Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გამოკვლევა: ვეგეტარიანელები უფრო დიდხანს ცოცხლობენ


სიცოცხლის დამატებითი ათი წელი - ესაა ის სარგებელი, რომელსაც ადამიანი ცხოველურ საკვებზე უარის თქმით და მცენარეულზე გადასვლით იღებს.
ამ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის კვებისა და დიეტოლოგიის აკადემიის მკვლევრები, რომლებიც ამ ეტაპზე მასშტაბურ გამოკვლევას აწარმოებენ.
ამასთან, ამ ახალი კვლევით გამყარდა სხვა, წარსულში ჩატარებული გამოკვლევების დასკვნები, რომ საკვებს, რომელსაც ვეგეტარიანელები ყველაზე ხშირად მოიხმარენ, - ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, პარკოსნებს, - შეუძლია შეამციროს სხვადასხვა დაავადების საფრთხე - მათ შორის კიბოსი, გულის დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ჭარბი წონის. ეს საკვები ტვინის ჯანმრთელობასაც ხელს უწყობს.

ახალი გამოკვლევა აშშ-სა და კანადაში 96,000 ადამიანზე დაკვირვებით მიმდინარეობს. "ჰაფინგტონ პოსტის" თანახმად, ეს ყველაზე მასშტაბური გამოკვლევაა, რაც კი აქამდე ჩატარებულა ვეგეტარიანული დიეტის შესახებ. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის წევრები - ქრისტიანული მიმდინარეობის, რომელიც მორწმუნეებს ვეგეტარიანელობისკენ მოუწოდებს და კრძალავს ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებას. სწორედ ამ ეკლესიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ჯონ ჰარვი კელოგი, რომელსაც აშშ-ში ჯანსაღი კვების ერთ-ერთ პიონერად და საუზმეზე უკვე ლამის საყოველთაოდ მოხმარებული ბურღულეულის გამომგონებლად იცნობენ.

ადვენტისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველად 1960-იან და 1970-იან წლებში შეისწავლეს კალიფორნიაში განთავსებული ლომა ლინდას უნივერსიტეტის მკვლევრებმა. მაშინაც დადგინდა, რომ ვეგეტარიანელები ხორცის მომხმარებლებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ახლა მიმდინარე გამოკვლევამ, რომელსაც ადვენტისტთა ჯანმრთელობის ნომერ მეორე გამოკვლევის სახელით იცნობენ, ეს დასკვნები კიდევ უფრო გაამყარა. "ჰაფინგტონ პოსტი" ბეჭდავს აკადემიის პრესმდივნის, გარი ფრეიზერის მიერ გავრცელებულ მონაცემებს - რომ ადვენტისტი ვეგეტარიანელი მამაკაცი საშუალოდ 83.3 წლამდე ცოცხლობს, ვეგეტარიანელი ქალი - 85.7 წლამდე. ეს პირველ შემთხვევაში 9.5, მეორე შემთხვევაში კი 6.1 წლით უსწრებს სხვა კალიფორნიელების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

ამჟამად მიმდინარე გამოკვლევის სხვა შედეგები შემდეგია:

- ვეგანები საშუალოდ 13 კილოგრამით უფრო ნაკლებს იწონიან, ვიდრე ხორცის მომხმარებლები.

- ამასთან, ვეგანების სხეულის მასის ინდექსი, რომელიც ორგანიზმში ცხიმის შემცველობას განსაზღვრავს, ხუთი ერთეულით ნაკლებია, ხორცის მომხმარებლების კოეფიციენტთან შედარებით.

- ჯანმრთელობის ხარისხს ის ინდივიდებიც იუმჯობესებენ, ვინც საბოლოოდ არ გადასულა ვეგეტარიანულ ან ვეგანურ დიეტაზე, მაგრამ თავის რაციონში ცხოველურ საკვებს მაინც ზღუდავს.

ამჟამად მიმდინარე ამ მასშტაბური გამოკვლევის შუალედური შედეგების გამოქვეყნება დაემთხვა 1 ნოემბერს, რომელიც მკაცრი ვეგეტარიანელების, ანუ ვეგანების, საერთაშორისო დღედ ითვლება. ვეგეტარიანელები მხოლოდ ხორცზე ამბობენ უარს, თუმცა განაგრძობენ სხვა ტიპის ცხოველური საკვების - კვერცხის, რძის პროდუქტების, თაფლის - მიღებას, მკაცრი ვეგანი კი არც ერთი ტიპის ცხოველურ საკვებს არ მოიხმარს.

ცხადია, ვეგეტარიანელებს და ვეგანებს მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ ამოძრავებთ. ბევრი ინდივიდი ცხოველურ საკვებზე უარს, უწინარესად, ეთიკური მოსაზრებებით ამბობს - მისთვის მიუღებელია ცხოველების მკვლელობით ან მათი ექსპლუატაციით და ტანჯვით მიღებული პროდუქტების მოხმარება. ეს განსაკუთრებით ინდუსტრიულად მოპოვებულ პროდუქციას ეხება - ქარხნებს, რომლებშიც ცხოველები გაუსაძლის პირობებში ატარებენ ცხოვრებას, ვიწრო სივრცეში, სიბინძურეში არიან გამოკეტილნი, მათ კვებავენ ჰორმონებით თუ ანტიბიოტიკებით გაჯერებული საკვებით, სანამ სიცოცხლეს საერთო სასაკლაოზე დაამთავრებენ. სხვები ზოგადად გარემოს დაცვაზე ზრუნავენ - საკვებად მოხმარების მიზნით წარმოებული, მასობრივი მეცხოველეობა საჭიროებს მიწის, საკვების, ენერგიის და წყლის უზარმაზარ რაოდენობას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს დაბინძურებას. კიდევ სხვებს ეკონომიკური ფაქტორები ამოძრავებს - როგორც წესი, მცენარეული საკვები ცხოველურზე ბევრად უფრო იაფია.

ასეა თუ ისე, ის უზარმაზარი სიკეთე, რაც ვეგეტარიანული და ვეგანური კვების სისტემას ჯანმრთელობისთვის მოაქვს, ახალი კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა. თუმცა დიეტოლოგები მკაცრ ვეგანებს შესაძლო საფრთხეებზეც აფრთხილებენ. მათ, ვინც რაციონიდან საერთოდ ყველანაირ ცხოველურ საკვებს გამორიცხავს, თავიანთი რაციონის დაბალანსებაზე და მცენარეული საკვების მრავალფეროვნებაზე განსაკუთრებით უნდა იზრუნონ. აუცილებელია მცენარეული ცილების სისტემატური მიღება - პარკოსნების, სოიოსგან დამზადებული პროდუქტების გზით. განსაკუთრებული პრობლემაა ვიტამინი B12 - ის ბუნებრივად მხოლოდ ცხოველურ საკვებში მოიპოვება და ამიტომ ვეგანებს ხშირად მისი პრეპარატის ფორმით მიღება უწევთ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG