Accessibility links

logo-print

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 6 მარტს გამოვიდა ე.წ. პოლიციის სპეციალური გამანაწილებლიდან, სადაც კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის გამო იმყოფებოდა. ნავალნიმ მადლობა გადაუხადა თავის მხარდამჭერებს და განაცხადა, რომ ის და მისი მომხრეები გააგრძელებენ ბრძოლას.

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ არ დართო ნება 3 მარტს ბორის ნემცოვის დაკრძალვას დასწრებოდა. ამიტომ 15-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი, რაც რუსმა ოპოზიციონერმა გააკეთა, ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, ამ ტერაქტის მიუხედავად, ის და მისი მებრძოლები გააგრძელებენ წამოწყებულ ბრძოლას.

„ჩვენი საქმიანობა უცვლელია და არავითარ შემთხვევაში არ შევანელებთ ძალისხმევას, არაფრის წინაშე უკან არ დავიხევთ და ამ თვალსაზრისით მიზანს ვერ მიაღწია მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა. მას არ შევუშინებივარ მე, არ შეუშინებია ჩემი მომხრეები და დარწმუნებული ვარ, რომ ამის არც არავის შეეშინდება“, - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც, მართალია, 15-დღიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ შინაპატიმრობაში რჩება.

სასამართლომ ალექსეი ნავალნის 30 დეკემბერს სამ-ნახევარი წლით პირობითი სასჯელი და შინაპატიმრობაში დარჩენა შეუფარდა. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ, მაგრამ ნავალნი უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ კრემლი მას საპროტესტო აქციების გაძღოლისა და პუტინის მოკავშირეთა კორუფციული გარიგებების გამოძიების გამო დევნის.

შინაპატიმრობის მიუხედავად, ალექსეი ნავალნი, როგორც ზემოთ ითქვა, უკან დახევას არ აპირებს.

რუსი ოპოზიციონერი მხარდამჭერებს 1 მარტს მთავრობის საწინააღმდეგო მსვლელობაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდა. ნიშანდობლივია, რომ ნავალნი ამ მოწოდებით გამოვიდა 27 იანვარს - მას შემდეგ, რაც მოსკოვში სასამართლომ უარყო მოთხოვნა ნავალნისათვის შეფარდებული შინაპატიმრობა გაეუქმებინა.

თავის ვებსაიტზე ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს მოუწოდებდა დასწრებოდნენ „საგაზაფხულო ანტიკრიზისულ მარშს“, რომელსაც ოპოზიციური ჯგუფები ამზადებდნენ, მაგრამ დათქმულ დროში აღნიშნული მარში არ ჩატარდა. ამის ნაცვლად მოსკოვის ცენტრში გაიმართა სამგლოვიარო მსვლელობა, რომელიც 27 თებერვალს მოკლული ცნობილი რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის, ხსოვნას მიეძღვნა.

ნიშანდობლივია, რომ ალექსეი ნავალნის ციხიდან გათავისუფლებას დაემთხვა ჟურნალ „ტაიმის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომლის თანახმად, ცნობილი რუსი ანტიკორუფციონერი ბლოგერი და ოპოზიციონერი იმ 30 გავლენიან ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომელთა მიკრობლოგები ინტერნეტში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG