Accessibility links

logo-print

ალექსანდრე ელისაშვილი: ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმართა შეწყალებისთვის ქრთამს იღებდა


ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, თბილისის საკრებულოს წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ელისაშვილის საჯარო განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, ზოგიერთი პოლიტიკოსი პატიმართა შეწყალებისთვის ქრთამს იღებდა.

დაკითხვის დაწყებამდე ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ საუბარია "ქართული ოცნების" რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რომელიც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ახორციელებდა ზეწოლას კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით. ელისაშვილის მტკიცებით, ამ პოლიტიკოსებს წინასწარ აღებული ჰქონდათ 200 ათასი დოლარი, კონკრეტული პატიმრების შეწყალების შემდეგ კი ნახევარი მილიონი დოლარი უნდა მიეღოთ.

ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, წელიწადნახევრის წინ ინფორმაცია მიაწოდა იმჟამინდელ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს, ესაუბრა მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს, ასევე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, მისი ადმინისტრაციის უფროსს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს. "წელიწადნახევრის წინ ვუთხარი და ვაპირებ დღესაც გავიმეორო მათი სახელები და გვარები, ვინც ფულს იხდიდა, ვის გამოც ფულს იხდიდნენ და ვინც ფულს იღებდა. კიდევ ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ მზად არის, ჩვენება მისცეს" - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, თუ პროკურატურა გამოძიებას ეფექტიანად წარმართავს, მზად არის, კონკრეტული მაღალჩინოსნების ვინაობა საჯაროდაც დაასახელოს.

მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ სრული სიცრუე უწოდა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს დაუსახელა პატიმრების შეწყალებით დაინტერესებული პოლიტიკოსების ვინაობა. გიორგი გოგაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა, საქმე ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში იყო დაზარალებული და კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად პროკურატურისგან დახმარებას ითხოვდა.

გოგაძის ინფორმაციით, ელისაშვილთან ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საქმის ზედამხედველი პროკურორი და სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გიორგი გოგაძის განცხადებით, პროკურატურის ხელმძღვანელებს ალექსანდრე ელისაშვილთან რაიმე სხვა შეხვედრა არ ჰქონიათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG