Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელას აცრა არა მხოლოდ წითელასგან იცავს


ყველგან, სადაც კი წითელას დაავადების წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია შემოიღეს, ბავშვების სიკვდილიანობა 30-დან 90 პროცენტამდე შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ წითელას აცრა სხვა სასიკვდილო დაავადებებისგანაც იცავს ადამიანის ორგანიზმს. ამერიკელმა მეცნიერებმა ახლახან ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე დაადასტურეს ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი.

პრინსტონის უნივერსიტეტის თანამშრომლის, მაიკლ მინას თქმით, მისი და მისი ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს მსოფლიოსთვის წითელას ვაქცინაციის მნიშვნელობას.

მართალია, ადრეც ცნობილი იყო, რომ წითელათი დაავადება იმუნურ სისტემას ზიანს აყენებს და სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით დაავადების საფრხეს ზრდის. მაგრამ აქამდე უცნობი იყო, რატომ ხდება ასე და რამდენ ხანს გრძელდება ეს სახიფათო პერიოდი.

ერთ-ერთი სამეცნიერო ჰიპოთეზის თანახმად, ამის მიზეზი უნდა იყოს B და T ლიმფოციტების განადგურება. ეს ლიმფოციტები, ანუ იმუნური სისტემის უჯრედები, აუცილებელია დაავადებების გამომწვევი ინფექციების მოსაგერიებლად. ამ უჯრედების კვდომასთან ერთად, იკარგება იმუნიტეტი არა მხოლოდ წითელას, არამედ შეძენილი იმუნიტეტი მთელი რიგი სხვა ინფექციების მიმართ. ადამიანს ამ დაკარგული იმუნური მეხსიერების ხელახლა შეძენა უწევს.

გამოკვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ეს ჰიპოთეზა შეამოწმეს გარდაცვლილთა სარეგისტრაციო მონაცემების შესწავლის საფუძველზე. შეისწავლეს მონაცემები აშშ-იდან, დანიიდან, ინგლისიდან და უელსიდან. შეადარეს სიკვდილიანობის მაჩვენებლები წითელათი დაავადების რეგისტრირებულ მონაცემებს წითელას აცრის შემოღებამდე და შემოღების შემდეგ.

შესწავლილმა სტატისტიკურმა მასალამ დაადასტურა, რომ წითელას ვირუსით განადგურებული იმუნური სისტემა მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგ აღდგება და დროის ამ მონაკვეთში იზრდება სხვა ინფექციური დაავადებების გამო სიკვდილიანობა.

აქედან გამომდინარე, წითელას აცრა არა მხოლოდ წითელასგან იცავს ადამიანს და ის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ძალზე ეკონომიური საშუალებაა. გამოკვლევის ავტორთა თანახმად, ეს სარგებელი არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში ჩანს, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, სადაც სახიფათო ინფექციები ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. გამოკვლევის შედეგები ეწინააღმდეგება მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ წითელა შედარებით უწყინარი ბავშვთა დაავადებაა.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG