Accessibility links

logo-print
ბოლო ერთი წლის მანძილზე აფრიკული მუსიკის სამყაროში რამდენჯერმე ვიმოგზაურეთ. პირველად დასავლეთ საჰარაში, მოძრავ დიუნებსა თუ ბარხანებში ბერბერებს – მარიემ ჰასანსა და სუად მასის ბლუზურ ქარავანს - ავედევნეთ. შემდეგ კამერუნს მივაშურეთ, სადაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზბასისტი რიჩარდ ბონა გვეგულებოდა. ბოლოს კი უგანდაში, ჯეფრი ორიემას სინათლითა და სილაღით სავსე ბალადებით მოვითქვით სული. აი, დღეს კი მალის რესპუბლიკაში ამოვყოფთ თავს, რადგან იმ მუსიკოსის დაბადების დღე აღინიშნება, აფრიკელ ჯონ ლი ჰუკერად რომ მოიხსენიებენ. მასზე იმასაც ამბობენ, მისისიპელი ფაუსტის რობერტ ჯონსონის არ იყოს, სული ჯინებს მიჰყიდა და სანაცვლოდ არამიწიერი მუსიკალური ნიჭი მიიღოო. ეთნომუსიკოლოგები შუამავალსაც ეძახიან, - გნებავთ, ელჩს, - მშობლიური კონტინენტის ფოლკი ამერიკულ ბლუზს რომ დაუმეგობრა. თუმცა, მისთვის რომ გეკითხათ, ეს ბატონები მწარედ ცდებოდნენ, რადგან ყველაფერი პირიქით მოხდა: ამერიკული ბლუზი მალის ტრადიციული მუსიკის – „სონგაის“ - რიტმიკისა თუ ჰარმონიის ნაყოფია, რომელიც ოდესღაც გემის ტრიუმებში გამოკეტილმა მისმა დამონებულმა წინაპრებმა გაიტანეს ოკეანის გაღმა.



ალი იბრაჰიმ ტურე 1939 წლის 31 ოქტომბერს მალის რესპუბლიკაში, ღვთისგან მივიწყებულ ერთ უღარიბეს სოფელში დაიბადა. მშობლებმა ამ გვარ-სახელს მოგვიანებით მეტსახელი „ფარკა“ დაუმატეს, რაც იქაურ ყაიდაზე „ვირს“ ნიშნავს - როგორც ჩანს, ჯიუტი ხასიათის გამო. ეს მხარე გრიოტებით იყო სავსე, თუმცა მასწავლებელი თუ პატრონ-მყვარებელი არასოდეს ჰყოლია. 10 წლის გახლდათ, როცა ერთსიმიან „ნიურკელზე“ დამოუკიდებლად ისწავლა დაკვრა, ხოლო შემდეგ ერთგვარ ვიოლინოზე გადაერთო, რომელსაც „ნიარკას“ ეძახდნენ. ვიოლინო ვახსენე, არადა, პატარა გოგრა გახლდათ, 30 სანტიმეტრიანი გრიფით. გიტარა კი პირველად 17 წლისამ აღმოაჩინა - ვიღაც ღვთისნიერმა მუსიკოსმა აჩუქა. ჰოდა, უცხო ინსტრუმენტს „ნიურკელზე“ დაკვრის საკუთარი ტექნიკა მოარგო, მარტივ კომპოზიციებს თხზავდა და თავის ჭიას ახარებდა, პროფესიულ კარიერაზე არც უფიქრია.



1960 წელს ალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – მალის დედაქალაქ ბომაკოში გამართულ ხალხური მუსიკის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ჯონ ლი ჰუკერი სტუმრობდა. „ბუგის მეფეს“ უყვარდა ახალგაზრდა მუსიკოსებზე ზრუნვა. ჰოდა, ალის მოსმენისას სულმა სული იცნო და ფრანგულ ტურნეში გაიყოლა. რამდენიმე ერთობლივი კონცერტის შემდეგ, აფრიკელს პარიზულმა სტუდია „საფარიმ“ გაუფორმა კონტრაქტი და სადებიუტო ალბომიც გამოიცა. თუმცა, რად გინდა? გაქექილი პროდიუსერები გამოუცდელ ალის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ატყუებდნენ, გროშებს უხდიდნენ და იმასაც ამადლიდნენ ხოლმე. ნამდვილი წარმატება კი 1989 წლის ამერიკულმა ტურნემ მოუტანა. მაშინ ბლუზურ საქმეებში მეტად ჩახედულმა ერთმა კრიტიკოსმა განაცხადა, ალის ხელწერა მისისიპელის მონოტონურ ერთაკორდიან “ბუგის” არ ჰგავს, უფრო ლაღი და მრავალფეროვანიაო. ასეც იყო. გრიოტების „მანდეს“ სახელით ცნობილი შესრულების მანერა, სხვადასხვა ფოლკლორული იდიომების გამოყენებაში არ გახლდათ შეზღუდული. ჟურნალმა ბილბორდმა კი „მსოფლიო მუსიკის“ კატეგორიაში პირველ პოზიციაზე მიუჩინა ადგილი, საიდანაც მომდევნო 11 წლის მანძილზე ფეხი არ მოუცვლია. მოკლედ, ფრანგებისგან გასხვავებით, ალის ამერიკელი მენეჯერები უფრო გამოადგნენ, თუმცა მაგრად კი გააწვალეს. მშობლიურ მხარეში ტელეფონი არ ჰქონდა, ამიტომ ამერიკიდან ბომაკოში ფაქსს უგზავნიდნენ, იქიდან კი ვერტმფრენს გაატანდნენ ხოლმე მუსიკოსის სოფელში, ჩაწერაზე ჩამოდიო.



1994 წელს ალი „ფარკა“ ტურე ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა. შტატები ამერიკელი კომპოზიტორის, პროდიუსერისა და დიდებული სლაიდ-გიტარისტის რაი კუდერის თანხლებით მოიარა. ორი სხვადასხვა კულტურის შვილებს თითქოს არც არაფერი ჰქონდათ საერთო, მაგრამ ბლუზური აზროვნების თვალსაზრისით სისხლით ნათესავები გამოდგნენ. ტურნე მორჩა თუ არა, ერთობლივი ალბომი „Talking Timbuktu“ სულ რაღაც 4 დღეში გამოაცხვეს. ალბომმა „გრემი“ დაიმსახურა და, ჩემი აზრით, ეს აფრიკელი და ამერიკელი არტისტის თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ბლუზური მუსიკის ისტორიაში.



როგორც უკვე ვთქვი, მუსიკოსი სიცოცხლის ბოლომდე მშობლიურ მხარეში ცხოვრობდა, სადაც ხალხს ისე უჭირდა, მეტი რომ არ შეიძლება. ამიტომ, ჩაწერებისა თუ კონცერტებისგან თავისუფალ დროს ქველმოქმედებას უთმობდა, საკუთარ ჰონორარებს გზების გაყვანას, სოფლის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგების საქმეს ახმარდა. 2004 წელს ალის ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. აუტანელი ტკივილების მიუხედავად, მომდევნო წელს ლონდონში მაინც გაემგზავრა და თანამემამულე ტუმანი დიაბატესთან ერთად კიდევ ერთი „გრემის“ მფლობელი ალბომი ჩაწერა. In the Heart of the Moon კორასა და გიტარის სევდიანი, ულამაზესი გასაუბრების გარდა, მუსიკოსის ერთგვარი გამოსათხოვარიცაა - მუსიკოსის, რომელმაც დაამტკიცა, რომ ბლუზი არა მისისიპის ნაპირებზე, არამედ აფრიკაში, მდინარე ნიგერის დელტაში იშვა. „ბლუზის დნმ“-ად მონათლული აფრიკელი 2006 წლის 7 მარტს გარდაიცვალა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG