Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წონის დაკლების პანაცეა?


ყველგან მოიპოვებიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა აწუხებთ. თუ თვითონ არ აწუხებთ, ექიმები ურჩევენ, დაიკელით, თავს უკეთ იგრძნობთო. დიეტოლოგიის მრეწველობა ბიზნესის მძლავრი სფეროა, მაგრამ, აი, შედეგები არ უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი. ამერიკელი - კერძოდ, ბოსტონელი - მეცნიერების კვლევის თანახმად, ჭარბწონიანობის მკურნალობაში დიდი წვლილი შეიძლება შეიტანოს ცელასტროლმა, ჭანჭყატისებრთა ოჯახის ერთმა აღმოსავლეთაზიურმა სახეობამ, რომელსაც, ლათინურად ტრიპტერიგიუმ ვილფორდი ჰქვია. თუ ეს კლინიკურად დამტკიცდა, ცელასტროლი აძლიერებს ნაყროვანების ჰორმონის მოქმედებას, რაც წონის სწრაფ და საგრძნობ დაკლებას იწვევს, იუწყება ამერიკული სამეცნიერო ჟურნალი „სელი“. ჭარბწონიანები საკმარისი რაოდენობით გამოყოფენ ლეპტინს, ნაყროვანების ჰორმონს, მაგრამ ასეთი ადამიანების ორგანიზმში მისი ზემოქმედება შესუსტებულია. გამოცემის თანახმად, პირველად იქნა მიკვლეული ნივთიერება, რომელსაც შეუძლია გადალახოს ჰორმონის მიმართ რეზისტენტულობა და სხეულის წონის დარღვეული ჰარმონია აღადგინოს. იმ სამუშაო ჯგუფს, რომელმაც ცდები ჩაატარა თაგვებზე, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომელი ომუთ ოსჯანი ხელმძღვანელობს. „თუ ცელასტროლი ადამიანებზე ისევე მოქმედებს, როგორც თაგვებზე, ეს ერთობ ეფექტიანი გზა იქნება, მოვერიოთ ჭარბცხიმიანობას“, ამბობს ოსჯანი. საკმაოდ რთული კვლევის შედეგად მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ცელასტროლი ყველაზე ეფექტიანია ათასამდე სხვა აქტიურ ნივთიერებას შორის. მისი მეოხებით თაგვების ღვიძლისა და ტვინის ფუნქციებში მოხდა გენების მოქმედების ისეთი ცვლილება, რომელიც, ჩვეულებრივ, ჰორმონ ლეპტინის ფუნქციას უნდა უკავშირდებოდეს. ცელასტროლს, როგორც ითქვა, იღებენსამკურნალო მცენარისგან, რომლის ლათინური დასახელებაა ტრიპტერიგიუმ ვილფორდი. მისი ოჯახის - ჭაჭყატისებრთა ოჯახის - რამდენიმე სახეობა საქართველოშიც ხარობს, მაგრამ სამკურნალოდ ამ მცენარეს ჩინური მედიცინა მიმართავს და ანთებებისა და რევმატიული დაავადებებისთვის იყენებს. ხანგამოშვებით იწერება ხოლმე, რომ კიბოსაც უშველეს ცელასტროლით, თუმცა ამის თაობაზე ჯერ დადასტურებული ინფორმაცია და, მით უმეტეს, კლინიკური კვლევის შედეგი არ ჩანს. რაც შეეხება ჭარბწონიანობას, წონისა და ცხიმის რეგულირება ჯანსაღ ორგანიზმში უნდა ხდებოდეს ნაყროვანების ჰორმონის, ლეპტინის, საშუალებით. ლეპტინს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ნივთიერებათა ცვლაში. ჰორმონი გამოიყოფა ცხიმოვან ქსოვილში და ის ატყობინებს ტვინს საკმარისი ენერგომარაგის არსებობის შესახებ. ჩვეულებრივ, ამის შემდეგ, ჰიპოთალამუსში ნაყროვანების შეგრძნება ჩნდება და ადამიანი წყვეტს საკვების მიღებას. ჭარბწონიანობა შეიძლება იყოს ჰორმონ ლეპტინის ნაკლებობის შედეგი, მაგრამ ჭარბწონიანთა უმეტესობას ჰორმონი საკმარისად აქვს სისხლში, უბრალოდ, ლეპტინის ზემოქმედებაა შესუსტებული. არ არის დადგენილი მიზეზი, რა უწყობს ხელს ჰორმონის მიმართ რეზისტენტულობას. მკვლევართა მიზანი, უკვე ათწლეულების განმავლობაში, სწორედ ის არის, რომ დაძლიონ ეს რეზისტენტულობა ჭარბწონიანობის ჰორმონის მიმართ. ერთკვირიანი ექსპერიმენტის განმავლობაში ჭარბწონიან თაგვებს, რომლებსაც ლეპტინის მაღალი შემცველობა ჰქონდათ სისხლში, აძლევდნენ ცელასტროლს. თაგვებმა 80 პროცენტით შეამცირეს საკვების მიღება. სამი კვირის შემდეგ ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას მოჰყვა წონის 45 პროცენტით შემცირება. კუნთების მასა შენარჩუნებულ იქნა, ლეპტინის დონე კი გამხდარი თაგვების ოდენობას გაუსწორდა. იმ ჭარბწონიან თაგვებში, რომლებსაც ჰორმონი არ გააჩნდათ და ლეპტინის წარმოება აღარ შეეძლოთ - ასევე გამხდარ თაგვებში -ცელასტროლს ცვლილება არ გამოუწვევია. ამით მტკიცდება, რომ ცელასტროლის ეფექტი უკავშირდება არსებული ლეპტინის ზემოქმედების გაზრდას. თაგვებს შეუმცირდათ ქოლესტერინის, ასევე შაქრის დონე სისხლში და ღვიძლის მოქმედება მოწესრიგდა. მკლევრებს ცელასტროლის მოქმედების თანმდევი მძიმე მოვლენები არ შეუნიშნავთ.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG