Accessibility links

logo-print

ლუკაშენკო: ჩვენ წინააღმდეგ ხმლის აღმმართველი ხმლითვე მოკვდება


ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკოს, მისი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროპის უკანასკნელ დიქტატორს უწოდებენ ხოლმე. ის ინტერვიუებს იშვიათად იძლევა, თუმცა 4 აგვისტოს დათანხმდა რადიო თავისუფლებას და კიდევ ორ დამოუკიდებელ მედიასაშუალებას გასაუბრებოდა.

ბელორუსია, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, შეშფოთებულია რუსეთის ქმედებებით უკრაინაში - ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეთა მხარდაჭერით. ლუკაშენკო, რომლის ურთიერთობა კრემლთან ხან თბება და ხან ცივდება, ამ კონფლიქტში შუამავლის როლს თამაშობს. მინსკმა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდს უმასპინძლა უკრაინის, რუსეთის და დასავლეთის ლიდერების მონაწილეობით. ლუკაშენკო ინტერვიუში შეეხო გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რუსეთის ამბიციები უკრაინით არ დაკმაყოფილდება და შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, ბელორუსია აღმოჩნდეს. ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, ის და მისი ქვეყანა ყველაფრისთვის არის მზად. მან თქვა, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმალს აიღებენ, ხმლითვე მოკვდებიანო. „პრეზიდენტის მთავარი მოვალეობა მისი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოებაა. აი, ეს არის მთავარი საკითხი. შეიძლება ხელფასის გარეშე იცხოვრო ერთი თვე ან ორი, ან სამი, ან სულაც ნახევარი წელი - ხალხი ამას გაპატიებს, მაგრამ, თუ პრეზიდენტი ქვეყნის სუვერენულობასა და დამოუკიდებლობას დათმობს, რისთვისაც ის, პირველ რიგში, აირჩიეს, ამას ხალხი არც დაივიწყებს და არც აპატიებსო“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

თუმცა ბელორუსიის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ რუსეთის აგრესია ბელორუსიის წინააღმდეგ ნაკლებად მოსალოდნელია. ჩვენ რუსეთის მოკავშირე ვართ, ერთადერთი სანდრო და პატიოსანი მოკავშირეო, განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მან თქვა: „არც ერთი კრიტერიუმით, არც ერთი პარამეტრით, არც ერთი მიმართულებით რუსეთი არც კი განიხილავს ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ჩამორთმევას. განსაკუთრებით, თუ განვიხილავთ ჩვენს პოლიტიკას, ბელორუსია დღეს ერთადერთი პატიოსანი, წესიერი და სანდო მოკავშირეა, რომელიც რუსეთს მოეპოვებაო“.

ლუკაშენკომ კომენტარები გააკეთა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც. უფრო სწორად, უმეტესი საკითხების განხილვისგან მან თავი შეიკავა - თქვა, იქ არსებულ დაპირისპირებას ღრმა ფესვები აქვს და ბევრი რამეა, რაც საჯაროდ არ ითქმისო. თქვენ, უბრალოდ, არ გესმით, რა ხდება იქ, უთხრა მან ჟურნალისტებს, და რომ მთხოვოთ ახსნა, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან უკრაინაში ბევრი რამ ხდება, რისი გასაჯაროებაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედისო. თუმცა ალექსანდრ ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ კონფლიქტში ბევრი შეცდომა დაუშვა უკრაინის ხელისუფლებამაც. ლუკაშენკომ განაცხადა: „ალბათ გახსოვთ, რომ მე უკრაინის ხელისუფლებას საჯაროდ ვუსაყვედურე - პრეზიდენტის მოვალეობის მაშინდელ შემსრულებელს, ტურჩინოვს ვუთხარი პირველივე შეხვედრისას, თუ ეს თქვენი მიწაა, თუ ყირიმი თქვენად მიგაჩნიათ, მაშინ რატომ არ იომეთ? მით უმეტეს, რომ მაშინ საწყის ეტაპზე იქ არცთუ ცოტა უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა მთელ ნახევარკუნძულზე, რუსეთის ჯარები კი სევასტოპოლში იყვნენ კონცენტრირებულნი. სამხედრო ხელოვნების მიხედვით, უპირატესობა უკრაინის მხარეს იყო. რატომ არ ომობდით? რა, აღიარეთ რომ ეს მიწა თქვენი არაა? თუ რამე სხვა მიზეზი იყო?“

მმართველობის 21 წლის განმავლობაში ალექსანდრ ლუკაშენკომ არაერთი შეტევა მიიტანა პოლიტიკურ ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უსაფრთხოების სამსახურებმა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავა, მათ შორის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მიკოლა სტატკევიჩი. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ შესაძლოა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოქტომბერში გაათავისუფლონ. საკითხი ჩემს დღის წესრიგშიაო, - თქვა ბელორუსიის პრეზიდენტმა. - ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მე შემიძლია, თუმცა მე ჯერ არ გადამიწყვეტია, ეს 11 ოქტომბერს მოხდება, ათში თუ რომელიმე სხვა დროსო. „შეიძლება ეს მანამდეც მოხდეს, თუმცა ჯერ ამაზე არ ჩამოვყალიბებულვარ. თუ ეს საკითხი გადაიჭრება, მაშინ ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა მოხდეს, ასე არ არის? აი, ასეთი ინფორმაცია იქნებოდა სწორი. თუ არ გამოვუშვებთ, მაშინ იჯდეს იქ და იყოს გმირი“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG