Accessibility links

ფსიქოლოგია: რატომ გვწამს პარანორმალური მოვლენების


რატომ ხდება, რომ უამრავ ადამიანს 21-ე საუკუნეშიც სწამს პარანორმალური მოვლენების? როგორც ბიბისის მიმომხილველი დევიდ რობსონი წერს, არსებობს მყარი მიზეზები, რატომაც ვატარებთ ადამიანები ცრურწმენებს. „ალგორითმის“ დღევანდელ გამოშვებაში მისი წერილის შინაარსს გაგაცნობთ.

გადმოცემის თანახმად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე, უინსტონ ჩერჩილი თეთრ სახლს სტუმრობდა, როცა უცნაური რამ უხილავს. ვისკისა და სიგარის თანხლებით აბაზანის მიღების შემდეგ, ის გვერდით ოთახში გასულა, როგორც ამბობენ, სრულიად შიშველი, და უეცრად აბრაამ ლინკოლნის მოჩვენება გამოსცხადებია. ჩერჩილი არ შეშინებულა - პირიქით, მოჩვენებას მისალმებია, საღამო მშვიდობისა, ბატონო პრეზიდენტო, ცოტა არ იყოს უხერხულ დროს წამასწარითო. ლინკოლნის მოჩვენებას გაუღიმია და გამქრალა.

ჩერჩილი გამონაკლისი არ არის. ისტორია არაერთ ზედმიწევნით რაციონალურ, გონიერ და გამჭრიახ ადამიანს იცნობს, რომლებსაც პარანორმალური მოვლენების გამოცდილებაც ჰქონდათ. მწერალი არტურ კონან დოილი, მაგალითად, მოჩვენებებს მედიუმების მეშვეობით ელაპარაკებოდა, მათემატიკოს და ლოგიკოს ალან ტიურინგს კი ტელეპატიისა სწამდა. და, როგორც ჩანს, ამაში არაფერია უცნაური. ახალი გამოკვლევების თანახმად, პარანორმალური მოვლენებისა, ამა თუ იმ ფორმით, ამერიკელთა სამ მეოთხედს სწამს. დაახლოებით ხუთიდან ერთი ადამიანი კი აცხადებს, რომ მოჩვენება საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი.

პარანორმალური მოვლენების რწმენის ამგვარი სიხშირის ფონზე, ფსიქოლოგები ცდილობენ გაარკვიონ, მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ ადამიანები ვერ ვთავისუფლდებით ძველი ცრურწმენებისა და ლეგენდებისაგან. და მათი გამოკვლევების ზოგიერთი დასკვნა აჩენს ვარაუდს, რომ პარანორმალური მოვლენების რწმენას გარკვეული დადებითი განზომილებაც აქვს.

პარანორმალური მოვლენების ზოგიერთი გამოცდილების ახსნა იოლია - მიზეზად ტვინში მიმდინარე არასწორ აქტივობას ასახელებენ ხოლმე. პოლტერგეისტისა და ნივთების უჩინრად გადაადგილების შესახებ ცნობები ხშირად კორელაციაშია ტვინის მარჯვენა ჰემისფეროს იმ ზოგიერთი რეგიონის დაზიანებასთან, რომლებიც ვიზუალურ აღქმას განაპირობებს. ეპილეფსიის ზოგიერთ ფორმას შეუძლია ადამიანს შეუქმნას შემაშინებელი განცდა, რომ მის გვერდით ვიღაც არის - უჩინარი, უსახო ადამიანი, რომელიც ახლომახლო იმალება.

სხეულსგარეთა გამოცდილება დღეს დიდწილად ნევროლოგიურ ფენომენადაა მიჩნეული, გარკვეულ ვიზუალურ ილუზიას კი ჯანმრთელი ტვინის დაბნევა და მითიურ არსებათა გამოსახულების შექმნა შეუძლია. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა იტალიელმა ფსიქოლოგმა ერთ დილით სარკეში ჩაიხედა და თავისი გამოსახულების ნაცვლად დაინახა მოხუცი კაცი, რომელიც მას მიშტერებოდა. მოგვიანებით ფსიქოლოგმა ექსპერიმენტებით სცადა ამ ილუზიის ახსნა და აჩვენა, რომ ასეთი ილუზია ძალიან ხშირია, როცა ადამიანი საკუთარ გამოსახულებას ნახევრად სიბნელეში უყურებს. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ტვინი ცდილობს სახის კონტურების კონსტრუირებას და იწყებს იმ ინფორმაციის შევსებას, რომელიც სიბნელეში არ ჩანს - სახის ნაკვთები იქნება ეს თუ სხვა.

ამდენად, დაღლილობის, ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სინათლით მანიპულაციის ნებისმიერ კომბინაციას შეუძლია გამოიწვიოს ერთჯერადი, იზოლირებული ხილვა - ისეთი, როგორიც, გადმოცემის თანახმად, ჩერჩილს ეწვია. მაგრამ რა ითქმის იმ ხალხზე, ვინც აცხადებს, რომ პარანორმალურ მოვლენებს რუტინულად, ლამის ყოველდღიურად განიცდის?

ფსიქოლოგები, რომლებიც რელიგიას შეისწავლიან, უკვე დიდი ხანია გამოთქვამენ ვარაუდს, რომ პარანორმალური მოვლენების რწმენა შეიძლება იყოს ერთგვარი თავდაცვა სამყაროში შემთხვევითობის გადამწყვეტი როლის აღიარებისგან. როცა ცუდი ამბავი მოულოდნელად ხდება, - იქნება ეს სიკვდილი, ბუნებრივი კატასტროფა თუ სამსახურის დაკარგვა, - ტვინი ცდილობს პასუხი იპოვნოს და ქაოსში საზრისი გამოძებნოს.

„კონტროლის დამყარებას ობიექტურად თუ ვერ ვახერხებთ, ამას ჩვენს გარშემო გარკვეული სტრუქტურების კონსტრუირებით გავაკეთებთ მაშინაც კი, თუკი ისინი რეალურად არ არსებობსო“, ამბობს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ უიტსონი. მისი თქმით, ზოგჯერ ისიც კი საკმარისია, რომ ადამიანებს ვთხოვოთ უბრალოდ გაიხსენონ რომელიმე პერიოდი, როცა ვერაფერს აკონტროლებდნენ და ისინი ილუზორულ ძალებზე იწყებენ ლაპარაკს: მაგალითად, საფონდო ბირჟების სპონტანურ მოძრაობაში გარკვეულ მოდელებს ხედავენ ან ორ დამოუკიდებელ მოვლენას აკავშირებენ ერთმანეთთან - ვთქვათ, რწმენას, რომ ხეზე დაკაკუნებას შეუძლია სამუშაო ადგილისთვის ინტერვიუს დროს წარმატების მოტანა.

სამყაროს გაგების მცდელობის კიდევ ერთი გავრცელებული გზაა ანთროპომორფიზმი, ანუ ბუნების მოვლენებისა თუ საგნებისთვის ადამიანის თვისებების მიწერაო, ამბობს ილინოისში მცხოვრები პროფესორი, ადამ ვეიტცი. ამდენად, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ შტორმის უკან გაბრაზებული სულია ან მათი ავადმყოფობა დემონმა გამოიწვია, ნაცვლად იმის გაცნობიერებისა, რომ მიმდინარე პროცესებს ისინი ვერანაირად ვერ აკონტროლებენ. თუკი თქვენს ფანჯარას ხის ტოტი მოუკაკუნებს, შესაძლოა იფიქროთ, რომ მოჩვენება ცდილობს რაღაც გითხრათ. „მოჩვენებების რწმენას ვიგონებთ, რადგან არ მოგვწონს იმის აღიარება, რომ სამყარო შემთხვევითობებს ეფუძნებაო“, ამბობს ვეიტცი.

ფსიქოლოგთა უმეტესობის აზრით, ამგვარი ირაციონალური ფიქრებისგან დაზღვეული არავინაა - მათ შორის, არც ის ინდივიდები, ვინც თავს ზედმიწევნით რაციონალურ მოაზროვნედ თვლის. თუკი ვიგრძნობთ, რომ ჩვენს ცხოვრებასა და გარემოზე კონტროლს ვკარგავთ, ამგვარი აზრები და მოვლენების პარანორმალურით ახსნის სურვილი ყველას შეიძლება გაუჩნდეს და ასეთი ფიქრების მისაღებად მზად უნდა ვიყოთო, ამბობს ჯენიფერ უიტსონი.

XS
SM
MD
LG