Accessibility links

logo-print

მეცნიერებმა აღმოაჩინეს დედამიწის ყველაზე მსგავსი პლანეტა


მეცნიერებმა აღმოაჩინეს პლანეტა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას და რომელიც შორეულ, მზის მსგავსი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს.

პლანეტა დედამიწაზე, დაახლოებით, 60 პროცენტით დიდია. ის მდებარეობს დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის დაშორებით. პლანეტა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს. ის გარს უვლის ვარსკვლავს, რომელიც ზომით და ტემპერატურით მზეს ჰგავს, მაგრამ უფრო ძველია.

პლანეტა Kepler-452b-ს აღმოჩენის შესახებ 23 ივლისს ჟურნალისტებს ჯონ გრანსფელდმა ამცნო - ნასას სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა: „დღეს ვაცხადებთ, რომ აღმოჩენილია ექსოპლანეტა, რომელიც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ძალიან ახლოს ენათესავება დედამიწას და ჩვენს მზეს. ის, მართლაც, ყველაზე ახლოსაა ამ დრომდე არსებული სურათით - და აქ მე ხაზს ვუსვამ ‘ამ დრომდეს’, ვინაიდან კეპლერის მონაცემები ძალიან ფართოა, ის სრულადაა ხელმისაწვდომი მეცნიერებისთვის, რათა ამ მონაცემებიდან ინფორმაცია მოიპოვონ სამომავლო აღმოჩენებისთვის. მაგრამ დღესდღეობით ვაცხადებთ, რომ აღმოჩენილია დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი ტყუპისცალი, ასე ვთქვათ, დედამიწა 2.0, რაც კი ამ დრომდე აღმოგვიჩენია მონაცემთა სისტემაში“.

ვარსკვლავი, რომლის ორბიტაზეც მოძრაობს Kepler-452b-დ წოდებული პლანეტა, დაახლოებით, 6 მილიარდი წლისაა, მაშინ როცა მზის ასაკი 4.6 მილიარდი წელია.

თავად ის გარემოება, რომ ამ პლანეტამ 6 მილიარდი წელი დაყო მისი ვარსკვლავის ზონაში, მეცნიერებს იმედს აძლევს. ისინი თვლიან, რომ ეს დრო საკმარისი იყო საიმისოდ, რომ პლანეტის ზედაპირზე ან მის ოკეანეებში სიცოცხლე გაჩენილიყო - ცხადია, თუკი პლანეტაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ინგრედიენტი და პირობა არსებობს.

პლანეტას მისი მშობელი ვარსკლავისგან დაახლოებით იმავე მანძილი აშორებს, როგორიც დედამიწას მზისგან. ის ორბიტას 385 დღეში ასრულებს, მაშინ როცა დედამიწას საამისოდ 365 დღე სჭირდება. დისტანციიდან ისე ჩანს, რომ ზედაპირზე არსებული ტემპერატურა უშვებს თხევადი წყლის არსებობას, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

მეცნიერებს წარსულშიც აღმოუჩენიათ დედამიწის ზომის პლანეტები, მაგრამ ვარსკვლავები, რომელთა ორბიტებზეც მდებარეობდნენ ეს პლანეტები, უფრო მცირე ზომის და გრილი ტემპერატურის იყო, ვიდრე მზე.

ნასამ კეპლერის ტელესკოპი 2009 წელს აამოქმედა იმის დასადგენად, თუ რამდენად ხშირია დედამიწის მსგავსი პლანეტები გალაქტიკაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG