Accessibility links

ელჩი კოპლატაძე: საქართველოს მოქალაქეები დაღუპულთა შორის არ არიან


აფეთქებების შემდეგ სტამბოლის აეროპორტს პოლიციელები იცავენ

აფეთქებების შემდეგ სტამბოლის აეროპორტს პოლიციელები იცავენ

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 36-ს მიაღწია. დაიჭრა 150-მდე ადამიანი. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ინფორმაციით, სამმა თავდამსხმელმა ჯერ ცეცხლი გახსნა ავტომატური იარაღით, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოანის განცხადებით, რამადანის წმინდა თვეში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმისთვის სულ ერთია რწმენა და ფასეულობები. ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ სტამბოლში მომხდარი თავდასხმა იქცევა გარდამტეხ მომენტად მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაწილეობით ტერორიზმთან ერთობლივ ბრძოლაში. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა არ გამორიცხა, რომ მასში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელი ერიოს. თავდასხმა დაგმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აგრეთვე აშშ-მა ევროკავშირმა, ცალკეული ქვეყნების ლიდერებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათ თურქეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ ოთხშაბათს დილით აცნობა რადიო თავისუფლებას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არც დაღუპულებს, და არც დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

კოპლატაძის ცნობით, 28 ივნისს, სტამბოლი-თბილისის ავიარეისი თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე შესრულდა, თუმცა აეროპორტში ჯერაც იმყოფებოდნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სტამბოლიდან სხვადასხვა მიმართულებით, ტრანზიტით უნდა გამგზავრებულიყვნენ. ელჩის ინფორმაციით, ყველა მათგანი გენერალურმა საკონსულომ სასტუმროებში დააბინავა.

„ინტერპრესნიუსის“ სააგენტოს მოჰყავს საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აფეთქებების მომენტში აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს ასამდე მოქალაქე, რომლებიც სასტუმროებში გადაიყვანეს. ასაშვილის თქმით, 60-ზე მეტი მოქალაქისთვის, რომლებსაც შესაბამისი თანხა არ ჰქონდათ, ფინანსური რესურსი გამოჰყო საქართველოს მთავრობამ. კონსულის ინფორმაციით, ათათურქის სახელობის აეროპორტმა მუშაობა დღეს განაახლა და საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში შეძლებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG