Accessibility links

პაიატი: "რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას"


ჯეფრი პაიატი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში

ჯეფრი პაიატი, აშშ-ის ელჩი უკრაინაში

უკრაინაში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად თანაბარი 22-22%-ით პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ მინისტრ იაცენიუკის პრო-დასავლური პარტიები ლიდერობენ. სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონებში სამ მილიონამდე ამომრჩეველი საარჩევნო ხმის უფლების გარეშე დარჩა. ამ რეგიონებში არჩევნები 2 ნოემბერს ტარდება, რუსეთი აცხადებს, რომ მის შედეგებს აღიარებს, რადგან ის ლუგანსკსა და დონეცკში მთავრობის ლეგიტიმაციას მოახდენს.

უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებზე და დასავლეთის სამომავლო მხარდაჭერაზე, „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების ელჩს უკრაინაში - ჯეფრი პაიატს ესაუბრა.

უკრაინის რადას არჩევნები გადამწყვეტი იყო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენისთვის, ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ევროპასთან დაახლოების კუთხით.

​ "ჩემი აზრით რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რადას არჩევნებში უკრაინელმა ხალხმა გაიმარჯვა,” ასე აფასებს კვირას უკრაინაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების ელცი უკრაინაში - ჯოფრი პაიატი.

მისი თქმით არჩევნებმა ცხადყო, რომ რადას პრო-დასავლური უმრავლესობა ეყოლება, რომლის მიზანიც ქვეყანაში რეფორმების ჩატარება და ინსტიტუტების მოდერნიზაციაა. ის ამბობს, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს იმ რეფორმების ჩატარებას, რომლებსაც უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული რადა განსაზღვრავს.

რაც შეეხება რუსეთს, პაიატი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებს რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გამოიყენებს:

„ფაქტია, რომ უკრაინა თავის გეოგრაფიას ვერ შეცვლის. უკრიანას რუსეთთან სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობა სჭირდება. მე ვიცი უკრიანის მთავრობისგან, რომ ის მზად არის ამისთვის. მაგრამ ეს ურთიერთობა რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემაზე და უკრაინელი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის აღიარებაზე უნდა იდგეს. არჩევნებმა ნათლად გვიჩვენა, რომ უკრაინელი ხალხის არჩევანი არის ევროპა, მათი არჩევანია რეფორმები, მათი არჩევანია უკრაინა, რომელიც ქმნის დასავლურ ინსტიტუტებს,“ ამბობს ელჩი.

ელჩი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინას კონსტრუქციული ურთიერთობა ექნება როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან. თუმცა სამისოდ რუსეთმა რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგას, მათ შორის:

„რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმების ოთხივე პუნქტი. უმნიშვნელოვანესია აღსდგეს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, რომელზეც მონიტორინგი ეუთომ უნდა ჩაატაროს. ასევე, რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და შეიარაღება უკრაინის ტერიტორიებიდან.“

პაიატი იმ რეფორმებზეც საუბრობს, რომლებიც უკრაინის პრეზიდენტმა და ახლადარჩეულმა რადამ უნდა გაატარონ. მისი თქმით, უკრაინას ამ გამოწვევაში მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები დაუჭერენ.

„ეს გრძელვადიანი გამოწვევაა, რომელიც მმართველობის ჩვევების შეცვლას მოითხოვს, უნდა შეიცვალოს ის მოლოდინები,რომლებსაც უკრაინელი ხალხი მის მთავრობას და ბიზნეს წრეებს უყენებს და უნდა შეიცვალოს მთავრობის ქცევები, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის პირველ ოცწლეულში შეიქმნა.“

პაიატის თქმით რეფორმების ჩასატარებლად, უკრაინას შეერთებული შტატები საკუთარი გამოცდილების გაზიარებით დაეხმარება.

XS
SM
MD
LG