Accessibility links

ავტორი: ანა ლომთაძე

მეცნიერთა პროგნოზი გამართლდა - 2014 წელი ყველაზე ცხელიაღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევლის ეროვნული სამმართველოს, „ნასას“ მონაცემებით, დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა მე-20 საუკუნისას 0.69 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა.

2005 და 2010 წლებთან შედარებით კი 2014 წელს ტემპერატურა 0.04 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა.

საგანგაშო ისაა, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურა 1880 წლიდან, უკვე საუკუნეზე მეტია, უწყვეტად იმატებს.

ბოლო 38 წელია, რაც ყოველწლიურად საშუალოზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

ნასაში არსებული გოდარდის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, გევინ შმიტი ამბობს:

„როდესაც რომელიმე წელს მაღალი ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, ეს თავისთავად საგანგაშო არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რიგ წლებთან, რომელთა სითბოს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ეს მიმდინარე და გრძელვადიანი გლობალური დათბობის შედეგია. ჩვენ ველით, რომ სითბოს რეკორდული მაჩვენებელი გაიზრდება. ეს არ მოხდება ყველგან და ყოველწლიურად, მაგრამრეკორდის მაჩვენებელი მაინც სულ უფრო გაიზრდება, რაც კარგს არაფერს მეტყველებს იმ ცივილიზაციისთვის, რომელიც გამუდმებით განაგრძობს სათბურის აირების მატებას ატმოსფეროში.“

სათბურის აირი ატმოსფეროში ბუნებრივადაც ჩნდება, მაგრამ ადამიანის საქმიანობის შედეგად, ძირითადად, წიაღისეული საწვავის წვით წარმოშობილი ნახშირორჟანგის მზარდი რაოდენობა ხელს უშლის ატმოსფეროს ნორმალურ ფუნქციონირებას. ატმოსფერო მეტ სითბოს იკავებს და ვერ ასწრებს გაგრილებას. შედეგად, ვიღებთ ზღვის დონის აწევას და მყინვარების შემცირებას. შესაბამისად,იზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე.

2014 წლის სითბოს რეკორდულმა მაჩვენებელმა ქვეყნებზე სხვადასხხვანაირად იმოქმედა. მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნებში ყოველთვიურად ორჯერ მეტად წვიმდა, ვიდრე წინა წლებში. თურქეთში კი - ოთხჯერ მეტად. მაროკოს ქალაქ გალამიმში მოსახლეობამ ოთხ დღეში იხილა იმდენი წვიმა, რასაც საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში ნახავდა. ჩინეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთში დაფიქსირდა გრძელვადიანი გვალვები.

აი, როგორ აფასებს შედეგებს ბობ ვორდი, კლიმატური ცვლილების მკვლევარი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში:

„გლობალური ტემპერატურის ახალი რეკორდი ნათლად ააშკარავებს მითს, რომ გლობალური დათბობა შეწყდა. მსოფლიოს მასთტაბით მოპოვებული სულ უფრო მეტი მტკიცებულება ცხადყოფს, რომ ატმოსფეროში სათბურის აირების მატებასთან ერთად, დედამიწა თბება და კლიმატი იცვლება. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს ასეთი მეცნიერული მტკიცებულების უგულებელყოფას და იმის თქმას, რომ გლობალური დათბობა უბრალო ტყუილია.“

კლიმატური ცვლილებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ცოცხალი ორგანიზმების გარკვეულ სახოებებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას. ლესტერ ბრაუნი, ექსპერტი გარმოს დაცვის საკითხებში ჯერ კიდევ 1976 წელს საუბრობდა ეკომიგრაციის ფენომენზე. გარეროს მონაცემებით, სტიქიური მოვლენების შედეგად ადგილნაცვალი პირების, ანუ ეკომიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად 200 მილიონამდე აღწევს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოშიც გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე და ეკომიგრანტების რაოდენობა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ 400-ს მიაღწია, ეკონომიკურმა ზარალმა კი დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარს.

მეცნიერების თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირება და გლობალური ტემპერატურის ზრდის კონტროლი, რათა ის 2 გრადუსამდე შენარჩუნდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG