Accessibility links

logo-print

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ღამ-ღამობით ელქტრონული ტექსტების საკითხავი მოწყობილობის წინ გატარებული საათები ცუდად მოქმედებს ზოგად ჯამრთელობაზე. ნაბეჭდი წიგნისგან განსხვავებით, მსგავსი მოწყობილობები აქვეითებს სიფხიზლეს და არღვევს ცირკადიულ რიტმს, რომელიც თანხვედრაში აქცევს ძილს და დღის განმავლობაში დროის ცვალებადობას.

ან-მარი ჩანგი, კვლევის ავტორი და ნეირომეცნიერი ჰარვარდის უნივერსიტეტში არსებულ ბირგამისა და ქალთა საავადმყოფოში, ხსნის, რა ზიანი მოაქვს ე.წ რიდერის გამოყენებას:

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხეულის ბუნებრივ ცირკადიული რიტმებს არღვევდა ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოცემული მოკლე ტალღით გამდიდრებული შუქი, რომელიც სხვაგვარად ცნობილია, როგორც ცისფერი შუქი... [კვლევის] მონაწილეებს, რომლებიც ირიდერის საშუალებით კითხულობდნენ, მეტი დრო დასჭირდათ დასაძინებლად, შეუმცირდათ საღამო ხანის ძილიანობა, მელატონინის გამოყოფა, უკან გადაეწიათ ცირკადიული სააათი და მეტად დაუქვეითდათ მომდევნო დილის სიფხიზლე, ვიდრე ნაბეჭდი წიგნის კითხვისას.“

წარსულში ჩატარებულ არაერთ კვლევას უჩვენებია ცისფერი შუქის გავლენა მელატონინის გამოყოფასა და ცირკადიულ რიტმზე, თუმცა ცოტა რამ იყო ცნობილი ძილზე შუქის გავლენის შესახებ. ძილის წინ ამ შუქის გამომცემ მოწყობილობებთან ურთიერთობა სახიფათოა, რადგან ცისფერ შუქს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს სხეულის ბუნებრივი დაძინება-გაღვიძების ციკლი და ძილის უკმარისობის განმტკიცებას შეუწყოს ხელი.

კვლევის ფარგლებში, 12-მა მონაწილემ ორი კვირის განმავლობაში, კვირაში ხუთი დღე ძილის წინ ოთხი სააათი იკითხა ელექტრონული წიგნი iPad-ზე. შემდეგ მონაწილეებმა იგივე გაიმეორეს ნაბეჭდი წიგნის გამოყენებით. თუმცა

12 მონაწილიდან, პირველი ორი კვირა ზოგმა ჯერ iPad-ი გამოიყენა, ზოგმა, კი - ჩვეულებრივი წიგნი. გაირკვა, რომ iPad-ის მომხმარებლები ნაკლებად გრძნობდნენ ძილის სურვილს საღამოობით და მეტ დროს ანდომებდნენ დაძინებას. ერთი საათით უკან გადაიწია „iPad“-ის მკითხველთა ცირკადიულმა რიტმმაც. ამასთან, შემოკლდა მათი სწრაფი ძილის ფაზა და შეუმცირდათ მელატონიონის გამოყოფა. მელატონინი, როგორც წესი, საღამოობით იმატებს და მნიშვნელოვნად მოქმედებს ძილის სტრუქტურასა და ხარისხზე. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ მონაწილეები ძილის წინ დიდად ვერ გრძნობდნენ ძილის სურვილს, რვა საათის ძილის შემთხვევაშიც კი, მომდევნო დილას ნაკლებად ფხიზლები და უფრო დაღლილები იყვნენ. მართალია, ექსპერიმენტის ჩატარებისას, მკვლევარებმა მხოლოდ iPad-ები გამოიყენეს, მაგრამ მათ ასევე შეამოწმეს ცისფერი შუქის გამომცემი სხვა მოწყობილობებიც, მათ შორის კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.

ჩარლზ ჩაისლერი, პროფესორი ძილის მედიცინის ამბობს:

„ბოლო 50 წლის განმავლობაში იკლო საშუალო ძილის ხანგრძლივობამ და ხარისხმა. იმიტომ, რომ [სულ] უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ელექტრონულ მოწყობილობებს კითხვისთვის, კომუნიკაციისა და გართობისთვის - განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები, რომლებსაც უკვე აქვთ ძილის უკმარისობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. აუცილებელია, სასწრაფოდ ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც დაადგენს ამ მოწყობილობების გრძელვადიან გავლენას ჯამრთელობასა და უსაფრთხოებაზე“.

ექსპერტები ჯანდაცვის საკითხებში ხაზს უსვამენ ძილთან დაკავშირებული კვლევების მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლოდროინდელი კვლევები ამტკიცებს კავშირს მელატონინის გამოყოფის ქრონიკულ რღვევასა და მკერდის, კოლორექტუმისა (სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილი) და პროსტატის კიბოს შორის.

XS
SM
MD
LG