Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში მხარი დაუჭირეს ახალ კანონპროექტს, რომელიც ექიმებს საშუალებას მისცემს სამი ადამიანის მონაწილეობით შექმნან ემბრიონი. ეს პროცედურა ხელოვნური განაყოფიერების, ინ ვიტრო განაყოფიერების, ვარიაციაა, რომელშიც ორი ქალის კვერცხუჯრედი და ერთი კაცის სპერმა გამოიყენება. მისი მიზანია, ჩვილები დაიცვან დედის მხრიდან მემკვიდრეობით გადაცემული გენეტიკური დაავადებებისგან.

უკვე დიდი ხანია, ბრიტანეთი საერთაშორისო ლიდერია რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ტექნოლოგიების კუთხით. მსოფლიოში პირველი ინ ვიტრო განაყოფიერება 1977 წელს სწორედ ინგლისში ჩატარდა.

ინ ვიტრო პროცედურის ახალი ტექნიკა ნიუკასლის უნივერსიტეტში პროფესორ დაგ ტერნბალის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს, მაგრამ კანონპროექტზე კენჭისყრას მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. პარლამენტის წევრთა 25%-მა მას მხარი არ დაუჭირა. კანონის გარშემო დავა დღემდე გრძელდება.

„ვფიქრობ, დღევანდელი კამათის ხარისხი ცხადყოფს, თუ რამდენად ძლიერი სამეცნიერო, ეთიკური და კანონით რეგულირებული პროცედურა გვაქვს ინგლისში ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია და ამით ინგლისს შეუძლია იამაყოს“, აცხადებს პროფესორი ტერნბალი.

ზოგის აზრით, ინ ვიტროს ახალი პროცედურა ბევრი ოჯახისთვის იქნება „შუქი ბნელი გვირაბის ბოლოს“ - კერძოდ, მათთვის, ვისაც აქვს მიტოქონდრიული დაავადება, რომელიც ხშირად ჩვილს მემკვიდრეობით გადაეცემა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. როგორც წესი, ამ გენეტიკური დაავადების შემთხვევაში ბავშვი 5 წლამდეც ვერ აღწევს.

რეიჩელ კინის დედაც და დეიდაც მიტოქონდრიული დაავადების მატარებლები იყვნენ. მათ ბევრჯერ ვადამდე შეუწყდათ ორსულობა. კინი ახალი კანონის აქტიური მხარდამჭერია. „არ მინდა ბავშვის გაჩენა, როცა ვიცი, რომ მას მოკლე, ტკივილითა და ტანჯვით სავსე ცხოვრება ექნება“, ამბობს კინი.

ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი ტექნიკა შემდეგში მდგომარეობს: გენეტიკური დაავადების მატარებელი დედის კვერცხუჯრედს აშორებენ იმ გენს, რომელიც იწვევს დაავადებას და ანაცვლებენ დონორი ქალის ჯანმრთელი გენით. ეს პროცედურა შეიძლება ჩატარდეს როგორც კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე, ისე განაყოფიერების შემდეგ, ანუ ემბრიონის ჩამოყალიბების მერე. ემბრიონის წარმატებულად განვითარების შემთხვევაში დაბადებულ ბავშვს მშობლებისგან გენების თითქმის 100% ექნება, დონორისგან კი - 1%-ზე ნაკლები.

მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ბევრი თვლის, რომ ამ კანონის მიღებით კაცობრიობა ერთგვარ პანდორას ყუთს გახსნის, რის შემდეგაც უკან დახევა შეუძლებელი იქნება. კანონის წინააღმდეგია ინიციატივა „ჰიუმან ჯენეტიკს ალერტ“-ის ხელმძღვანელი, დევიდ კინგი.

აი, როგორ აფასებს ის ბავშვის სამი ადამიანისგან ჩასახვის პერსპექტივას:

„ისევე როგორც ფრანკენშტაინი შექმნეს ბევრი სხვადასხვა სხეულის ნაწილების ერთმანეთთან შეწებებით... როგორც ჩანს, არ არსებობს არავითარი გროტესკი, ბუნებისა თუ ადამიანის კულტურის ნორმების რღვევა, რომლებზეც მეცნიერები იყოყმანებენ მაინც. ახალი ტექნიკა როგორც უსარგებლო, ისე დიდი საფრთხის მატარებელია, რადგან ის საფუძველს უდებს გენეტიკურად მოდიფიცირებული, დიზაინიერების მიერ შექმნილი ბავშვების არსებობას“.

ამ კრიტიკას იზიარებს ლარი ვილმორიც, ამერიკელი იუმორისტი, რომელმაც თავის ყოველდღიურ შოუში განაცხადა, რომ მსგავსი გენეტიკური მოდიფიცირების დაშვება მომავალში საშუალებას მოგვცემს ჯერ კიდევ არდაბადებულ ბავშვებს შევუცვალოთ სიმაღლე, ხასიათი, თმისა თუ თვალის ფერი. ეს ყველაფერი ჰიტლერის პროექტს წააგავსო, დასძინა ვილმორმა. ამასთან, მისი თქმით, ახალი ინ ვიტრო პროცედურის ჩატარება, ბუნებრივია, მხოლოდ მდიდრებს შეეძლებათ, რაც ავტომატურად შექმნის ჯანმრთელ ელიტას და უცვლელ დაბალ სოციალურ კლასს იმ ხალხისა, ვინც ბუნებრივი გზით დაიბადა და სხვადასხვა დაავადების რისკის ქვეშ არის.

რეიჩელ კინისთვის გასაგებია წინააღმდეგობა ახალი მეთოდის მიმართ:

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ეს მეთოდი პირადი შეხედულების გამო გააპროტესტოს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ეთიკური არჩევანი სწორედ ამ დამანგრეველი დაავადებების შეჩერებაა, რათა მათ მომავალში ტანჯვა არ გამოიწვიონ“.

სამი ადამიანის მონაწილეობით ბავშვის ჩასახვის შესაძლებლობას ბრიტანეთის პარლამენტის ზედა, ლორდთა, პალატაში მომდევნო კვირებში განიხილავენ. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა უკვე გამოთქვა თავისი მხარდაჭერა. ჩვენ არ ვცდილობთ ღმერთის როლის თამაშს - უბრალოდ, გვინდა ორ მშობელს, რომელსაც სურს ჯანმრთელი შვილი ჰყავდეს, ჰქონდეს ამის შესაძლებლობაო, განაცხადა მან.

იმ შემთხვევაში, თუ ახალ კანონს ლორდთა პალატაშიც მიიღებენ, ექიმების ვარაუდით, სამი ადამიანის მონაწილეობით ბავშვის დაბადება გაისად იქნება შესაძლებელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG