Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა საქართველოს დიპლომატების შეხვედრა


ამბასადორიალი 2016
ამბასადორიალი 2016

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა, ამბასადორიალი. მის მონაწილეებს მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ოთხდღიან შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები შეაფასებენ გაწეულ საქმიანობას და დაგეგმავენ მომავალი წლის სამუშაოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დიპლომატიაყოველწლიურად ახალ-ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშეა, რომლებიც უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობას მოითხოვს. „ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რეგიონული კავშირების გამყარება, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა” - განაცხადა ჯანელიძემ. მისი თქმით, ამბასადორიალზე აქცენტი გაკეთდება სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მეტად პოზიციონირების საკითხებზე. „ჩვენ ყველა პრიორიტეტის მიხედვით, გასულ წელს მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა. პირველ ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის კუთხით საერთაშორისო მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მოხდა საქართველოს საკითხის შესაბამის დონეზე წარმოდგენა და მხარდაჭერის მოპოვება“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისივე თქმით, საქართველოს ხელშესახები შედეგები აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სადაც უნდა გამოიყოს ნატოს ვარშავის სამიტი და ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. „ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ეკონომიკური დიპლომატიის განვითარებასაც საქართველოში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ექსპორტის ხელშესაწყობად და ტექნოლოგიების შემოსატანად“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი ინფორმაციით, ამბასადორიალის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება შეხვედრა დიპლომატებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG