Accessibility links

ოსური ოპოზიციის ლიდერი, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ალა ჯიოევა ცხინვალის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რუსული სააგენტოების ცნობით მან მიკროინსულტი გადაიტანა. ხუთშაბათს საღამოს ჯიოევას შტაბში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შევარდნენ. თვითმხილველთა თქმით ისინი სახელმწიფო დაცვის და ომონის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც ჯიოევას დაკავება სცადეს. ჯიოევას პრესმდივანმა ირინა დომბეკოვამ ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ სპეცრაზმელები ალა ჯიოევას შენობიდან გაყვანას ცდილობდნენ. ის ამ დროს ცუდად გახდა და გონება დაკარგა.

შტაბზე შტურმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ჯიოევასთან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელი მივიდა და მას გამომძიებელთან მოწმის სტატუსით გამოცხადება მოსთხოვა, რაზეც ჯიოევამ უარი განაცხადა, დე ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ჯიოევა პროკურატურის წარმომადგენელთან საუბრის დროს გახდა ცუდად და არანაირი შტურმი არ ყოფილა. ოპოზიციის მომხრეების თქმით, ჯიოევას შტაბიც და საავადმყოფოც ომონის ალყაშია და იქ არავის უშვებენ. ხუთშაბათს საღამოს ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში გამოვიდა დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა ალა ჯიოევამ საჯაროდ განაცხადა საკუთარი ინაუგურაციის შესახებ, რაც პარლამენტის და და სხვა სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. ასეთი განცხადებები კონსტიტუციური წყობის დარღვევისკენაა მიმართული და ფაქტობრივად წარმოადგენს მოწოდებას ხელისუფლების ძალისმიერი მიტაცებისკენ. ამასთან დაკავშირებით, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, იძულებული ვარ განვაცხადო, რომ ვიღებ მთელს პასუხისმგებლობას, აღვკვეთო ანტიკონსტიტუციური გადატრიალების მცდელობა რესპუბლიკაში.“ – განაცხადა ბროვცევმა.

10 თებერვალს ცხინვალში ალა ჯიოევას საკუთარი ინაუგურაცია უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ბევრი ექსპერტი ინაუგურაციის ჩაშლას ძალისმიერი მეთოდებით ვარაუდობდა. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯიოევას მომხრეები მოწმის სტატუსით იკითხებოდნენ. ამიტომ ჯიოევას დაკავებას ბევრი ანალიტიკოსი წინასწარ ვარაუდობდა. ოსი პოლიტიკოსი ვიაჩესლავ გობოზოვი მიიჩნევს, რომ პრობლემის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის მცდელობა პოლიტიკურ კრიზისს მხოლოდ გაამწვავებს.

„ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო პოლიტიკური კრიზისი უფრო სერიოზული იქნება. ეს ქმედებები ფაქტობრივად ხელისუფლების დელეგიტიმაციას იწვევს. ე.ი. პრეზიდენტი, რომელიც თითქოს არჩეული იქნება, ის არ იქნება მიღებული მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, როგორც კანონიერად არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი.“– ამბობს ვიაჩესლავ გობოზოვი.

ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ ჯიოევამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა კოკოითისთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, ამის შემდეგ კი ხელისუფლება ოპოზიციას ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებდა.

რუსული ინტერნეტგამოცემების ცნობით, დაკავებულია ალა ჯიოევას მეუღლე და იურისტი, შტაბი დარბეულია და იქ ჩხრეკა ტარდება. ჯიოევას მომხრეები იკრიბებიან საავადმყოფოსთან, რომელიც დაჯავშნული მანქანებით და სპეცრაზმელებით არის გადაკეტილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG