Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღინიშნა


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 4 ივლისი, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, ერთი დღით გვიან, 5 ივლისს, სპეციალური მიღებით აღნიშნა. ეს, საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის, სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ბოლო საჯარო ღონისძიება გახლდათ. ბასმა აშშ-ის დამოუკიდებლობის 236-ე წლისთავზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და როდესაც ის მომავალში უკვე რიგით ტურისტად ეწვევა ქვეყანას, აქ ბევრად განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები დახვდება.

ამერიკის საელჩოს ეზო ქვეყნის დროშის ფერებითაა მორთული. მოწვეულ სტუმრებს სახსოვრად ამავე ფერებით გაფორმებულ მარაოებსა და სამკერდე ნიშნებს აძლევენ, წარწერით ”ამერიკა - საქართველო - 20 წელი”, რაც ორი ქვეყნის ოცწლიან მეგობრობაზე მიუთითებს. იგივე წარწერა აქვს საიუბილეო ტორტსაც. საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ ამდენი წლისაა, აშშ კი უკვე დამოუკიდებლობის 236-ე იუბილეს აღნიშნავს. საელჩოს ეზოში სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ამერიკული ჯაზ-ბენდი “Kool Fusion” უკრავს.

ცოტა ხანში აუდიტორიის წინაშე აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასიც წარდგება. მის მისალოც სიტყვას ჯერ ამერიკის და შემდეგ საქართველოს ჰიმნი უძღვის წინ.

ჯონ ბასი საქართველოში, ამერიკის ელჩის რანგში, უკანასკნელად მიმართავს საზოგადოებას და ყველას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
წელს ჩვენ ამ დღეს საქართველოში ქართველებთან ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან სცდება ჩვენი ქვეყნების ფარგლებს და ის, პარტნიორობის სახით, ავღანეთშიც გრძელდება. ამიტომ, ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ არც ის ადამიანები, ვინც იქ მსახურობდა და ერთობლივი მიზნების განხორციელებას შესწირა თავი...

”დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ პრინციპების იუბილეს, რომლებზეც დაფუძნებულია აშშ და რომლებიც მეტად დაფასებულია ამ ქვეყანაში - ესაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა. თუმცა ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ ეს არა მხოლოდ ამერიკული, არამედ საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებიცაა. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა კიდეც თავის მოსალოც სიტყვაში, რომ მუდამ უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც ამ უფლებების მოპოვებისათვის იბრძვის. მან ასევე შენიშნა, რომ ამერიკა სიამაყით დგას ამ ხალხების გვერდით. წელს ჩვენ ამ დღეს საქართველოში ქართველებთან ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა თქვენს ქვეყანასთან სცდება ჩვენი ქვეყნების ფარგლებს და ის, პარტნიორობის სახით, ავღანეთშიც გრძელდება. ამიტომ, ცხადია, არ უნდა დავივიწყოთ არც ის ადამიანები, ვინც იქ მსახურობდა და ერთობლივი მიზნების განხორციელებას შესწირა თავი.”

ჯონ ბასმა, რომლისთვისაც მისი საქართველოს ელჩად მოღვაწეობის სამი წლის დასასრულს ეს მიღება ბოლო საჯარო ღონისძიება გახლდათ, ასევე ურჩია არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს გამოიჩინონ მაქსიმალური შემწყნარებლობა და საჭირო მომენტში არც კომპრომისებზე თქვან უარი. ბასმა ეს აზრი ბენჯამინ ფრანკლინის ცნობილი სიტყვებით გაამყარა: ”კომპრომისები არ აჩენს დიდ გმირებს, მაგრამ ქმნის დიდ დემოკრატიებს”.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უდიდესმა და ყველაზე საინტერესო ქვეყანამ, მეგობრად გვაღიარა და ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის - იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგეს და რეალურად დემოკრატიული სახელმწიფო მივიღოთ...

”სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გასულ თვეში საქართველოში ვიზიტისას თქვა, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დემოკრატიის განვითარებით და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებითაა შესაძლებელი. ზოგი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ საქართველოში არ არის შექმნილი სამართლიანი არჩევნებისათვის საჭირო საარჩევნო გარემო. მე ამ აზრის მქონე ადამიანებს არ მივეკუთვნები და ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს აქვს ის სამართლებრივი ჩარჩო, თუნდაც ბოლო დროს მიღებული ”მასთქერის” პრინციპს ვგულისხმობ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე კონკურენტული არჩევნების ჩატარება. მე ასევე მჯერა, რომ პროცესის წარმატება დიდწილად მის მონაწილეებზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მისცენ ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება.”

ჯონ ბასმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში 4 ივლისის აღნიშვნა მისთვის განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან საქართველომ არც ისე დიდი ხნის წინ მოიპოვა ხელახლა თავისი დამოუკიდებლობა. მისივე სიტყვებით, საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის მიმართ, იმის მიმართ, რომ თავად აირჩიონ ეს მომავალი.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს მიულოცა უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ და თქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ოცწლიან გზაზე ამერიკის მხარდაჭერის გარეშე მიზნების მიღწევა გაცილებით რთული იქნებოდა:
გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია


”ეს დღე მთელ თავისუფალ სამყაროში დაკავშირებულია დღესთან, როდესაც თავისუფლებამ გაიმარჯვა და იმ ქვეყანასთან, რომელიც ამ თავისუფალი სამყაროს ლიდერად იქცა. იდეალური არავინ არის, მაგრამ საღი აზრის პირობებში, მე მგონი, არავინ დავობს იმაზე, რომ აშშ-მა თავისუფლების ისტორია სხვა ხარისხობრივ ეტაპზე გადაიყვანა და ეს ქვეყანა დღემდე რჩება მაგალითად ყველასთვის, ვისაც სურს თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს.”

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კი გვითხრა, რომ მას, ვისაც ცოტა ხანს მაინც უცხოვრია აშშ-ში, ის განსაკუთრებული ემოციით ზეიმობს ამ დღეს:
ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია


”მეც, რა თქმა უნდა, ჩემი სენტიმენტები მაქვს. ეს არის დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ, გარდა ამისა, ამერიკელებისათვის ეს არის ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი ადამიანური სოლიდარობის დღეც. ამერიკა 200 წელზე მეტია აშენებს იმ ქვეყანას, რომელსაც შემდგარი დემოკრატია ჰქვია, მაგრამ გამოიარა ურთულესი წლები, ომები და ჩვენც, თუ ამ კუთხით შევხედავთ, მივხვდებით რატომ ეძვირფასებათ ამერიკელებს ეს დღე. მინდა მათ ეს დღე მივულოცო და აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ სწორედ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ზეიმისთვის და ტერორისგან გათავისუფლებისთვის იბრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენი მეომრები ერთად და ეს არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი.”
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი


”ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობა შეიძლება ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად ჩაითვალოს:

”ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უდიდესმა და ყველაზე საინტერესო ქვეყანამ, მეგობრად გვაღიარა და ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისათვის - იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგეს და რეალურად დემოკრატიული სახელმწიფო მივიღოთ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG