Accessibility links

მეცნიერებმა „ლაბორატორიაში გამოყვანილი“ თირკმელი შექმნეს


ამერიკელი მეცნიერების ცნობით, ლაბორატორიაში „გამოყვანილი“ თირკმელი ცხოველებს გადაუნერგეს და ორგანომ შარდის გამოყოფა დაიწყო. ამ ცნობას BBC ავრცელებს.

ანალოგიური ტექნიკით სხეულის სხვა, შედარებით მარტივი ნაწილების გამოყვანისა და შემდეგ პაციენტებში მათი გამოყენების პრაქტიკა უკვე არსებობს, მაგრამ თირკმელი ყველაზე რთული ორგანოა, რაც კი ჯერჯერობით ასე შეუქმნიათ.

კვლევა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ინჟინერიით გამოყვანილი თირკმელი ბუნებრივ ორგანოზე ნაკლებად ეფექტიანია, მაგრამ რეგენერაციული მედიცინის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამ სფეროში რევოლუციის მოხდენის პოტენციალი დევს.

თირკმელი გამომყოფ ორგანოს წარმოადგენს - წმენდს სისხლს, წარმოქმნის და გამოყოფს შარდს, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის ზედმეტ წყალს და ნივთიერებებს.

ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ თირკმელზეა. უამრავი ადამიანია ჩაწერილი მომლოდინეთა სიაში.

მკვლევრები მუშაობენ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს თირკმლისგან ძველი უჯრედების ჩამოცლას, რათა მისგან ფიჭის მსგავსი ქსელი დარჩეს. შემდეგ კი მისგან ახალი თირკმელი გამოჰყავთ, პაციენტისგან აღებული უჯრედების გამოყენებით.

BBC-ს ცნობით, ეს მეთოდი ორგანოთა ტრანსპლანტაციის გზას ორი ძირითადი ფაქტორის გამო სჯობს: ქსოვილი პაციენტისა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს აღარ დასჭირდებათ მთელი სიცოცხლის მანძილზე პრეპარატების მიღება იმუნური სისტემის დათრგუნვის მიზნით, რათა გადანერგილი ორგანოს უარყოფა იქნეს თავიდან აცილებული. ამასთან, ამ მეთოდის ამუშავების შემთხვევაში, ტრანსპლანტაციისთვის ბევრად უფრო მეტი ორგანოს შოვნა გახდება შესაძლებელი. ბაზარზე არსებული ორგანოთა დიდი ნაწილი გადანერგვისთვის უვარგისია, ამ მეთოდით კი შესაძლებელი გახდება უარყოფილი ორგანოების ახალი, ლაბორატორიაში გამოყვანილი თირკმლის საფუძვლად გამოყენება, მათთვის ახალი უჯრედების დამატების გზით.

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის 10, 15 პროცენტამდე აღდგენა ჰემოდიალიზზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლების საშუალებას მისცემს...
BBC-ს ცნობით, თირკმლების ხელოვნურად გამოყვანის საქმეში პირველი ნაბიჯები მასაჩუსეტსის კლინიკის მკვლევრებმა გადადგეს.მათ კვლევისთვის ვირთხის თირკმელი გამოიყენეს და მას ძველი უჯრედები საგანგებო სითხით ჩამოაცალეს. უჯრედების ჩამოცილების შემდეგ რჩება ცილების ქსელი, რომელიც სისხლძარღვების და მილაკების ბუნებრივ სისტემასაც ინარჩუნებს. შემდეგ ამ ქსელს ახალი უჯრედები დაუმატეს, რათა თირკმელი ხელახლა შეექმნათ.

ორგანოს 12 დღის განმავლობაში ინახავდნენ საგანგებო ღუმელში, რომელშიც ვირთხის ორგანიზმის მსგავსი გარემო იყო შექმნილი.

როცა ეს თირკმლები ლაბორატორიაში შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ შარდის გამოყოფის ფუნქცია ბუნებრივი თირკმლის 23 პროცენტს გაუტოლდა.
ამის შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა თირკმლის ვირთხის სხეულში გადანერგვა სცადა, მაგრამ როცა ორგანიზმში მოხვდა, ორგანოს ეფექტიანობა 5 პროცენტამდე დაეცა.

თუმცა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელს, დოქტორ ჰერალდ ოტს, BBC-სთვის უთქვამს, ნორმალური ფუნქციის მცირედი ნაწილის აღდგენაც კი საკმარისი იქნებაო:

„ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს თირკმლის ფუნქციის 10, 15 პროცენტამდე აღდგენა ჰემოდიალიზზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლების საშუალებას მისცემს. არაა აუცილებელი სრულად აღდგეს ფუნქციაო“.
მეცნიერის თქმით, ამ სფეროში ძალიან დიდი პოტენციალი დევს:

„მხოლოდ აშშ-ში თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა სიაში 100,000 პაციენტია - არადა, წელიწადში ეს ოპერაცია მხოლოდ დაახლოებით 18,000-ჯერ კეთდება. ამ მეთოდის წარმატებას უდიდესი კლინიკური გარდატეხის მოხდენის პოტენციალი აქვს“.

თუმცა სანამ ამ მეთოდის ადამიანებში გამოყენებაზე ფიქრსაც კი დაიწყებენ, კიდევ ძალიან ბევრი კვლევა უნდა ჩატარდეს.

ტექნიკა უნდა დაიხვეწოს, რათა თირკმლის ფუნქცია უფრო მეტად აღდგეს. ამასთან, მკვლევრებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ამ გზით გამოყვანილი თირკმელი დიდი ხნის განმავლობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.
პრობლემას ადამიანის თირკმლის ზომაც შექმნის. სწორი უჯრედების გადანერგვა ზომით დიდ ორგანოზე უფრო რთული იქნება, ვიდრე ვირთხებზე ჩატარებული ცდების დროს.
XS
SM
MD
LG