Accessibility links

logo-print
მსოფლიოში შიდსის ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. ყოველწლიურად ვირუსით თითქმის ორი მილიონი ადამიანი იღუპება, მაგრამ იტალიელმა მეცნიერებმა მიაგნეს გზას, რომლის მეშვეობითაც აივ ინფექციას, სინამდვილეში, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მკვლევრებმა გამოიყენეს შიდსის ვირუსიდან წარმოქმნილი თერაპიული გენეტიკური მასალის გადამტანები, ანუ ვექტორები – ვირუსები, რომლებსაც გენების გადატანის უნარი აქვთ. აივ ინფექციის ვექტორების გამოყენებით მეცნიერებს შეუძლიათ განკურნონ ორი სერიოზული გენეტიკური დაავადება – მეტაქრომატული ლეიკოდისტროფია და ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი. ორივე ეს დაავადება თანდაყოლილია და, როგორც წესი, ადრეულ ასაკში ვლინდება.
მეტაქრომატული ლეიკოდისტროფია გამოიხატება ტრომბოციტების წარმოშობის დარღვევასა და სისხლში იმუნოგლობულინების შემადგენლობის დაქვეითებაში, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს მიდრეკილება აქვს სისხლდენის, პნევმონიის წარმოშობისა და მრავალი ჩირქოვანი პროცესებისადმი. ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომს კი ახასიათებს სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან, განმეორებითი ინფექციური დაავადებები და ქრონიკული ეგზემა - ძირითადად სახისა და კიდურების არეში. ბავშვები, რომლებიც ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომით არიან დაავადებულები, ხშირად ჩამორჩებიან ფიზიკურ განვითარებაში და მათ დისტროფია ახასიათებთ.

იტალიელმა მეცნიერებმა 15 წლის განმავლობაში იმუშავეს მკურნალობის ისეთი მეთოდის შემუშავებაზე, რომელიც გულისხმობს დეფექტური გენის შეცვლას ჯანმრთელის ასლით, ეს უკანასკნელი კი შიდსის ვირუსული ვექტორიდან მიიღება. შიდსი უჯრედებს აინფეცირებს და მის დნმ-ს ცვლის. მეცნიერები მიხვდნენ, რომ თუ შიდსის ვირუსის მსგავსად იმოქმედებდნენ და დაავადებულ უჯრედს იმ გენეტიკური მასალით „დააინფიცირებდნენ“, რომელიც უჯრედს აკლდა, მაშინ შესაძლებელი გახდებოდა გენეტიკური დაავადების მკურნალობა. პაციენტების ძვლის ტვინიდან დეფექტური ღეროვანი უჯრედები მოაგროვეს და დამუშავებული, უსაფრთხო შიდსის ვირუსული ვექტორის მეშვეობით დეფექტური უჯრედისგან შექმნეს მისი შესწორებული ასლი. შემდეგ ეს ასლი ისევ პაციენტების ძვლის ტვინში ჩანერგეს. მილანელ მეცნიერთა ჯგუფმა, ექიმ ლუიჯი ნალდინის მეთაურობით, ამ მეთოდის მეშვეობით წარმატებით განკურნა ექვსი ბავშვი. მსგავსი ოპერაცია სულ 16 პაციენტს ჩაუტარდა - აქედან ექვსი იყო მეტაქრომატული ლეიკოდისტროფიის, ხოლო ათი - ვისკოტ-ოლდრიჩის შემთხვევა.

იტალიელ მეცნიერთა ჯგუფის ლიდერის, ნალდინის თქმით, ჯერ ძალიან ადრეა შიდსის ვირუსული ვექტორის გამოყენება სრული განკურნების გარანტად მივიჩნიოთ, თუმცა პირველადი ნიშნები იმედისმომცემია.

„ბევრი თვალსაზრისით, ეს ორი დაავადება პარადიგმულია თავიანთ შესაბამის დაავადებათა ოჯახისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს [მეთოდი] სხვა შემთხვევებშიც შეიძლება იყოს გამოყენებული. და ჩვენ უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი“, – ამბობს ნალდინი.

ვირუსული ვექტორის გამოყენებისას შიდსით ინფიცირება საშიში არ არის. შიდსის ვირუსული ვექტორი დამუშავებულია და პროცენტულად მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოიყენება. ნალდინი ყველაზე ძნელად მისაღწევად ჯერჯერობით ვექტორის გენომში ინტეგრაციას მიიჩნევს.

მოამზადა ანა ლომთაძემ

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG