Accessibility links

გამოკვლევები მეტყველებს, რომ ხანმოკლე ძილის შემდეგ არაჯანსაღი საკვები განსაკუთრებით მიმზიდველია. ძილის დეფიციტის პირობებში აქტიურდება თავის ტვინის ის ცენტრები, რომლებიც პასუხისმგებელია დასაჩუქრების ეფექტისთვის, და ისინი ტიპური კალორიით მდიდარი საკვებით უფრო ძლიერდება. საკმარისი ძილის შემთხვევაში კი ეს არეალები ისევ პასიური ხდება. გარდა ამისა, ძილის დეფიციტი გავლენას ახდენს რეგიონებზე, რომლებსაც კავშირი აქვს განსჯის შედეგად გადაწყვეტილებების მიღებაზე. ის არეალები კი, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ინსტინქტთან არის დაკავშირებული, კვლავაც ნორმალურად ფუნქციონირებს. ეს კი იმას იწვევს, რომ თავის ტვინის უფრო მაღალი ფუნქციები ეფექტიანად ვეღარ უშლის ხელს არაჯანსაღი საკვების მიღებასთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ მოთხოვნილებებს. ამ კავშირებზე მიუთითებს ორი გამოკვლევა, რომლებიც ბოსტონში წარმოადგინეს მეცნიერებმა კონფერენციაზე SLEEP 2012.

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ არასაკმარისი ძილის პირობებში ადამიანი არაჯანსაღ საკვებს ძალიან მიმზიდველად და დასაჩუქრების ეფექტად აღიქვამს,“ ამბობს მარი-პიერ სენტ-ონჟი კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრიდან. შედეგი ისაა, რომ უძინარმა ადამიანმა ასეთი საკვები უფრო დიდი რაოდენობით შეიძლება ჭამოს. სენტ-ონჟმა და მისმა კოლეგებმა 25 ქალისა და მამაკაცის თავის ტვინის მოქმედება შეისწავლეს, როცა ისინი ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვების სურათებს ათვალიერებდნენ. ამავე დროს ერთმანეთს შეადარეს საცდელი პირების მაგნიტური ტომოგრაფიის მონაცემები. ერთ ნაწილს ხუთი დღე-ღამის განმავლობაში ღამეში მაქსიმუმ ოთხი საათი ეძინა, მეორე ნაწილს კი საკმარისად ეძინა - დღე-ღამეში საშუალოდ ცხრა საათი.

აღმოჩნდა, რომ ის რეგიონები, რომლებიც აქტიური იყო არაჯანსაღი საკვების ყურებისას, პასიური იყო ჯანსაღი საკვების შემთხვევაში. და მართლაც, საცდელი პირები ხანმოკლე ძილის შემდეგ უფრო მეტი სიამოვნებით ეტანებოდნენ არაჯანსაღ საკვებს.

ამ სფეროში დამატებით მასალას იძლევა კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელიც კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ძილისა და ნეიროიმიჯინგის ლაბორატორიის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა სტეფანი გრირის ხელმძღვანელობით. მათ 23 ზრდასრულ ჯანსაღ საცდელ პირს ორი ცდა ჩაუტარეს და გამოჰკითხეს, ჩამოთვლილი საკვებიდან რა უფრო მეტად იზიდავდათ. პარალელურად საცდელ პირებს მაგნიტური ტომოგრაფია უტარდებოდათ. ერთი ცდისას საცდელი პირები გამოძინებული იყვნენ, მეორეში კი - არა.

ცდებმა აჩვენა, რომ უძილობა სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინის ფრონტალური ნაწილის მოქმედებაზე. ტვინის ამ რეგიონს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქცევის კონტროლისა და კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მათ შორის, საკვების არჩევისას. იმ რეგიონებში კი, რომლებიც დასაჩუქრების რეაქციასთან არის დაკავშირებული, ძილის დეფიციტს რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია. ამდენად, ძილის დეფიციტს შეუძლია ტვინის მაღალ ფუნქციებს ხელი შეუშალოს ინსტინქტების შეკავებას. „ეს ცდები ნათელყოფს მექანიზმს, თუ როგორ გავლენას ახდენს ძილის დეფიციტი თავის ტვინზე და, თავის მხრივ, როგორ იწვევს ეს არასასურველი საკვების არჩევას.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG