Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეტეროსექსუალი ქალები ჰომოსექსუალ მამაკაცებს არჩევენ სამეგობროდ


ჰეტეროსექსუალი ქალები ჰომოსექსუალ მამაკაცებს არჩევენ სამეგობროდ. ისინი მათ განსაკუთრებით ენდობიან პარტნიორობის საკითხებში. უფრო მეტად, ვიდრე ჰეტეროსექსუალ მამაკაცებსა და ქალებს, რომელთა მხრიდანაც ინტრიგებისა და მოტყუების ეშინიათ. ამ საკითხებზე გამოკვლევა ჩაატარეს ამერიკელმა მეცნიერებმა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლამაზი ქალები სხვებზე უფრო მეტად არიან დაინტერესებული ჰომოსექსუალ მამაკაცებთან მეგობრობით.

ალგორითმი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00
გადმოწერა

გამოკვლევა არლინგტონში, ტეხასის უნივერსიტეტში, ჩაატარა მკვლევართა ჯგუფმა ერიკ რასელის ხელმძღვანელობით. როგორც ავტორები წერენ, კვლევამ აჩვენა, რა ფაქტორები განაპირობებს ჰეტეროსექსუალი ქალებისა და ჰომოსექსუალი მამაკაცების მეგობრობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალის გარეგნობა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლამაზ ქალებს უფრო ხშირად აცდუნებენ ჰეტეროსექსუალი მამაკაცები და მათ შურის გამო უფრო ხშირად ატყუებენ ჰეტეროსექსუალი ქალები.

ამ დასკვნებამდე ისინი მივიდნენ გამოკვლევის შედეგად, რომელშიც ასზე მეტი საშუალოდ 21 წლის ასაკის ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს აჩვენებდნენ დაახლოებით 21 წლის ქალების სურათებს, რომელთა სილამაზეს წინასწარ აფასებდნენ დამოუკიდებელი ჟიურის წევრები. ცდის ყოველ მონაწილეს უნდა წარმოედგინა, რომ წვეულებაზე გაიცნო ფოტოზე აღბეჭდილი ქალი. ყოველ მამაკაცს უნდა შეეფასებინა ქალთან სექსუალური კავშირის ალბათობა.

ამავე დროს ექსპერიმენტის მონაწილე ყოველ ქალს უნდა შეეფასებინა, რამდენად მიაჩნდა ფოტოზე აღბეჭდილი ქალი კონკურენტად პარტნიორის ძებნისას და რამდენად უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამ ქალის მიმართ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცები ყოველ ღონეს იხმარდნენ ფოტოზე აღბეჭდილი ქალის შესაცდენად. ექსპერიმენტის მონაწილე ქალები კი მასში მით უფრო ხედავდნენ კონკურენტს, რაც უფრო ლამაზი იყო ფოტოზე აღბეჭდილი პირი.

მეორე ექსპერიმენტისას ფოტოებზე აღბეჭდილ ქალებს თავად უნდა გაეცათ პასუხი მეცნიერთა შეკითხვებზე. უნდა ეთქვათ, ჰომოსექსუალ მამაკაცებთან ამჯობინებდნენ პარტნიორობის თემაზე საუბარს, თუ ჰეტეროსექსუალებთან. ამავე დროს, საგანგებო თამაშის მეშვეობით ადგენდნენ, თუ რამდენად აფასებდნენ ისინი მეგობრობას ჰეტეროსექსუალ თუ ჰომოსექსუალ მამაკაცებთან და ქალებთან.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ლამაზი გარეგნობის იყო გამოკითხული ქალი, მით უფრო სურდა ჰომოსექსუალ მამაკაცთან მეგობრობა. გამოკვლევის ავტორთა თანახმად, ესაა ლამაზი ქალების მიერ პარტნიორის ძებნის სტრატეგიის ნაწილი. ვინაიდან მათ შემთხვევაში დიდია საფრთხე, რომ მოტყუებულ იქნენ ჰეტეროსექსუალი მამაკაცების მიერ, ისინი ჰომოსექსუალ მამაკაცებთან სიახლოვეს უფრო მეტად არჩევენ, ვიდრე ნაკლებ ლამაზი ქალები. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ლამაზი ქალი ჰომოსექსუალი მამაკაცისგან უფრო ობიექტურ ინფორმაციას იღებს პარტნიორული ურთიერთობების შესახებ და ასეთი ინფორმაცია მას სასურველი პარტნიორის პოვნაში ეხმარება.

  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG