Accessibility links

შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერით დაავადებულთა თითქმის ორი მესამედი ქალია. როგორც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ სამეცნიერო რედაქცია იუწყება, მეცნიერებმა დაიწყეს გადახედვა დიდი ხნის განმავლობაში მიღებული თეორიისა, თითქოს ამის მიზეზია ის, რომ ქალები კაცებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

კიდევ რა ფაქტორი შეიძლება იწვევდეს ქალების რისკის ჯგუფად ქცევას - გენეტიკა? ორგანიზმის დაბერების პროცესის ბიოლოგიური სპეციფიკა? იქნებ ცხოვრების სტილი?

ამ კითხვებზე პასუხის პოვნამ შესაძლოა მკურნალობის განვითარებას ან დაავადების პრევენციის გზების პოვნას შეუწყოს ხელი.

ერთ-ერთი შემაშფოთებელი გარემოება ისაა, რომ კვლევები აჩვენებს: ალცჰაიმერთან დაკავშირებული გენი ქალებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე კაცებზე.

„უკვე საკმარისი კითხვები დაგროვდა, ბიოლოგიური საფუძვლებით, რომლებიც მიანიშნებს, რომ ქალების შემთხვევაში საფრთხე უფრო დიდია. ახლა ამის გამომწვევი მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთო“, უთქვამს აშშ-ის ალცჰაიმერის ასოციაციის მთავარ მკვლევარს მარია კარილოს „ასოშიეიტედ პრესისთვის“.

ახლახან ასოციაციამ მიიწვია 15 წამყვანი მკვლევარი, რათა განეხილათ, მაინც რა არის ცნობილი ალცჰაიმერისგან ქალებისთვის შექმნილი განსაკუთრებული საფრთხის თაობაზე. კარილოს თქმით, ამ ზაფხულს უკვე დაიწყება დამატებითი დაფინანსების გამოყოფა იმისათვის, რომ კვლევამ უფრო მასშტაბური სახე მიიღოს.

ყველაზე რთული იმის დადგენაა, მაინც რა როლს თამაშობს ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ან სხვა ფაქტორები.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, ალცჰაიმერის მკვლევარი რობერტა დიაზ ბრინტონი ადასტურებს, რომ ასაკი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ალცჰაიმერს იწვევს, მაგრამ, დასძენს ის, ქალები, საშუალოდ, კაცებზე ოთხი ან ხუთი წლით მეტს ცოცხლობენ, ალცჰაიმერის დაავადება კი დიაგნოზის დასმამდე 20 წლით ადრე იწყებაო. უჯრედების დაზიანების პროცესი, მართლაც, ასე ადრე იწყება და შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

ბრინტონი ცდილობს დაადგინოს რამდენად ახდენს გავლენას ამ დაავადების დაწყებაზე მენოპაუზა - ეს ფაზა ხომ არ ხდის ზოგიერთ ქალს განსაკუთრებით მიდრეკილს ალცჰაიმერისადმი.

როგორც უნდა იწყებოდეს, არსებული ინფორმაცია მოწმობს, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ ალცჰაიმერი ქალებში ხშირად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე კაცებში. ტვინის სკანირება ცხადყოფს, რომ ტვინის ზოგიერთი მონაკვეთი უფრო სწრაფად მცირდება, სქესებს შორის განსხვავების ყველაზე აშკარა მტკიცებულებას კი გენების კვლევა აჩვენებს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 8 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. ისინი იკვლევდნენ

აპოლიპოპროტეინი "ე ოთხის“ სახელით ცნობილ გენს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების საფრთხეს ზრდის.

ქალებს, რომლებიც ამ გენის ვარიანტის ასლს ატარებენ, ორჯერ მეტად აქვთ ალცჰაიმერით დაავადების შანსი, ვიდრე ქალებს, რომლებსაც ეს გენი არ აქვთ, კაცების შემთხვევაში კი საფრთხე მხოლოდ ოდნავ მატულობს.

თუ რატომ, უცნობია. მეცნიერები ჯერჯერობით ვარაუდების დონეზე ამბობენ, რომ მიზეზი, შესაძლოა, ამ გენის ესტროგენთან ინტერაქცია იყოს.

კიდევ ერთი კვლევის შედეგების თანახმად, იმის გამო, რომ შუახნის კაცები ხშირად კვდებიან გულის დაავადებით, მათ, ვინც 65 წელს გადააბიჯებს, შესაძლოა, უფრო ჯანმრთელი გული ჰქონდეთ, რომელიც, თავის მხრივ, ტვინის დამცავ ფუნქციასაც ასრულებს. ბევრი ფაქტორი, რომელიც არტერიებს აზიანებს, - ჭარბი წონა, მაღალი ქოლესტერინი, დიაბეტი, - ალცჰაიმერის გამომწვევ ფაქტორადაც ითვლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG