Accessibility links

ირანმა დაკავებული ამერიკელი მეზღვაურები გაათავისუფლა


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეღვაურები, რომლებიც ირანმა დააკავა. ფოტო გამოქვეყნებულია ირანის რევოლუციური გვარდიის ვებსაიტზე. 2016 წლის 13 იანვარი.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეღვაურები, რომლებიც ირანმა დააკავა. ფოტო გამოქვეყნებულია ირანის რევოლუციური გვარდიის ვებსაიტზე. 2016 წლის 13 იანვარი.

ირანმა გაათავისუფლა 10 ამერიკელი მეზღვაური და ორი საპატრულო გემი, რომლებიც 12 იანვარს დააკავა, ირანის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლის ბრალდებით. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მეზღვაურები უკვე ამერიკულ მხარეზე იმყოფებიან და მათ, როგორც ჩანს, არაფერი დაშავებიათ.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 10 მოსამსახურე და მათი ორი გემი 12 იანვარს დააკავეს სპარსეთის ყურეში ირანის ტერიტორიულ წყლებში შესვლის შემდეგ. ამერიკელი ოფიციალური პირების განმარტებით, საწვრთნელი მისიის დროს ერთ-ერთ გემს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ორივე გემი ფარსის კუნძულის ნაპირს მიადგა. ეს არის ირანის კუთვნილი მომცრო კუნძული, რომელზეც მდებარეობს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სამხედრო-საზღვაო ბაზა.

ამერიკელების განცხადებით, ორ საპატრულო გემთან რადიოკავშირი გაწყდა, როცა ისინი ქუვეითიდან ბაჰრეინისაკენ მიეშურებოდნენ. გემებისა და მათი ეკიპაჟის გათავისუფლების შემდეგ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ პირველად აჩვენა დაკავებული ამერიკელი მეზღვაურების ფოტოები - როგორ სხედან ოთახში, სპარსულ ხალიჩებზე. აჩვენეს ორივე ხომალდიც.

ასევე 13 იანვარს ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, გენერალ ალი ფადავის განცხადება: „ჩვენი საბოლოო დასკვნა იყო, რომ ეს არ არის მტრული შემოჭრა ჯაშუშობის ან სხვა მსგავსი მიზნით. შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების გემებმა ამ რეგიონში ჩამოაღწიეს მათი სანავიგაციო სისტემის ხარვეზის შედეგად. აღიარეს, რომ არ იცოდნენ, ასე ახლოს რომ იყვნენ ირანის ტერიტორიასთან - ფარსის კუნძულთან. აღიარეს, რომ ეს განზრახ არ მომხდარა და მათი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგი იყო“.

იუწყებიან აგრეთვე, ირანის რევოლუციური გვარდიის წყაროზე მითითებით, რომ ამერიკელმა მეზღვაურებმა ბოდიში მოიხადეს, რასაც მათი გათავისუფლება მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონს ბოდიშის შესახებ ეს ცნობა არ დაუდასტურებია.

ამერიკელი მეზღვაურები - ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი - 13 იანვრის დილას ორი ხომალდით გაემგზავრნენ ფარსის კუნძულიდან, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანსა და საუდის არაბეთს შორის, დაახლოებით, შუა გზაზე მდებარეობს. პენტაგონის განცხადებით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მეზღვაურებს მოკლე დაკავების დროს რაიმე დაუშავდათ. ამასთან, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები აპირებს გამოიძიოს გარემოება, რომელსაც ირანში მეზღვაურების ყოფნა მოჰყვა.

როგორც იუწყებიან, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მადლობა გადაუხადა ირანს თანამშრომლობისათვის 10 ამერიკელი მეზღვაურის მალე გასათავისუფლებლად. „მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება ირანის ხელისუფლების მიმართ ამ საკითხის სწრაფად მოგვარებაში თანამშრომლობისათვის. ის, რომ საკითხი მშვიდობიანად და სწრაფად მოგვარდა, მოწმობს, რომ დიპლომატია საკვანძო მნიშვნელობის როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ძლიერების დასაცავად“, - აღნიშნა ჯონ კერიმ.

ამერიკელი მეზღვაურების გარშემო კრიზისის მოგვარების მიუხედავად, ამერიკა-ირანის ურთიერთობა კვლავაც დაძაბული რჩება. გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ირანმა რაკეტები გაისროლა სპარსეთის ყურეში ამერიკული ავიამზიდის მახლობლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG