Accessibility links

logo-print

კიბოს დაავადებას უმეტეს შემთხვევაში სასიკვდილო შედეგი აქვს, როცა პირველადი სიმსივნიდან სხვა ორგანოებში გადადის მეტასტაზები. ასეთი მეტასტაზების გაჩენის მიზეზები ჯერ კიდევ 120 წელზე მეტი ხნის წინაა აღწერილი ე.წ. „თესლისა და ნიადაგის“ ჰიპოთეზაში. ჰიპოთეზის თანახმად, თავდაპირველად სიმსივნით მოცული ორგანოს ქსოვილს კიბოს უჯრედები სცილდება. ლიმფისა თუ სისხლის მეშვეობით ისინი აღწევენ სხვა, დაშორებულ ორგანოებს, რომელთაც გარკვეული ტიპის ქსოვილი უნდა ჰქონდეს, რათა კიბოს უჯრედებმა გამრავლება შეძლონ.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელიც ამ ჰიპოთეზით ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ მეტასტაზების წარმოქმნამდე კიბოს სიმსივნე ერთგვარ „მზვერავებს“ აგზავნის. ეს ე.წ. ეგზოსომები კიბოს უჯრედის მემბრანის ნაწილებია, რომლებიც პროტეინებს, ლიპიდებსა და ნუკლეინის მჟავებს შეიცავს.

ეგზოსომების ამოცანაა, იპოვონ კიბოს გამრავლებისთვის შესაფერისი ქსოვილები და ნიადაგი შეამზადონ მოგვიანებით იქ კიბოს უჯრედების მისვლისთვის. გამოკვლევის შესახებ იტყობინება ჟურნალი „Nature”.

როგორც მედიკოსთა ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, ნიუ-იორკის უაილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის თანამშრომელი ექტორ პეინადო წერს, გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ეგზოსომების ზედაპირზე ერთგვარი ეტიკეტი და მისამართია დატანებული, რომლის მეშვეობითაც ისინი მკაცრად განსაზღვრული ორგანოებისკენ მიემართებიან და იქ გროვდებიან. შემდეგ კი იქ მეტასტაზები ჩნდება.

მკვლევრები მიზნად ისახავდნენ იმის გარკვევას, თუ რატომ ირჩევენ სხვადასხვა სახის კიბოს სიმსივნეები მეტასტაზებისთვის სხვადასხვა ორგანოებს. საამისოდ მათ ცხრა ტიპის კიბოს სიმსივნის უჯრედების ოცი კულტურა გამოიყენეს. მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომელი მათგანი რომელ ორგანოში ამჯობინებს მეტასტაზების წარმოქმნას: ფილტვებში, ღვიძლში, ტვინსა თუ ძვალში.

მეცნიერებმა შეისწავლეს, რა სხვაობაა ამ სხვადასხვა ტიპის უჯრედების პროტეინების შემადგენლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ე.წ. ინტეგრინები - უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში შემავალი გლიკოპროტეინები, რომლებიც სხვა უჯრედებთან შესაკავშირებელ წერტილებს ქმნიან და, ამდენად, ინფორმაციის გადაცემა შეუძლიათ.

გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ინტეგრინების გარკვეული კომბინაციის მქონე ეგზოსომები ფილტვის ქსოვილს უკავშირდება, სხვა კომბინაციის მქონე ეგზოსომები კი - ღვიძლისას და ა.შ. ეგზოსომის ზედაპირზე ინტეგრინების სახეობის შესწავლით მოხერხდა იმის წინასწარ დადგენა, თუ რომელი ორგანოსკენ ეჭირათ მათ გეზი, რათა იქ „ნიადაგი“ შეემზადებინათ კიბოს მეტასტაზებისთვის.

მკვლევრებმა მიღებული ინფორმაცია შეამოწმეს ცხოველებზე ცდებით. ორგანიზმში ინექციით გარკვეული ეგზოსომების შეყვანით ისინი ცვლიდნენ მეტასტაზების წარმოქმნის ადგილს. ამის შედეგად, მაგალითად, კიბოს უჯრედები, რომლებიც ჩვეულებრივ ძვლის ქსოვილში მრავლდება, მეტასტაზებს ქმნიდა ფილტვებში.

გამოკვლევის მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ ეგზოსომების ინტეგრინების ანალიზით შეიძლება დადგინდეს, რომელ ორგანოშია მოსალოდნელი მეტასტაზების გაჩენა.

შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ დანიშნულების ადგილზე ეგზოსომების მისვლის შემდეგ იქ იწყება ანთებითი პროცესები და სხვა ცვლილებები ქსოვილში, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის შემდგომში კიბოს უჯრედების ზრდისთვის.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თუკი მოხერხდება მედიკამენტებით ინტეგრინების ისე დაბლოკვა, რომ ეგზოსომმა ვეღარ იპოვოს ორგანო, რომელშიც ის იგზავნება, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა კიბოს სიმსივნის სხვა ორგანოებზე გავრცელების შეფერხება მაინც. ეს, თავის მხრივ, გაზრდიდა თერაპიის წარმატების შანსებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG