Accessibility links

logo-print

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე საქართველოსთვის ისტორიულ კვირაში აღინიშნა


დღეს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 238-ედ ზეიმობს. ეს დღე საქართველოში აშშ-ის საელჩომ 2 ივლისს საზეიმო მიღებით აღნიშნა. საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საელჩოს ეზოში შეკრებილ საზოგადოებას უთხრა, რომ ეს დღე საქართველოსთვის მნიშვნელოვან კვირას დაემთხვა. მისი სიტყვებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვა თავისი არჩევანი.

საზეიმო მიღება წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში მორთულ აშშ-ის საელჩოს ეზოში ზუსტად 5 საათზე დაიწყო. აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და მისი ცოლი მერი ჰარტნერი სტუმრებს პირადად იღებენ. 1000-მდე სტუმარი საგანგებოდ მოწყობილ ფარდულში იკავებს ადგილს. სულ მალე სტუმრების ყურადღება აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფის წევრებისკენ ინაცვლებს. საზეიმო სიტყვის მოსმენამდე სტუმრები აშშ-ის დროშების აღლუმს ადევნებენ თვალს.

დროშების აღლუმს აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი ცვლის, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშეს ცოლი, მაშა რიჩარტი, ასრულებს. მაშა რიჩარტის კაპელას კი ქალთა ანსამბლ „გორდელას“ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მოჰყვება, რის შემდეგაც საელჩოს ეზოში მოწყობილ მცირე სცენას საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებენ.

„საქართველომ განამტკიცა უფლება თავად აირჩიოს ეკონომიკური და უსაფრთხოების ისეთი პარტნიორობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის კეთილდღეობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ამ უფლებას და ჩვენ ამისათვის მაქსიმუმს გავაკეთებთ მომავალშიც“, - თქვა ელჩმა.

ბრიჯიტ ბრინკი და რიჩარდ ნორლანდი

ბრიჯიტ ბრინკი და რიჩარდ ნორლანდი

„ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 238-ე წელი საქართველოსთვის ისტორიულ კვირას დაემთხვა“, - ასე დაიწყო თავისი საზეიმო სიტყვა ელჩმა ნორლანდმა. მისი სიტყვებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახვა თავისი არჩევანი.

საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მისიის უფროსის მოადგილის რანგში უკანასკნელად აღნიშნა ბრიჯიტ ბრინკმა. რიჩარდ ნორლანდის სიტვებით, მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიის მისიის განხორციელებაში და ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მხარდაჭერაში. ბრიჯიტ ბრინკი სამი წელი მსახურობდა საქართველოში. ის სტუმრებს ქართულ ენაზე დაემშვიდობა: „ჩემო მეგობრებო, ჩემი და ჩემი ოჯახის სახელით, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის“.

კაპიტანი დოლიძე ეტლში ზის. მან სამი კიდური ავღანეთში, ISAF-ის მისიაში სამსახურისას, 2011 წელს დაკარგა. ის ნაღმზე აფეთქდა. მეუბნება, რომ ამერიკელი სამხედროების გვერდიგვერდ საზღვარგარეთის მისიებში სამსახური, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი:

„ამერიკული მხარე ძალიან ბევრს აკეთებს ქართველი დაჭრილი ჯარისკაცებისთვის. ყველანაირად გვერდში გვიდგანან. ამერიკელების დახმარებით ამ მისიებში ყოფნით ჩვენ გარეშე მტრებისგან ვიცავთ თავს. ჩემი აზრით კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ავღანეთში მსახურობა იქნება ეს თუ დღეს უკვე მალიში, ჩვენ იქიდან საქართველოს საზღვრებს ვიცავთ“.

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ამერიკის მხრიდან საქართველოს განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე:

ბრიჯიტ ბრინკი და ირაკლი ღარიბაშვილი

ბრიჯიტ ბრინკი და ირაკლი ღარიბაშვილი

„ამერიკა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და დახმარებას ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში. და ჩვენ, ქართველებს, გვახსოვს აშშ-ისა და ამერიკელების დახმარება მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ეს დახმარება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ ვუერთდები მილოცვებს და მინდა, რომ გულითადად ვუსურვო აშშ-სა და მის მოქალაქეებს დიდი წარმატებები ყველა სფეროში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მისია იმ სამყაროსთან მაქსიმალური დაახლოება უნდა იყოს, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს:

გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია

„ეს არის მსოფლიო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც დაიბადა თანამედროვეობის ყველაზე დიდი და მოწინავე დემოკრატია, რომლის მნიშვნელობა არ შეიძლება რომ იქნეს გადაფასებული, რადგან ამ მოვლენამ განაპირობა ის თავისუფლება, რომელიც აქვს დღეს თავისუფალ სამყაროს და რომლის ნაწილიც გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ. ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებში შედის პარტნიორობის გამყარება ყველა მიმართულებით“.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ეკონომიკურ ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას და საქართველოში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესახებ ლპარაკობს:

„მახარებს ის ფაქტი, რომ აშშ-დან საკმაოდ მსხვილი, წამყვანი ფონდები მონაწილეობენ ჩვენს კაპიტალში. ეს ნიშნავს სხვა ამერიკელი ინვესტორებისათვის გზავნილს, რომ ეს არის სტაბილური ქვეყანა, აქ ბიზნესი კეთდება მაღალი ევროპული სტანდარტებით და ქვეყანას აქვს პერსპექტივა განავითაროს ბიზნესი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკა-საქართველოს ბიზნესურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“.

მწერალი ზურაბ ქარუმიძე სტუმრებს შორისაა. ის მეუბნება, რომ საქართველომ საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან გამოძრომა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერითა და თანადგომით მოახერხა:

„ეს არ არის უბრალოდ მათხოვრობა, ეს არის იმ გამოცდილების გაზიარება დემოკრატიის, თავისუფლების და ლიბერალიზმისა, რომელიც ამერიკას ისტორიულად აქვს და რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჩვენ თუ გავაგრძელეთ იმ გზაზე სიარული, რომელზეც ახლა შევდექით, შეიძლება მართლა გამოვძვრეთ და მართლა დავემსგავსოთ იმ ქვეყანას, როგორიც გვინდა, რომ საქართველო იყოს“.

XS
SM
MD
LG