Accessibility links

logo-print

საქართველოში შობის წინა საღამოსა და შობას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ახალი წლის დასაწყისს. შესაბამისად, იგი დატვირთულია მრავალფეროვანი მაგიური ხასიათის წეს-ჩვეულებებით, რომლებიც ძირითადად მიმართულია ნაყოფიერების გასაზრდელად, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად, ავი სულების დსაძლევად და, საერთოდ, კეთილდღეობით სავსე მომავლის უზრუნველსაყოფად. შობის წინა საღამოს, ტრადიციულად, სრულდება „ალილო“ - ქართული საწესო სიმღერა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად მღერიან.

ძველად შობის ღამეს მოზრდილი მამაკაცები, მოგვიანო ხანაში კი ბავშვები, კარდაკარ ჩამოივლიდნენ მთელ სოფელს, მიადგებოდნენ ოჯახებს და სიმღერით - „ალილოთი“ - მიულოცავდნენ შობის დღესასწაულს. როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, „ალილო“ სამხმიანი სიმღერაა და, შესაბამისად, მის შესრულებას, სულ ცოტა, სამი ადამიანი მაინც სჭირდება. ამასთან, „ალილო“ მთელ საქართველოშია გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად მღერიან:

„მეოცე საუკუნეში, აკრძალვის მიუხედავად, „ალილოს“ მღეროდნენ კახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში... რაც შეეხება სხვა კუთხეებს, - თუშეთს, მთიულეთს, მესხეთს, - ამ კუთხეების „ალილოებიდან“ მხოლოდ ტექსტებია შემორჩენილი. სამწუხაროდ, არ შემორჩა მათი მუსიკალური ქსოვილი“.

მაგალითად, როგორც 1991 წელს გამოცემულ ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში ვკითხულობთ, მესხური „ალილოდან“ შემორჩენილია ასეთი ტექსტი:

ალილო

ალილო

„ალანთასა ბალანთასა,

ჩამოვჰკიდებ კალათასა,

ადგა ქალი, დაძრა ტანი,

დადგა გობი, ზედ საცერი,

ერთი ვთხოვე, ორი მომცა,

ღმერთი მისცემს ბარაქასა“.

როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, სამეგრელოსა და სვანეთში „ალილოს“ ხშირად ქართულად ასრულებდნენ, რაც, მისი თქმით, იმაზე მიუთითებს, რომსაეკლესიო წირვა-ლოცვისა და სამწერლობო ენაზე შესრულებით ამ კუთხეებში საშობაო სიმღერას საგანგებო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამასთან, სვანეთსა და საქართველოს ყველა სხვა კუთხეში არ შეიძლებოდა მეალილეების ხელცარიელი გასტუმრება. როგორც ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარში ვკითხულობთ, ხელმოცარულმა მეალილეებმა წყევლა იცოდნენ, რაც თავისთავად ცუდის მომასწავებელი იყო. „ალილოს“ ერთ-ერთი კახური ტექსტი პირადაპირ შეიცავს მუქარას:

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,

შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,

ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?

ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.

„აკოშკიდან“ გადვიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,

თუ გამოგაქვთ, გამოიტათ, თორემ წავალ გინებითა“.

ტრადიციის თანახმადვე, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან კაცი მეალილეებს გაუტანდა შეძლებისდაგვარად ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს. სამეგრელოში ითვლებოდა: „შობაზე კაცი რომ მოვა, გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახს“, თუმცა, როგორც ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, საშობაო კერძები და სუფრა მხოლოდ მეალილეების დასაჯალდოებლად როდი მზადდებოდა:

„შობის დღესასწაულს წინ უძღოდა მარხვის პერიოდი, რა დროშიც მხოლოდ და მხოლოდ სამარხვო საკვები მზადდებოდა, მაგრამ საქართველოს ყველა მხარეში საშობაოდ და საახალწლოდ სპეციალურად ზრდიდნენ და ასუქებდნენ ღორს. აუცილებელი იყო საშობაო სუფრაზე მოხარშული ღორის თავი. ეს ტრადიცია ძალიან ძველია. ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს ისტორიული წერილობითი წყარო „ხელმწიფის კარის გარიგება“, სადაც სამეფო სუფრას ამშვენებს გარეული ტახის მოხარშული თავი“.

საშობაოდ ღორს ნოემბრიდან ასუქებდნენ. ქართლში მას სააღებო ღორს ეძახდნენ, კახეთში ქოსმენს. სოფელ შილდაში ამ დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. სამსხვერპლო მამალ ღორს ლომტახს ეძახდნენ. გარდა ამისა, როგორც როზეტა გუჯეჯიანი ამბობს, მზადდებოდა სხვადასხვა ნუგბარი და სარიტუალო ქადეული.

როზეტა გუჯეჯიანი

როზეტა გუჯეჯიანი

„დღევანდელ ჩვენს ყოფაში ყველაზე მეტად შემონახულია ე. წ. გურული ღვეზელი, ანუ საწესო პური, რომელიც ნახევარწრის (ნახევარმთვარის) ფორმისა იყო. ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველს და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელად ანდა შუაზე გაჭრილი იდებოდა. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. საქართველოს სხვა კუთხეებშიც ცხვებოდა სარიტუალო პურები და გულსართიანი ქადეული. ამას ემატებოდა ე. წ. წმინდა კვერები, რომლებიც მიძღვნილი იყო ღვთისადმი და მას ჰქონდა ყოფაში ის ფუნქცია, რომ შობისა და ახალი წლის სიხარული კარმიდამოსაც - ეზოს, მარანს, კრუხ-წიწილას, ვენახს და ა.შ., მთელ იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა და შრომობდა -გადასცემოდა. ეს იყო სპეციალური, ე. წ., ბედის კვერები, რომლებიც ცხვებოდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის - ზოგან უღლის, ზოგან გუთნის, მტევნისა და ა.შ.გამოსახულების. შობის ღამეს შესაბამის ადგილებში გაჰქონდათ და ულოცავდენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას როზეტა გუჯეჯიანმა, რომლის თქმით, ასევე იცოდნენ საშობაოდ კორკოტის, ჭანტილის მოხარშვა, ჭანტილის ქაფის გატანა ეზოში და ყველა ხეზე წასმა (ხის სიმბოლური განაყოფიერება), რაც მომავალ წელს უზრუნველყოფდა მოსავლით. ლეჩხუმში „ჩიტის აზვრამდე“, ანუ გათენებამდე, იკვლებოდა ორი მამალი - ერთი საანგელოზო და მეორე ხარების სალოცი. სვანეთშიც ასევე კლავდნენ მამალს, რომელსაც თავზე შემოივლებდნენ. შემდეგ ხარშავდნენ, ძვლებს კი ცეცხლში ყრიდნენ სიტყვებით: „ასე დაიწვას ჩვენი ოჯახის მავნე ავადმყოფობა, ასე დაიწვას, როგორც ეს დაიწვაო“.

ალილო

ალილო

ალილოზე ქრისტეს მახარობლები მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ და რომელ ოჯახშიც დაათენდებოდათ, იქ აგრძელებდნენ ლხინს. როგორც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი ამბობს, მეალილეებს შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე შორი გზიდან მოსულები. აჭარლები, იმის გამო, რომ აჭარაში აკრძალული იყო, ალილოზე გურიაში დადიოდნენ, ზოგჯერ კი ქართლ-კახეთში იმერეთიდან გადმოდიოდნენ მეალილეები.

საინტერესოა „ალილოს“ - საწესო სიმღერის - როგორც წარმომავლობა, ასევე შინაარსი, რომელიც, გია ბაღაშვილის თქმით, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: დღესასწაულის გამოცხადება ზუსტი თარიღის მითითებით, ბიბლიური ამბის თხრობა, შობის დღესასწაულის მილოცვა და მინიშნება მოსალოდნელ საჩუქრებსა და გამასპინძლებაზე:

„მაგალითად: „არიელი-მარიელი ნუ გამიშვებ ცარიელი...“, „ალათასა-ბალათასა ხელი ჩავკარ კალათასა, ქალო ერთი კვერცხი მომე, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“, „ქალბატონი ლამაზია, გადმოგვიგდებს აბაზიანს“, „გამოიტანოთ ჩირები, სიცივემ დაგვზრა ფრჩხილები“, „მასპინძელო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს, მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ და ა.შ. ამის ბევრი ვარიანტი არსებობს. სხვათა შორის, ვარიანტების სიუხვით „ალილო“ ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ ქართულ ფოლკლორში. ცალკე უნდა აღინიშნოს გურიაში შემორჩენილი ე. წ. გალობით „ალილო“, რომელშიც ასეთი ტექსტია: „ალილო, ვიხილოთ შობა უფლისა და დღე სიხარულისა“.

რაც შეეხება „ალილოს“ წარმომავლობას, გია ბაღაშვილის თქმით, „ალილოს“ შესრულებაში ბევრია მაგიური, ანუ წინარექრისტიანული, ელემენტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ივანე ჯავახიშვილი „ქართული მუსიკის ისტორიის ძირითად საკითხებში“ აღნიშნავს, რომ „ალილო“ არასგზით წარმართული სიმღერების ჯგუფში ჩასათვლელი არ არის, ჰანგითაც და შინაარსითაც საეკლესიო ქრისტიანულიაო.

„თუმცაღა ეთნომუსიკოლოგების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რიტუალიც და „ალილოს“ ჰანგიც ქრისტიანობამდელი პერიოდისა უნდა იყოს. აზრთა სხვადასხვაობაა სიტყვა „ალილოს“ ეტმოლოგიასთან დაკავშირებითაც. ერთი ვერსიით, „ალილო“ საეკლესიო ლოცვების ბოლოსათქმელი სიტყვიდან, „ალილუიადან“, უნდა მომდინარეობდეს, რაც, თავის მხრივ, ებრაული წარმოშობისაა და „ჰალილ იაჰვე“ითარგმნება როგორც „ვადიდოთ უფალი“. მაგრამ არის სხვა მოსაზრებაც, რომელსაც ავითარებდა გამოჩენილი ქართველი ეთნომუსიკოლოგი ედიშერ გარაყანიძე, რომლის დაკვირვებითაც, მსგავსი სიტყვებით - „ლილე“, „ლალე“, „ალალო“ - ქართულ სიმღერებში წარმართულ ღვთაებებს მიმართავდნენ და შესაძლოა სახელწოდება „ალილო“ ალიონს, იალონს, ანუ გაცისკრებასაც უკავშირდებოდეს, მით უფრო, რომ რიტუალი ცისკრის ვარსკვლავის გამოჩენისას იწყებოდა“, უთხრა გია ბაღაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG