეს და გამკაცრდეს სანქციები რუსეთზე და ყველა ერს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, ადექვატური სამხედრო შეიარაღება აღმოეჩინოს.

ამერიკის ხმა: რამდენად ხდება უკრაინის მოვლენებისა და საქართველში, აგვისტოს ომის აღქმა ერთ კონტექსტში?

ირაკლი ალასანია: გადაწყვეტილებების მიმღებებში-ევროპასა და ამერიკაში-ეს ძალიან ნათელია. ეს არის ერთიდაიგივე სცენარის ორი სხვადასხვა ეპიზოდი. ამ ორ პრობლემას ყველა ერთმანეთთან აკავშირებს. სწორედ ასე იყო ჰალიფაქსში და მანამდეც, ნატოს სამიტზე, როცა მე ამის მომსწრე გავხდი. ევროპა გამოფხიზლებულია, თუმცა საქმეა იმაში, თუ რამდენად სწრაფად მოხდება სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა ეტაპობრივად გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მართლაც ასე მოხდება. ასე იქნება საქართველოს შემთხვევაში და ის გეგმები რომლებიც ჩვენ ერთად დავისახეთ ამერიკასთან, ევროპასთან, ბოლომდე იქნება მიყვანილი.

კიდევ ერთხელ, აფხაზეთის ხელშეკრულების პრევენცია ვერ მოხერხდებოდა რუსეთის მხრიდან, და მას არანაირი, არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არ ექნება. ცხადია ისიც, რომ დე-ფაქტო სიტუაცია პრაქტიკულად არანაირად არ შეიცვლება. მაგრამ ასევე ძალიან საჭიროა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა გაეროში, ეუთოში, ნატოში ფორმალური რეაგირება მოახდინონ. მე შევხვდი იმ პირებს, რომლებიც ამ საკთხებს კურირებენ გაეროში, და მათ სრული მხარდაჭერა გამოთქვეს ქართული პოზიციის სასარგებლოდ.

XS
SM
MD
LG