Accessibility links

logo-print

WHO აცხადებს, რომ მსოფლიომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ფსიქიკურ ჯანმრთელობას


როგორც მდიდარმა, ისე ღარიბმა ქვეყნებმა მეტი რესურსი უნდა მოახმარონ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა, როგორც წესი, მატულობს დეპრესიისა და თვითმკვლელობის მაჩვენებლები - ამ რეკომენდაციით გამოვიდა 14 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მსოფლიოს მასშტაბით, ათი ადამიანიდან ერთი განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევას, თუმცა, ამავე დროს, გლობალური სურათით, ჯანმრთელობის დაცვაზე მომუშავე ძალების მხოლოდ ერთი პროცენტია სპეციალიზებული ამ ტიპის დარღვევებისა თუ დაავადებების მკურნალობაზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ფსიქიკური დარღვევები კვლავაც დიდწილად სტიგმატიზებულია საზოგადოებებში, რაც მნიშვნელოვან წინაღობას უქმნის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესებს.

„ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მიმართული რესურსები, როგორც ფინანსური, ისე ადამიანური თვალსაზრისით, კვლავ ძალიან მცირეა მსოფლიოს გარშემოო“, უთქვამს ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერებებზე დამოკიდებულების კვლევის განყოფილების დირექტორს დოქტორ შიხარ საქსინას 14 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე. მის სიტყვებს სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

ქვეყნებში, რომლებშიც ომია ან ბუნებრივი კატასტროფა ხდება, მნიშვნელოვნად იზრდება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროება, თუმცა, ამავე დროს, ამ ქვეყნების ბიუჯეტი სირთულეების გამო იკვეცება ხოლმე.

ზოგადად, სახელმწიფოებში, რომლებშიც სოციოეკონომიკური სირთულეებია, იზრდება მოსახლეობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის საფრთხეო, უთქვამს საქსინას პრესკონფერენციაზე.

„დეპრესიისა და თვითმკვლელობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნებში, რომლებშიც ეკონომიკური სირთულეები თუ კრიზისია. ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვით. სტრესულ და კრიზისულ ვითარებაში ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ“, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შიხარ საქსინა.

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზისით, ძალიან უთანასწორო გლობალური სურათი იკვეთება.

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც 100,000 ადამიანზე ერთზე ნაკლები ფსიქიატრი მოდის. ასეთ ფონზე, მდიდარი ქვეყნების მაჩვენებელია ერთი ფსიქიატრი 2,000 ადამიანზე. ამ მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს 14 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, ბევრი მდიდარი ქვეყანა პრობლემას საკმარის რესურსებს უთმობს, მაგრამ არ ხდება ამ რესურსების ოპტიმალური გამოყენება. დიდი ძალისხმევა იხარჯება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში თუ სხვა სახის დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებზე, მაშინ როცა ძალიან ცოტა რესურსია მიმართული თემის, საზოგადოების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და პრევენციაზე.

სერიოზული დარღვევების - მაგალითად, შიზოფრენიის ან ბიპოლარული აშლილობის - მაჩვენებლები მეტ-ნაკლებად თანაბარია მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ დეპრესიის, შფოთის, პოსტტრავმული სტრესით გამოწვეული დარღვევებისა და ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლება საზოგადოებებისა თუ ქვეყნების მიხედვით. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ცვალებადობას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს - როგორც ეკონომიკური და სოციალური გარემოებები, ისე კულტურის სპეციფიკა და ნორმები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG