Accessibility links

logo-print

ადამიანებში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ხშირია, თუმცა ასევე ხშირია სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან. მითები, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ამა თუ იმ ფორმით „პიროვნული სისუსტის“ ბრალია, კვლავ გვხვდება.

მაინც რა განსაზღვრავს ფსიქიკურ ჯანმრთელობას?

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ვებსაიტის სამეცნიერო განყოფილებაში მოტანილი ფორმულირების თანახმად, ადამიანი, რომელსაც ექიმები „ფსიქიკურად ჯანმრთელს“ უწოდებენ, უმკლავდება ცხოვრების თანმდევ სტრესებს, თავის მოსავლელად ყოველდღიურად დგამს რუტინულ ნაბიჯებს, შეუძლია თავისი პოტენციალის რეალიზება და საზოგადოების ცხოვრებაში თავისი წვლილის შეტანა. მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობა ან, ზოგადად, „კარგად“ ყოფნის განცდა ცვალებადია და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადოს.

სტრესის ან გლოვის ემოციებით სავსე პერიოდების გავლა ყველა ადამიანს უწევს, მაგრამ ფსიქიკური პრობლემის სიმპტომებთან საქმე მაშინ გვაქვს, როცა ეს პერიოდები ჩვეულებრივზე ბევრად მეტხანს გრძელდება და ხშირად ცხოვრებისეულ მოვლენებთან არც არის კავშირში. ხოლო როცა ეს სიმპტომები ისე მძიმდება, რომ ადამიანს ყოველდღიური ფუნქციონირება უჭირს, მაშინ, შესაძლოა, საქმე უკვე ფსიქოლოგიურ ან ფსიქიკურ დაავადებასთან გვქონდეს.

მაგალითად, კლინიკური დეპრესიის მქონე პირი განიცდის მუდმივ და ინტენსიურ სევდას, რაც მას ყოველდღიური ცხოვრებისგან იზოლაციისკენ უბიძგებს და მოტივაციას უკარგავს. როგორც წესი, ეს სიმპტომები რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში ჩნდება, თუმცა არის ბევრად უფრო სწრაფად განვითარების შემთხვევებიც.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს სპეციალისტები ორ ფართო ჯგუფში ათავსებენ - მათ ნევროზულ და ფსიქოზურ კატეგორიებად ყოფენ.

ნევროზული პრობლემები ფსიქიატრიაში ე.წ. „მოსაზღვრე მდგომარეობად“ ითვლება. ამ ტიპის აშლილობა, როგორც წესი, წარმოადგენს „ნორმალური“ ემოციური გამოცდილების გამძაფრებულ, უკიდურეს ფორმას - იქნება ეს დეპრესია, ნევროზები თუ სხვა. ამ ტიპის გართულება შედარებით ხშირია. ფსიქოზური სიმპტომები ბევრად უფრო სერიოზულია და უფრო იშვიათადაც გვხვდება. ეს სიმპტომები ხელს უშლის რეალობის აღქმას, იწვევს აღქმის ცდომილებას - ილუზიებს და ჰალუცინაციებს. ეს მდგომარეობა მოიცავს შიზოფრენიას და ბიპოლარულ აშლილობებს.

ფსიქიკური დაავადებები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს - როგორც ერთჯერადი შეტევის შემთხვევებით, ისე ქრონიკული ხასიათით. მათი გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა, მეცნიერების აზრით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და გარემომცველი ფაქტორების კომბინაცია.

ზოგიერთი დაავადება - მათ შორის, ბიპოლარული აშლილობები - შეიძლება ოჯახში სხვადასხვა თაობაში გვხვდებოდეს, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ის გენეტიკურად გადაიცემა. მეცნიერები თვლიან, რომ ბევრი ფსიქიკური დაავადება უკავშირდება რამდენიმე გენის ანომალიას, რაც ადამიანებს პრობლემების მიმართ მიდრეკილს ხდის, თუმცა საკუთრივ ეს გენები დაავადებას არ იწვევს. ამდენად, ადამიანმა შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოს ამა თუ იმ დაავადების მიმართ მიდრეკილება, მაგრამ ეს დაავადება არ განუვითარდეს.

ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ბიძგი მისცეს ამა თუ იმ დაავადებას, მოიცავს ემოციურ ტკივილს, იგნორირებას, მშობლის სიკვდილს ან ძალადობის გამოცდილებას.

დიაგნოზი და ბიოლოგიური დაავადების აღსაწერად გამოყენებული ტერმინოლოგია გადაფარავს ისეთი ფაქტორების როლს, როგორიცაა ძალადობის გამოცდილება, სიღარიბე ან სოციალური მარტოობა. შედეგი კი სტიგმის კიდევ უფრო მეტად გამყარება, დისკრიმინაცია და მარგინალიზაციაა...

მიდრეკილების მქონე ადამიანში დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, როგორიცაა ავადმყოფობა, განშორება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი, სამსახურის დაკარგვა, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება, ან დისფუნქციური ოჯახური ცხოვრება.

ფსიქიკური დაავადების დიაგნოსტირება სპეციფიკური და ხანგრძლივი პროცესია. გამოცდილი ფსიქიატრი ან კლინიკური ფსიქოლოგი შეისწავლის პაციენტის სიმპტომებს და მას გარკვეული დროის განმავლობაში აკვირდება.
ბევრ ფსიქიკურ დაავადებას ერთმანეთის მსგავსი სიმპტომები გამოარჩევს - შესაბამისად, კონკრეტული მდგომარეობის დადგენა შეიძლება რთული იყოს.

დიაგნოზის დასმისთვის ბევრ ქვეყანაში მიმართავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის სისტემას. ეს სია ფსიქიკურ პრობლემებს და მათ სიმპტომებს სხვადასხვა კატეგორიაში ათავსებს. სიის განახლება ყოველ 15 წელიწადში ერთხელ ხდება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამჟამად მოქმედი სისტემა ფსიქიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად ზედმეტად ეყრდნობა სამედიცინო მიდგომებს. მათ შორისაა პიტერ კინდერმანი, კლინიკური ფსიქიატრიის პროფესორი ლივერპულის უნივერსიტეტში. როგორც ის მიმდინარე წლის დასაწყისში BBC-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, ფსიქიატრიული დაავადებების აღწერისთვის გამოყენებული ტერმინოლოგია ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ემოციურ პრობლემებს ტვინის ან ბიოლოგიის ანომალია იწვევს - ე.წ. „ქიმიური დისბალანსი“. ეს მიდგომა კი, თავის მხრივ, უგულებელყოფს ემოციური სტრესის გამომწვევ სოციალურ თუ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და იწვევს ანტიდეპრესანტების და ანტიფსიქოზური მედიკამენტების ხშირ და, რიგ შემთხვევაში, არამიზნობრივ გამოყენებას. „დიაგნოზი და ბიოლოგიური დაავადების აღსაწერად გამოყენებული ტერმინოლოგია გადაფარავს ისეთი ფაქტორების როლს, როგორიცაა ძალადობის გამოცდილება, სიღარიბე ან სოციალური მარტოობა. შედეგი კი სტიგმის კიდევ უფრო მეტად გამყარება, დისკრიმინაცია და მარგინალიზაციაა“, - წერს ის.

კინდერმანი და მისი თანამოაზრეები უფრო კომპლექსური პერსპექტივის დანერგვის მოწოდებით გამოდიან და ფიქრობენ, რომ, სტანდარტული სამედიცინო მიდგომის პარალელურად, დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს პრობლემების გამომწვევ მიზეზებს და შესაბამის თერაპიას.

XS
SM
MD
LG