Accessibility links

ალილო ტრადიციული საშობაო მსვლელობაა, რომელიც საქართველოში ყოველი წლის შვიდ იანვარს, შობის დღესასწაულზე, იმართება. მგალობლები, ბავშვები, სასულიერო პირები და მრევლი თბილისში, ჩვეულებრივ, ვარდების მოედანზე იკრიბებიან და სამებისკენ მიემართებიან.

ვარდების მოედანზე სტიქარით შემოსილი ხელიხელჩაკიდებული ბავშვები ორ რიგად არიან ჩამწკრივებული. ეს ერთგვარი ცოცხალი ჯაჭვია, რომელიც საშობაო მსვლელობას უნდა გაუძღვეს რუსთაველის გამზირიდან ავლაბრამდე, სამების ეკლესიამდე. ბავშვების ამ ორ რიგს შორის ხალხი ნელ-ნელა იკრიბება, რომ ალილოს შეუერთდეს. მშობლები პატარებთან ერთად მოდიან - პატარები ინტერესით ათვალიერებენ ურემში შებმულ ხარებს, მოგვის ფორმაში გამოწყობილ ახალგაზრდებს, ხელოვნურ სპილოებსა და ჟირაფებს, რაც საშობაო მსვლელობის ნაწილია.

ზვიად მუხიგული ალილოზე, ტრადიციულად, ოჯახთან ერთად მოვიდა. როგორც ამბობს, დღესასწაულს ყოველ წელს ესწრება:

„ეს დღე ჩემთვის და ყველა ქრისტიანისთვის უბედნიერესი დღეა. ვფიქრობ, ვისაც შეუძლია, ყველა ქრისტიანი უნდა დაესწროს ალილოს“.

მსვლელობას საკმაოდ ბევრი ადამიანი ესწრება. ვარდების მოედანი თითქმის შევსებულია. სულ წინ სასულიერო პირები არიან, შემდეგ - ცხვრის ტყავში გამოწყობილი ახალგაზრდები, კომბლებით. ისინი მწყემსებს განასახიერებენ. უკან ურმებში შებმული ხარები მოჰყვებიან, სულ ბოლოს კი - თეთრ სტიქარში გამოწყობილი ბავშვები.

21 წლის გიორგი მაქაძე დღეს მოგვის როლშია, რაც საშობაო კარნავალის ნაწილია:

„მოგვები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ხალხს პირველად ახარეს იესო ქრისტეს შობა. იქნება მსვლელობა, მსვლელობის შემდეგ დაგვლოცავს პატრიარქი“.

მსვლელობაში მონაწილეთა უმრავლესობა ბავშვია. მათ გზადაგზა სხვა პატარებიც უერთდებიან, რომლებიც მშობლებს ალილოზე დასასწრებად მოჰყავთ. რობი ავადიაევი თბილისში სულ 5 წელია ცხოვრობს. როგორც ამბობს, მისი შვილი საქართველოში დაიბადა. უკვე მესამე წელია, ტრადიციულად, ალილოს სანახავად დაჰყავს:

„მომწონს აქ მოსული ხალხის სახეები. მომწონს ბავშვები. როგორც ხედავთ, ჩემი შვილიც მოვიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდია, მაინც მხრებზე შემაჯდა, რომ უკეთ ნახოს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კითხვებს მისვამს - ვინ არიან ეს მღვდლები, ეს მუსიკა რას ნიშნავსო. მე კი ვუხსნი, რომ ეს ლოცვებია, ეს ძალიან კარგი დღესასწაულია - შესანიშნავი ტრადიცია“.

საშობაო მსვლელობა რამდენიმე საათში ავლაბარში, სამების ეკლესიაში, სრულდება. გზადაგზა ხალხი, რომელიც ალილოს უერთდება, სტიქაროსნებს აწვდის პატარა ფუთებს, საშობაო საჩუქრებით - ესეც ტრადიციის ნაწილია. როგორც ალილოს მონაწილეები ამბობენ, დღესასწაულის დასრულების შემდეგ შეგროვებული საჩუქრები - სურსათი, სათამაშოები და სხვა - იმათ დაურიგდება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG