Accessibility links

logo-print

მოსახლეობის დიაგნოზის დადგენა ფეკალური წყლების ანალიზით


ერთ-ერთი საკანალიზაციო არხი ერაყში

ერთ-ერთი საკანალიზაციო არხი ერაყში

სისხლის ანალიზით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფართო სპექტრის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. მაგრამ ასევე სხვადასხვაგვარი ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა განავალში შემავალი ნივთიერებების ანალიზი. თანამედროვე ტექნოლოგიით, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის - დნმ-ის - ანალიზის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული ბაქტერიების მრავალსახეობის დადგენა.

ამერიკელმა ბიოლოგებმა აჩვენეს, რომ ამ მეთოდით მთელი ქალაქის მოსახელეობის კუჭ-ნაწლავის ფლორის შესწავლა შეიძლება. მათ გამოიკვლიეს ქალაქების ფეკალური წყლები და დაადგინეს, რა ხდება ამა თუ იმ ქალაქის მოსახლეობის კუჭ-ნაწლავში. მაგალითად, ბაქტერიების პროპორციების დადგენით მათ შეძლეს იმის გარკვევა, თუ რამხელაა ქალაქში ჭარბწონიანი ადამიანების წილი.

როგორც მკვლევართა ჯგუფის წევრი, ვუდს ჰოულის ბიოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომელი, მურატ ელენი აბობს, ეს სტრატეგია შესაძლოა, სასარგებლო იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად ისე, რომ არ დაირღვეს ხალხის პირადი სფერო. ამ ჯგუფმა, რომელსაც მიჩელ სოგინი ხელმძღვანელობდა, ვისკონსინისა და მილუოკის უნივერსიტეტების თანამშრომლებთან ერთად შეისწავლა 71 ქალაქის 78 ფეკალური წყლების გამწმენდი სადგური აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში.

ყოველი გამოკვლევისას ჯერ მოხდა მეოთხედ ლიტრ წყალში შემავალი ბაქტერიების დნმ-ის იზოლაცია. დნმ-ის ანალიზის შემდეგ მსგავსი ბაქტერიები ერთად დააჯგუფეს და დაადგინეს, რომელ ტიპს მიეკუთვნებოდნენ ისინი. გამოყენებული დნმ-ების მხოლოდ 15% მომდინარეობდა ადამიანის კუჭ-ნაწლავიდან, მაგრამ შესაძლებელი იყო სხვა წყაროებიდან მომდინარე დნმ-ებისგან მათი გამოცალკევება.

საბოლოოდ შერჩეული დნმ-ების შესწავლით დადგინდა ადამიანის კუჭ-ნაწლავისთვის დამახასიათებელი ბაქტერიების სახეობათა სპექტრი, დაახლოებით ისე, როგორც ეს განავლის კონვენციური წესით შესწავლისას ხდება.

აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქალაქის მოსახლეობის კუჭ-ნაწლავის ფლორა ერთმანეთისგან განსხვავდება. თუმცა განსხვავება არ იყო იმდენად დიდი, როგორც ცალკეულ ადამიანებს შორის არის ხოლმე.

როგორც ცნობილია, კუჭ-ნაწლავის სისტემაში არსებული ბაქტერიების სხვადასხვა სახეობაზე გავლენას ახდენს კვების ჩვევები, დაავადებები და ცხოვრების სტილი. მაგალითად, ჭარბწონიანი ადამიანების კუჭ-ნაწლავის ბაქტერიები განსხვავდება გამხდარი ადამიანების ფლორისგან. ერენის თქმით, მხოლოდ ფეკალური წყლების ანალიზით მოხერხდა იმის დადგენა, თუ როგორი იყო ამა თუ იმ ქალაქში ჭარბწონიანების და გამხდარი ადამიანების პროპორცია. ამ მონაცემების სიზუსტის კოეფიციენტმა 80%-ს გადააჭარბა.

მეცნიერთა აზრით, ფეკალური წყლების სისტემატური შემოწმება მოსახლეობის დიდი ჯგუფების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტების აღნუსხვის საშუალებას მოგვცემდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG