Accessibility links

logo-print

„ალგორითმი“ სავჩენკოს გასათავისუფლებლად


პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით, რუს კოლეგასთან 18 აპრილის სატელეფონო საუბრისას მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ შეთანხმდნენ ნაბიჯებზე (პოროშენკო მათ „გარკვეულ ალგორითმს“ უწოდებს) ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად. უკრაინელ მფრინავ ქალს, ნადია სავჩენკოს, რუსეთში 22 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი ორი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებით, რომელსაც ის გადაჭრით უარყოფს. რატომ გაჩნდა რუსეთის ციხიდან მისი გათავისუფლების იმედი?

უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, შეუთანხმდა ნაბიჯებზე ნადია სავჩენკოს გასათავისუფლებლად, გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაცუკრაინის სასამართლომგანაჩენი გამოუტანა რუსეთის ორ მოქალაქეს. ეს იყო 14-14 წლით პატიმრობა ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევისათვის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებთან ერთად ბრძოლის ბრალდებით. ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მიმომხილველებმა მაშინვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ კარი გაეხსნა პატიმრების გაცვლას უკრაინასა და რუსეთს შორის. ადრე პეტრო პოროშენკოს მოსკოვისთვის შეთავაზებული ჰქონდა უკრაინის ეროვნული გმირის ნადია სავჩენკოს გაცვლა რუს ტყვეებში.

19 აპრილს პოროშენკომ განაცხადა: „გუშინ ჩემი ინიციატივით გაიმართა საუბარი პუტინთან. პირველი მცდელობების შემდეგ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ შევძელით შეთანხმება გარკვეულ ალგორითმზე, როგორ გავათავისუფლოთ ნადია“.

ნადია სავჩენკო

ნადია სავჩენკო

მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ სავჩენკომ შიმშილობა შეწყვიტა. 34 წლის პატიმარი 6 აპრილიდან უარს ამბობდა წყლის და საკვების მიღებაზე, ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. 18 აპრილს, უკრაინაში ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევის ვერდიქტების გამოცხადების შემდეგ ცოტა ხანში, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს ორი რუსისა და ნადია სავჩენკოს „ბედზე“. ამავე წყაროს ცნობით, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მოსკოვი „მალე“ მისცემს უფლებას დონის როსტოვში უკრაინის გენერალურ კონსულს, ციხეში მოინახულოს ნადია სავჩენკო.

ეს შეთანხმება კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა პეტრო პოროშენკომ: „გუშინ პუტინის ყურადღება მივაპყარი ნადიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. შევთანხმდით, რომ უკრაინის კონსულს მისცემენ ციხეში ნადიას მონახულების უფლებას. ასევე ვიმედოვნებ, რომ ნადიას ნახვის უფლებას მისცემენ ექიმებს, მათ შორის, ექიმებს გერმანიიდან, რადგან გერმანია თავაზიანად დაგვთანხმდა ექიმებით და კლინიკებით დახმარებაზე ნადიას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამოუკიდებლად შესამოწმებლად“.

ამასთან, პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის ლიდერმა მოსკოვს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავჩენკო. კონკრეტული თარიღი, როდის არის მოსალოდნელი რუსეთის ციხიდან უკრაინელი პატიმრის გამოშვება, არ დაუსახელებია არც ადმინისტრაციას და არც თავად პოროშენკოს.

„მთელი ამ საერთო ძალისხმევის შედეგად, ვფიქრობ, ნადია შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში დაბრუნდება შინ. ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ უკვე გამოვთქვი ჩემი მზადყოფნა, პრეზიდენტის თვითმფრინავი გავგზავნო ჩემს წარმომადგენლებთან ერთად, რათა ნადია რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ შინ და დავაბრუნოთ უკრაინაში“, - თქვა პოროშენკომ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში კიდევ, სულ ცოტა, 11 უკრაინელი, მათ შორის, რეჟისორი ოლეგ სენცოვია გასამართლებული მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა. მოსკოვს ადრე ნათქვამი აქვს, რომ პატიმრების გაცვლისას შეიძლება განიხილოს მათი გათავისუფლების საკითხიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG