Accessibility links

logo-print

აზრთა სხვადასხვაობა და კამათი არ ცხრება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო. კანონპროექტი, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა გადამზადებისა და, ზოგადად, ამ სფეროს სამართლებრივი მოწესრიგების პარალელურად, ერთ სადავო მუხლს შეიცავს. მუხლი დასაშვებად მიიჩნევს შერეული ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებული ჯგუფის არსებობას, თუ ჯგუფში არა უმეტეს ათი სხვადასხვა ასაკის ბავშვია. ალტერნატიული პედაგოგიკის მხარდამჭერები -მათ შორის, ვალდორფის პედაგოგიკის მიმდევრები - მიიჩნევენ, რომ კანონის ასეთი ფორმით მიღება მათი პედაგოგიური მეთოდების გამოყენებას საქართველოში კრძალავს. განათლების სფეროს ექსპერტთა ნაწილიც ფიქრობს, რომ კანონი სკოლამდელი განათლების სფეროში კარგ ალტერნატივებს გამორიცხავს. არადა, კანონს პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მხარი დაუჭირა.

კანონპროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერაა ინიცირებული. კანონპროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური თანამშრომლობით და მხარდაჭერით შეიქმნა. გაეროს ბავშვთა ფონდის, იუნისეფის, კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ კანონპროექტი მთლიანად სკოლამდელი განათლების სფეროს აწესრიგებს, მასში განათლების კომპონენტი შემოაქვს და სამართლებრივ ჩარჩოს უქმნის მთლიანად სექტორს, რომელიც არანაირად არ იყო დარეგულირებული. თუმცა კანონპროექტში არსებული სადავო მუხლის გარშემო დისკუსიის გამო, რომელიც შერეული ასაკობრივი ჯგუფების დაკომპლექტებას ეხება, ყურადღების მიღმა დარჩა მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების სქემასთან დაკავშირებული საკითხები. მაია ქურციკიძის თქმით, კამათობენ იმაზე, რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს შერეულ ასაკობრივ ჯგუში, თუმცა არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და, ამასთან, გაეროს ბავშვთა ფონდი ალტერნატიულ პადაგოგიკას არ ეწინააღმდეგება:

„ჩვენი რეკომენდაცია არის ასეთი: რამდენი ბავშვიც არ უნდა იყოს ჯგუფში, ყოველ 10 ბავშვზე მოდიოდეს 1 აღმზრდელ-პედაგოგი, რაც აუცილებელია, რათა ბავშვმა მიიღოს კარგი განათლება და ეს პედაგოგი უნდა იყოს კარგად მომზადებული და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ ძალიან კარგ და საინტერესო ინიციატივებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, ვალდორფის ინიციატივას და სხვა პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ ინიციატივებს და ჩვენ, რასაკვირველია, მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ეს ინიციატივები და მათ მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალოთ“.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა დაგანათლების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით (27.04.2016) მიღებულ ვარიანტში ნათქვამია, რომ„ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია, ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან, არა უმეტეს 10 ბავშვის შემადგენლობით“.

კანონპროექტის ამ სახით დამტკიცების შემთხვევაშიდახურვის საფრთხის წინაშეაღმოჩნდება, მაგალითად, ვალდორფის თავისუფალი ბაღი. ალტერნატიული პედაგოგიკის ამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი და პედაგოგიკასწორედ შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობაზე დგას, ჯგუფში არანაკლებ 20-25 ბავშვისა.ბაღის სააღმზრდელო პრინციპი ეფუძნება ოჯახის მოდელს, სადაც სხვადახვა ასაკის ადამიანები არიან და ურთიერთობა აგებულია არა შეჯიბრებითობაზე, არამედ ურთიერთდახმარებასა და თანაგრძნობაზე და ასე ხორციელდება სოციალიზაცია,ამბობს ვალდორფის თავისუფალი ბაღის აღმზრდელი მარიკა ჩხიკვაძე:

„ბავშვის განვითარების პირველ შვიდწლედში მისი გარემო უნდა იყოს ოჯახურთან ძალიან მიახლოებული. ეს იდეალურად გამოდის, როცა ჯგუფი შერეულია. ვალდორფის პედაგოგიკის მთავარი პრინციპი არის მიბაძვით და მაგალითით სწავლა. ეს კიდევ ძალიან კარგად გამოდის შერეული ასაკის ჯგუფში, როცა პატარები დიდებისგან სწავლობენ, დიდებს ეს საფეხური უკვე გავლილი აქვთ და პატარებზე ზრუნავენ“.

მარიკა ჩხიკვაძის თქმით, კანონმა ალტერნატიული პედაგოგიკა კი არ უნდა აკრძალოს, არამედ დაუშვას შერეული ჯგუფების არსებობა მათთვის, ვინცპედაგოგიურად დაასაბუთებს, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია.

სადაც პედაგოგიკის ნაწილია, ამ შემთხვევაში ვალდორფის ბაღს ვგულისხმობ, მიიჩნევა, რომ შერეულ ჯგუფში უფრო სწორად ხდება ბავშვის სოციალიზაცია, რომ ამას აქვს ხელშემწყობი მნიშვნელობა ბავშვის ემოციურ-სოციალურ განვითარებაზე...

იმისათვის, რომ შერეული ჯგუფების არსებობას ხელი არ შეშლოდა ალტერნატიული პედაგოგიური პრინციპების სააღმზრდელო დაწესებულებებში, რესპუბლიკელთა ფრაქციის სახელით კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია შევიდა პარლამენტში, თუმცა მან მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ამ თემაზე 28 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილსა და კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის ინიციატორ ეკა ბესელიას შორის. ეკა ბესელია ყველას, მათ შორის, კოლეგებსაც საყვედურობდა იმას, რომ ალტერნატიული წინადადებებით მისთვის კანონპროექტისმეორე მოსმენამდე არმიუმართავთ, მაშინ როცა კანონპროექტზე მუშაობა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამას გაეროს ბავშვთა ფონდი უჭერს მხარს.

კანონპროექტის სადავო მუხლის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა რამდენიმე სარეკომენდაციო წერილიც შევიდა, თუმცა უშედეგოდ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შერეულ ასაკობრივ ჯგუფებთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრისას ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რომ ასეთ დროს ერთადერთი, რაც შეიძლებაგაძნელდეს, ესაა სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შორის კომუნიკაციის მოწესრიგება, თუმცა ეს არ ძნელდება ისეთ ბაღებში, სადაც ასეთი ჯგუფები სპეციალურად იქმნება:

„სადაც პედაგოგიკის ნაწილია, ამ შემთხვევაში ვალდორფის ბაღს ვგულისხმობ, მიიჩნევა, რომ შერეულ ჯგუფში უფრო სწორად ხდება ბავშვის სოციალიზაცია, რომ ამას აქვს ხელშემწყობი მნიშვნელობა ბავშვის ემოციურ-სოციალურ განვითარებაზე. სადაც პედაგოგები საკმაო წლების განმავლობაში და მაღალ დონეზე არიან მომზადებული, იქ ასეთი ხიფათი არ არსებობს, რომ ბავშვებს შორის კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნას“.

ალტერნატიული პედაგოგიკის მიხედვით მომუშავე საბავშვო ბაღების გარდა, კანონპროექტით გათვალისწინებული რეფორმა გამოწვევების წინაშე დააყენებს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო ბაღებს. როგორც თბილისის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს, წლების განმავლობაში ბაღის პედაგოგებს, აღმზრდელებსა და მეთოდისტებს არ ჰქონდათ შესაბამისი კვალფიკაცია, ამ შტატზე ადამიანებს ნიშნავდნენ მათი უნარ-ჩვევების შეუმოწმებლად:

„გამოწვევად რჩება მოქმედ საბავშვო ბაღებში მოქმედი აღმზრდელებისა და აღმზრდელების თანაშემწეების კვალიფიკაციის საკითხი და მათ გადამზადებას ჩვენ ვაპირებთ მიმდინარე წლის შემოდგომაზე“.

აი, ასეთ დონეზე, საფუძველშივე შეზღუდო სხვა ალტერნატიული პროგრამების დანერგვა, არის ძალიან ცუდი...

აქვე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში, როელიც გასული წლის აპრილში გამოქვეყნდა, ბაღების 70 % -ში ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები გამოვლინდა, 40 %-ში - ფიზიკური ძალადობისა და ფიზიკური სასჯელის გამოყენების პრაქტიკა. აღმზრდელების 30 % საკვების შემცირებას იყენებს, როგორც დასჯის მეთოდს, 75 % - თამაშის უფლების შეზღუდვას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სკოლამდელი და

ინკლუზიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დოლიძე საფრთხედ მიიჩნევს იმას, რომ ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, ზღუდავს მეცნიერულად დასაბუთებული და მსოფლიოში აპრობირებული ალტერნატიული სკოლამდელი განათლების პროგრამების დანერგვას, რომელიც შერეული ასაკობრივი ჯგუფების არსებობას ეფუძნება - მაგალითად, ვალდორფი, მონტესორი, რეჯიო ემილიას ან ტყის ბაღები.

„რა თქმა უნდა, ერთიანი სტანდარტები უნდა არსებობდეს, რომელიც დაარეგულირებს ამ პროგრამის განხორცილების ძირითად ასპექტებს, მაგრამ, აი, ასეთ დონეზე, საფუძველშივე შეზღუდო სხვა ალტერნატიული პროგრამების დანერგვა, არის ძალიან ცუდი“.

ხათუნა დოლიძე სხვა ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას. კანონიარ ითვალისწინებს აღმზრდელთა და ბაგა-ბაღების დირექტორთა გადამზადების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბებას და არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს, კოლამდელი განათლების სისტემის მართვაში პროფესიონალი და კონკურსის შედეგადშერჩეული კადრები დაასაქმონ. ამასთანავე, ხათუნა დოლიძის თქმით, გაუგებარი რჩება, ვინ გაუწევს რეალურ მონიტორინგს იმ პრაქტიკას, რომელიც უნდა დაინერგოს. წესით, ეს მუნიციპალიტეტს ეკისრება, თუმცა, დოლიძის თქმით, უმეტეს შემთხვევაში იქ მომუშავეპირები სკოლამდელი განათლების დარგის პროფესიონალები არ არიან, არ ფლობენ სათანადო ცოდნას.

კანონპროექტს კი მესამე მოსმენით კენჭს პარლამენტის მომავალ სასესიო კვირაში უყრიან. მეორე მოსმენით მას 69 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG