Accessibility links

ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს


ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი

8 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 7 მარტს დაკავებულ ლევან მექვაბიშვილს, რომელსაც ბრალად ედება "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივან ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა. გამოძიების თანახმად, დაკავებული მოქმედებდა თანამზრახველთან ერთად, რომელიც ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ის არ იცნობდა დაკავებულს, პროკურორის ინფორმაციით კი, საპირისპიროს ამბობს დაკავებული. ალექსი პეტრიაშვილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მისთვის მიყენებული მძიმე დაზიანებების გათვალისწინებით, დაზარალებულის ოჯახი და „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე მერამდენე დღეა ამაოდ ითხოვენ საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას და თვლიან, რომ ეს მკვლელობის მცდელობა იყო.

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ლევან მექვაბიშვილს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისთვის და ჩადენილია ჯგუფურად. 8 მარტს გამართულ სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმე შეეხება 2016 წლის 26 თებერვალს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე მომხდარ თავდასხმას, „რომელიც ბრალდებულმა და სხვა პირებმა ერთად დაგეგმეს და ორგანიზება გაუკეთეს“. პროკურორ ზვიად ფხაკაძის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 26 თებერვალს ალექსი პეტრიაშვილს თავს დაესხა ორი პირი. ჯერჯერობით ლაპარაკი არ არის პირზე ან პირთა ჯგუფზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დგანან თავდამსხმელთა უკან.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ მედიასთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების მიერ დადგენილია „პირადი მოტივის“ არსებობა. ამასთან, მისი თქმით, თავდაპირველად, ბრალდებულმა დაიწყო გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადვოკატს გაესაუბრა, დუმილის უფლების გამოყენება გადაწყვიტა. იმ მწირი ინფორმაციის მიხედვით კი, რომელიც მისგან მიიღო გამოძიებამ, პროკურორ ფხაკაძის თქმით, დაკავებული პეტრიაშვილთან პირად ნაცნობობას ადასტურებს:

„...მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებით არის, რომ იცნობდნენ ისინი ერთმანეთს... მაგრამ ბრალდებულმა დუმილის უფლება აირჩია და მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით“.

გამოძიება არ იქნება დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელი და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის...

როცა მე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ვმუშაობდი, ეს ადამიანი ლომბარდს აყაჩაღებდა და მასთან მე არანაირი გადაკვეთა არ მქონია – ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა 8 მარტს, რესპუბლიკური საავადმყოფოს დატოვების შემდეგ. თუმცა, თუკი მისი კომენტარით ვიმსჯელებთ, ალექსი პეტრიაშვილი ადასტურებს, რომ თავდამსხმელთაგან ერთ–ერთი, რომელსაც, თანამზრახველისგან განსხვავებით, ნიღაბი არ ეკეთა, სწორედ დაკავებული ლევან მექვაბიშვილი იყო. მართალია, 7 მარტს, როდესაც მექვაბიშვილი ბორჯომში დააკავეს, შს სამინისტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა, მაგრამ, ალექსი პეტრიაშვილის აზრით, წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია:

„გამოძიება არ იქნება დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი, სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი, არ იქნება დაკავებული მეორე შემსრულებელი და არ იქნება დაკავებული დამკვეთიც. უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის... არა ჩემთვის – ბუკა პეტრიაშვილისთვის – აქვს ამას მნიშვნელობა, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებისთვის – მომავალში რომ აღარ მოუვიდეს არავის თავში მარტივად აზრად, რომ აიღოს ფული და გაიმეტოს ადამიანი სასიკვდილოდ“.

როდესაც ადამიანს 5-ჯერ ესვრიან, აქედან 3 ტყვიას გაარტყამენ და მათგან ორ ტყვიას გაარტყამენ, ფაქტიურად, მუცლის არეში; უმოწყალოდ სცემენ რკინის ჩაქუჩით და ბეისბოლის „ბიტებით“, მე არა მგონია, რომ ეს იყოს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება...

როგორც თავად დაზარალებული, ასევე მისი ოჯახი და თანაპარტიელები დარწმუნებული არიან, რომ ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 ხანგრძლივი და რთული ოპერაცია ჩაუტარდა, შემკვეთებმა, თავდამსხმელთა ხელით, 26 თებერვალს სწორედ სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამიტომ ისინი კვლავაც მოითხოვენ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე აღძრული საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილიც:

„როდესაც ადამიანს 5-ჯერ ესვრიან, აქედან 3 ტყვიას გაარტყამენ და მათგან ორ ტყვიას გაარტყამენ, ფაქტიურად, მუცლის არეში; უმოწყალოდ სცემენ რკინის ჩაქუჩით და ბეისბოლის „ბიტებით“, მე არა მგონია, რომ ეს იყოს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ, როცა საფეთქელში უმოწყალოდ ჩაგარტყამენ რკინის ჩაქუჩს რამდენჯერმე, შენ შეიძლება გადარჩე. იმედი გვაქვს, რომ დროზე იქნება გადაკვალიფიცირებული ეს საქმე“.

ამ მოთხოვნაზე „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავდასხმის ფაქტის შემდეგ მალევე დაიწყეს ლაპარაკი. ამავე მოთხოვნით ისინი პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრსაც შეხვდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ამ მხრივ შედეგები არ ჩანს.

რაც შეეხება დაკავებულ პირს, წინასწარი ინფორმაციით, ადრე ნასამართლევი ლევან მექვაბიშვილი წარსულში წარმატებული სპორტსმენი იყო. 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ მისი ბიძა და მისი მეგობარიც დააკავეს, რაც, ადვოკატ მარინა ფილაურის განცხადებით, შესაძლებელია განხილულ იქნეს მექვაბიშვილზე ზეწოლად. თუმცა პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტებს შორის არანაირი კავშირი არ დასტურდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG