Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამბაქოს წევის მავნებლობა


თამბაქოს წევის მავნებლობაზე ბევრი იწერება. სიგარეტის მწარმოებლებს ავალდებულებენ, კოლოფებზე მწევლები შემაძრწუნებელი სურათებით დააფიქრონ და ხელი ააღებინონ მავნე ჩვევაზე, მაგრამ თვით ორსული ქალებიც კი ვერ ერევიან ნიკოტინზე დამოკიდებულებას. ნიდერლანდის - კერძოდ, როტერდამის - ერაზმუსის სამედიცინო ცენტრის მკვლევრების თანახმად, ორსულობის დროს თამბაქოს მოწევას შეუძლია შეაყოვნოს ნაყოფის ტვინის განვითარება და სამუდამო ზიანი მიაყენოს მას. ნიდერლანდელი მეცნიერების თანახმად, მწეველ ქალთა შვილების ტვინი უფრო მცირე მოცულობისაა და მეტად აქვს მანიისა და დეპრესიისკენ მიდრეკილება. მიზეზი, თუ კონკრეტულად რა იწვევს ტვინში ასეთ რეაქციას, თამბაქოსა და ნიკოტინის რაგვარი ზემოქმედება, ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ, ამ გამოკვლევის თანახმად, აშკარაა ბავშვის ტვინის სტრუქტურასა და მოქმედებაზე თამბაქოს წევის უარყოფითი გავლენა. ამიტომ მკვლევრები ამერიკული ჟურნალ „Neuropsychopharmacology“-ის გზით მწეველ ქალებს, ორსულებს, აფრთხილებენ, რომ საკუთარი შვილის ჯანმრთელობის გულისთვის ორსულობის პერიოდში არ მოსწიონ ან შეამცირონ მაინც თამბაქოს წევა. ერაზმუსის ცენტრის თანამშრომელი ჰანან ელ მარუნი მწეველ დედებს ამშვიდებს, რომ თუ ორსულობის დასაწყისშივე შეწყვეტენ თამბაქოს მოწევას, შვილს და, ცხადია, საკუთარ თავსაც ამით უკვე დიდ სამსახურს გაუწევენ. ნიდერლანდელმა მკვლევრებმა შეისწავლეს 226 ბავშვის მონაცემები, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგები. ამ ბავშვების ნახევარი არამწეველმა ქალებმა გააჩინეს და მათ საკონტროლო ჯგუფად იყენებდნენ. 113 მწეველი ქალიდან 17-მა დაორსულების შემდეგ თავი დაანება თამბაქოს წევას, დანარჩენები კი ეწეოდნენ მეტ-ნაკლებად ბევრს, ერთიდან ცხრა სიგარეტამდე. ექვსიდან რვა წლამდე ბავშვებს მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება ჩაუტარდა, გაკეთდა მთელი ტვინისა და ცალკეული მონაკვეთების ანალიზი. მწეველი დედების ბავშვების ტვინი უფრო მცირე მოცულობისა აღმოჩნდა, ვიდრე არამწევლების. განსაკუთრებით აშკარა იყო ნათხემის იმ არეალების ნაკლებად განვითარება, რომლებიც განწყობილების შექმნაში იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, ამ ბავშვებს მიდრეკილება უჩნდებათ მანიურ-დეპრესიული დაავადებებისკენ. არ იყო განსხვავება იმ ბავშვების მონაცემებს შორის, რომელთა დედებმაც დაორსულებისთანავე დაანებეს თავი სიგარეტის მოწევას და რომელთა დედებიც არასოდეს ეწეოდნენ თამბაქოს. ასეთი დაკვირვების გამოყენებით კვლევის შედეგები აძნელებს მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას, ამბობს ჰანან ელ მარუნი. მისი თქმით, შეიძლება თამბაქოს შემადგენელი სხვა ნივთიერება ან ნიკოტინი ზემოქმედებდეს უარყოფითად ნაყოფის ტვინზე. ისიც დასაშვებია, რომ ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს და ტვინის სისხლით მომარაგება იზღუდება, რასაც მოჰყება ეს არასაკმარისი განვითარება, ზრდა. მკვლევართა თანახმად, არ არის გამორიცხული, რომ მწეველი დედების არასაკმარისმა კვებამაც გამოიწვიოს ბავშვის ტვინის ნეგატიური განვითარება. როტერდამელ მკვლევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ როგორიც უნდა იყოს მიზეზშედეგობრივი კავშირი ორსულის წევასა და ნაყოფის ტვინის განვითარებას შორის, თამბაქოს მავნე ზეგავლენა აქვს ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვზე.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG