Accessibility links

logo-print
17 ივნისი, კვირა
ჩემპიონატით დავიწყებ… ჩემი აზრით, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩემპიონატი, რაც კი მახსოვს. თამაშიდან თამაშამდე ყველა გულშემატკივარი ელოდება, რომ იხილოს ეს მატჩები. ისინი მართლაც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, ძალიან საინტერესოდ! მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატია. თამაშებს წყნარად, სახლში ვუყურებ და მათ ანალიზსაც ოჯახის წევრებთან ერთად ვაკეთებ...

თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ტენდენციების მოწმენი ვართ. პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე ვარსკვლავებიც მრავლად თამაშობენ და ალბათ ამითაც უნდა აიხსნას, რომ უინტერესო, უფერული მატჩები ჯერჯერობით არ გვინახავს. ყველაფერი დაძაბულად, აზარტულად ვითარდება და ეს ძალიან მახარებს.

განსაკუთრებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ცნობილ ფეხბურთელებს თავიანთი უაღრესად მძიმე ეროვნული ჩემპიონატები აქვთ გამოვლილი - ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის ჩემპიონატები ხომ არც ისე დიდი ხნის დამთავრებულია. არადა, ამ ფეხბურთელებს დაღლილობა არ ეტყობათ. ბევრს ეგონა, რომ ისინი ჩვეული შემართებით ვერ ითამაშებდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველანი დავრწმუნდით, რომ საქმე გვაქვს ნამდვილ პროფესიონალებთან. მართლა ბოლომდე იხარჯებიან!

18 ივნისი, ორშაბათი
მე ახლა ფეხბურთის ფედერაციაში ვმუშაობ, თან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ვარ. საქართველოს საყმაწვილო სპორტში ნამდვილად შეინიშნება პროგრესი. ეს თვალნათლივ აჩვენა წელს, 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების გამოსვლამ ევროპის ჩემპიონატში, სადაც ნახევარფინალს მივაღწიეთ. მეტსაც მივაღწევდით მსაჯის აშკარა მიკერძოება რომ არა - ვასილ მაისურაძის გუნდს ხომ მეათე წუთზე ფეხბურთელი გაუგდეს და ჰოლანდიელებთან ათი კაცით მოგვიხდა თამაში.

მოკლედ, უკვე იგრძნობა პროგრესი, ძალიან საინტერესო ფეხბურთელები მოდიან 17-წლიანთა ნაკრებიდან. ახლახან ხორვატიაში ვახლდი 19-წლიანთა ნაკრებს, იქაც ძალიან საინტერესო ფეხბურთელები გვყავს. ბოლო ორ თამაშში, ძირითადად, „ოთხმოცდათორმეტიანები“ ვათამაშე და ორივე თამაში მოვიგეთ; თანაც, ორივე - გასვლაზე: ბელორუსიაში და ესტონეთში. ასე რომ, ძალიან საინტერესო, იმედისმომცემი ფეხბურთელები მოდიან. ახლა საჭიროა კარგი შედეგების მოპოვება - როცა შედეგები იქნება, ინტერესიც მოვა...

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ჩვენში მწვრთნელთა დეფიციტი შეინიშნებოდა, მაგრამ ბოლო ხანს გამოჩნდნენ ახალგაზრდა მწვრთნელები - ძალიან ბევრს მუშაობენ თავიანთ თავზე და იმედი მაქვს, რომ მალე კარგს შედეგებსაც მიაღწევენ.

ყოველი ჩვენგანის მთავარი სატკივარი და საზრუნავი მაინც ეროვნული ნაკრებია და მგონი, სულ მალე ჩვენი მთავარი გუნდიც მიიღებს ღირსეულ შევსებას. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ წარმატებები მოვა...

19 ივნისი, სამშაბათი
ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს... ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. ახალგაზრდა ფეხბურთელები ახლა იწყებენ დიდ სარბიელზე გამოსვლას და გამოცდილება აკლიათ - ნაკრების დონე სულ სხვა არის!

მახსენდება ჩვენი დრო, როცა ჩემი თაობის „დინამოს“ ძალიან ძლიერი ფეხბურთელებიც კი ვერ ხვდებოდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრებში. არადა, გულშემატკივრებმა კარგად იციან, როგორი ფეხბურთელები იყვნენ...

საერთოდ, ნაკრები სულ სხვა რამეა - ჩამოყალიბებული ფეხბურთელი, ნამდვილი ოსტატი უნდა იყო, ნაკრების დონეზე წარმატებას რომ მიაღწიო; იქ სულ სხვა თვისებებია საჭირო. ჩემი დროის ნაკრებში - როცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიყავი - ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავდა: ქინქლაძე, არველაძეები, ჯამარაული, ნემსაძე, ცხადაძე, შელია, ქეცბაია... ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, იმ ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება რომ ჰქონოდათ, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევდნენ. ისინი ხომ საქართველოს პირველობაზე თამაშობდნენ - ძირითადად თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები იყვნენ და მხოლოდ ორი კაცი თამაშობდა საზღვარგარეთ - ცხადაძე და ქეცბაია. დანარჩენებისთვის რთული იყო საქართველოს პირველობის შემდეგ პირდაპირ უცხოელი ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაში. გამოდიხარ მინდორზე სრულიად გამოუცდელი და უცბად ეთამაშები კლინსმანს, სტოიჩკოვს, ბეკჰემს, დელ პიეროს... მოკლედ, სულ სხვა იქნებოდა, ჩვენს ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება რომ ჰქონოდათ...

მაშინ, პირველივე გამოსვლაზე, ჩვენ შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და დავკარგეთ ქულები, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა. მოლდავეთის ნაკრებთან რომ მოგვეგო ის თამაშები, აუცილებლად გავასწრებდით ბულგარეთის ნაკრებს და გავიდოდით ევროპის პირველობის ფინალურ ტურნირში. გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს...

იმედი მაქვს, რომ მომავალი უკეთესი იქნება. ჩემ დროს, მაგალითად, არავითარი დახმარება არ ვიღებდით სახელმწიფოსგან. ახლა შედარება არ არის - სახელმწიფო ძალიან დიდ დახმარებას უწევს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ეს მისასალმებელია და ის პროგრამებიც, რომლებსაც სახელმწიფო და ფედერაცია ერთობლივად ახორციელებენ, ძალიან ბევრს ნიშნავს - მინდვრების გაკეთება, სტადიონების, ბაზების აშენება... რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, მისი წარუმატებლობა ყველა ყოფილი დინამოელისთვის დიდი ტკივილია. რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დამოუკიდებელია, პირველად მოხდა, რომ თბილისის „დინამო“ საპრიზო სამეულსა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ეს ძალიან საწყენია! არ ვიცი, რა ხდება: ბაზა მშვენიერია, ფიფიაც, ანუ პრეზიდენტიც. ის კი არა, თბილისის დინამოს ისეთი ბაზა აქვს, ევროპაში ბევრი რომ ვერ დაიკვეხნის. როგორც ჩანს, პრობლემაა სამწვრთნელო კადრები და ფეხბურთელების არასწორი შერჩევა.

20 ივნისი, ოთხშაბათი
საშინელი ამბავი მოხდა - რამაზ შენგელია გარდაიცვალა! უკვე ღამე იყო, ორის ნახევარი, ეს ამბავი რომ გავიგე. წეროვანში იყო რამაზი. თავის ოჯახის წევრებთან ერთად ისვენებდა. რომ დამირეკეს, შოკში ჩავვარდი, თავზარი დამეცა. არც ვიცი, რა ვთქვა...

რამაზი იყო კაცი, რომელსაც არასოდეს დაუჩივლია, ავად ვარო... მისი სიკვდილი მართლაც თავზარდამცემია... და თან ძალიან დიდი დანაკლისია ყველასთვის, ვინც მას ახლოს იცნობდა.

მე ვიტყოდი, რომ რამაზ შენგელია არა მარტო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობა, ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატი იყო მთელს მსოფლიოში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ამით ახალს არაფერს ვამბობ. ახლა რომ ვუყურებთ ჩემპიონატებს და ყველას გვიხარია - ესპანეთის ჩემპიონატს, გერმანიის ჩემპიონატს, ინგლისის ჩემპიონატს, და პირველ ადგილზე გასული გუნდები, იგივე „რეალი“ თუ „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში ორმოცდაათი ქულით უსწრებენ ბოლოდან მესამე, მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს. საბჭოთა კავშირის პირველობაზე კი, რა ორმოცდაათი ქულა! სატურნირო ცხრილში გუნდები ძალიან მჭიდროდ იყვნენ განლაგებული. ძალიან ძნელი იყო თამაში - საქმე, პრაქტიკულად, აღმოსავლეთ ევროპის პირველობასთან გვქონდა: კიევის „დინამო“ უკრაინის ნაკრები იყო, ერევნის „არარატი“ - სომხეთის, ბაქოს „ნეფთჩი“ - აზერბაიჯანის, თბილისის „დინამო“ - საქართველოსი... აღარაფერს ვამბობ მოსკოვის ოთხ-ხუთ გუნდზე! ძალიან მაღალი დონის ტურნირს ვთამაშობდით. ჰოდა, იმ პირველობაში, რომელშიც ამდენი ვარსკვლავი მონაწილეობდა (არ შემეშინდება ამ სიტყვის ხმარება, რადგან მართლა უმაღლესი დონის ფეხბურთლები იყვნენ), რამაზ შენგელია ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი! ეს ძალიან დიდი მიღწევაა! ამ კაცის წასვლა უდიდესი დანაკლისია მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მთელი ქართული ფეხბურთისთვის. 55 წლის ასაკში... არ ვიცი... ვერაფერს ვიტყვი, გაოგნებული ვარ... თავზარდაცემულია მთელი ჩვენი საფეხბურთო სამყარო.

21 ივნისი, ხუთშაბათი
რამაზი და მე ოჯახებითაც ვმეგობრობდით. უამრავი რამ მახსენდება. მაგრამ ახლა ისეთ გუნებაზე ვარ, რომ ამაზე ფიქრი მიჭირს და თითქოს ვერც ვერაფერს ვიხსენებ...

ორი შვილი დარჩა - ბიჭი და გოგო. დარჩა შვილიშვილებიც... რამაზის ხმამაღალი სიტყვა არასოდეს გამიგონია - არც მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ... სულ გისმენდა, გეფერებოდა... ძალიან გულისხმიერი და მომფერებელი კაცი იყო!

სწორუპოვრობა, შემართება, ბრძოლისუნარიანობა, მიზანდასახულობა - აი, თვისებები, რომლებიც რამაზს გამოარჩევდა. განსაკუთრებულად შრომისმოყვარე იყო, თან - საოცარი ნიჭის პატრონიც. მაგას რომ გოლები აქვს შეგდებული!.. ძალიან მაგარი გოლები. ალბათ, ჩვენს ტელევიზიას ექნება ეს კადრები და კიდევ ხშირად გავიხსენებთ რამაზის გატანილ გოლებს.

22 ივნისი, პარასკევი
რამაზზე ფიქრი ერთი წუთითაც არ მშორდება. მახსენდება მისი პირველი ჩამოსვლა ქუთაისიდან. „ტორპედოდან“ თბილისში რომ ჩამოიყვანეს, სამოცდაჩვიდმეტი წელი იყო. ჩამოიყვანეს ორნი: რამაზ შენგელია და თამაზ კოსტავა. მაშინ „დინამოში“ ვოვა გუცაევი, დათო ყიფიანი და რეზო ჩელებაძე თამაშობდნენ, სამივე - საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მაგრამ რამაზმა იმდენი იბრძოლა, იმდენი იბრძოლა, რომ თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი. მერე ნაკრებში მეუბნებოდნენ ხოლმე - გაგვაგებინე ერთი, რა გული აქვს, ამდენს რომ დარბისო?! საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველები მეუბნებოდნენ, მაგის შეჩერება არ იქნებაო!.. ფედოტოვის სახელობის საუკეთესო ბომბარდირის პრიზის მფლობელი იყო, ორგზის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი, 33 საუკეთესოში რამდენჯერმე შესული. ძალიან დიდი ჯილდოები აქვს მოპოვებული.

ვარჯიში რომ დამთავრდებოდა, წასვლას არ ჩქარობდა, მინდორზე რჩებოდა და თავის თავზე მუშაობას განაგრძობდა. შრომით მიაღწია ყველაფერს. თვითონ ძალიან უმადლოდა ბატონ კარლო ხურციძეს, რომელმაც ქუთაისში შეამჩნია რამაზის ნიჭი, განავითარა და შემდეგ თბილისის „დინამოს“ გაუზარდა, მთელს საქართველოს გაუზარდა ასეთი დიდებული ფეხბურთელი.

აი, ასეთი ადგილი უკავია საფეხბურთო თანავარსკვლავედში ჩემს რამაზ შენგელიას. ნათელში იყოს... მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა რამაზისთვის.

23 ივნისი, შაბათი
ჩემპიონატი გრძელდება...

პროგნოზებს იშვიათად ვაკეთებ მაგრამ ვიტყვი მაინც. გერმანიის ნაკრებზე ყველა ლაპარაკობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი არსებობის მანძილზე. იგივე შეიძლება ითქვას პორტუგალიაზეც, რომელსაც თან დიდი ვარსკვლავიც ჰყავს - კრისტიანო რონალდო.

დღევანდელი თამაშია ძალიან საინტერესო: საფრანგეთი - ესპანეთი. ხვალაც არანაკლებ საინტერესო თამაშია ინგლისსა და იტალიას შორის. მიჭირს პროგნოზის გაკეთება. თუმცა, ფავორიტად მაინც გერმანია მიმაჩნია...

ხვალ მძიმე დღე გვაქვს - რამაზს ვაცილებთ... მასზე ყველას იმდენი დაგვრჩა გასახსენებელი, რომ შეიძლება ერთი წიგნი დაიწეროს. ალბათ, მომავალში რაღაცას გავაკეთებთ კიდეც. ახლა სპორტის სასახლეში ვიყავი და ძველი კადრები ვნახე. იმდენი გოლი აქვს გატანილი, ათასი მოგონება და გადაცემა არ ეყოფა...

ხვალ ხალხი უკანასკნელ გზაზე გააცილებს რამაზ შენგელიას და ვიცი, სათანადოდ დააფასებს მის დიდ ღვაწლს ქართულ ფეხბურთში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG