Accessibility links

მეცნიერთა დიდ ნაწილში კონსენსუსია იმის თაობაზე, რომ ატმოსფეროს დათბობასთან ერთად ზღვის დონე შეიძლება ამაღლდეს. აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ როგორ და რა მასშტაბით მოხდება ეს.

„თუკი ვერ მივაღწევთ ორგრადუსიან მიზანს, ანტარქტიკაში ყინულის მთელი მასის დნობა ზღვის დონის ათ მეტრამდე მომატებას გამოიწვევს“, ამბობს ახალი ზელანდიის ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის ანტარქტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომელი ნიკ გოლეჯი. იგულისხმება საერთაშორისო კლიმატური პოლიტიკის მიერ დასახული მიზანი, რომ დასაშვები გლობალური დათბობა ორ გრადუს ცელსიუსზე დაბალი დონით განისაზღვროს ინდუსტრიალიზაციის დასაწყისის დონესთან შედარებით.

ამ სცენარის შესასწავლად გოლეჯმა და მისმა კოლეგებმა აშშ-ის ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან მოახდინეს ატმოსფეროს, ოკეანესა და ყინულის მასას შორის სითბოს დინების სიმულირება.

მეცნიერებმა შეისწავლეს ყინულის შესაძლო დნობა სხვადასხვა სცენარისთვის. აღმოჩნდა, რომ თუკი სწრაფად მოხდება 2030 წლამდე CO2-ის ემისიის 30%-ით შემცირება 1990 წელთან შედარებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხერხდება ზღვის დონის 40 სანტიმეტრამდე ამაღლების შენარჩუნება.

უკვე ამ შედარებით ოპტიმისტური სცენარის პირობებშიც დაიკარგებოდა ზღვაში მცურავი ყინულის მასების 85%-მდე. ყველა დანარჩენმა სცენარმა აჩვენა, რომ 3000 წლამდე დადნება მატერიკული ყინულოვანი მასის უდიდესი ნაწილიც. და, რაც მთავარია, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება. ასეთ პირობებში უკვე 2300 წლისთვის ზღვის დონე სამი მეტრით აიწევს.

თავის გამოკვლევაში გოლეჯი და მისი კოლეგები აჩვენებენ, რომ ზღვის დონის რამდენიმე მეტრით ამაღლება სავსებით შესაძლებელია და სანაპირო რეგიონებში მცხოვრებმა მილიონობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს საარსებო გარემო. მაგრამ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმის ცხადად ჩვენება, რომ ეს პროცესი შეუქცევადია.

საქმე ისაა, რომ ანტარქტიკის ყინული ერთობ ნელა რეაგირებს ცვლილებებზე. ახალმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ CO2-ის ემისიის შეწყვეტისა და ატმოსფეროს ტემპერატურის მატების შეჩერების პირობებშიც კი ყინულის მასის დნობა მრავალ საუკუნეს გაგრძელდება. ამის მიზეზია ოკეანის უნარი, შეინახოს სითბო. მას კლიმატური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ჭარბი სითბოს 90%-ზე მეტის შენახვა შეუძლია.

ამ გამოკვლევის მიზანი იყო ყინულის დნობის შესწავლა ანტარქტიკაში. მაგრამ მსგავსი პროცესები შესაძლოა რელევანტური იყოს, მაგალითად, გრენლანდიის ყინულოვანი მასისთვისაც, რამაც ზღვის დონის კიდევ უფრო ამაღლება შეიძლება გამოიწვიოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG