Accessibility links

logo-print
საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციის, ”ამნესტი ინტერნეშნლის” 2011 წლის ანგარიშში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 155 ქვეყნის მიხედვითაა შეფასებული. ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც, რომელშიც, ორგანიზაციის თანახმად, გასული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამი ძირითადი საკითხი იქცევდა ყურადღებას: დემონსტრაციების დაშლისას პოლიციის გადამეტებული ძალის გამოყენება, იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლებისას საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა და სამართლიანი მართლმსაჯულების პრობლემები.

”ამნესტი ინტერნეშნლის” 2011 წლის ანგარიში სქელტანიანი დასკვნაა. მისი საერთო მოცულობა 400 გვერდს აღემატება. ამ დოკუმენტში მხოლოდ ორი გვერდი ეთმობა საქართველოს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი უფლებადამცავების აზრით, „ამნესტი ინტერნეშნლმა“ კრებითად შეძლო იმ ძირითადი პრობლემების წარმოჩენა, რომლებმაც გასულ წელს ადამიანის უფლებების სფეროში იჩინეს თავი. თუ პრობლემებს „ამნესტი ინტერნეშნლის“ მიერ განსაზღვრული რიგითობით მივყვებით, განსაკუთრებული ყურადღების საგანია შეიარაღებული კონფლიქტის შედეგები და კონფლიქტისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება. მათ შორის აღნიშნულია ისიც, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები იძულებით ადგილნაცვალ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი დევნილთა განსახლების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების დარღვევის საკითხი - დროებითი საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებით გამოსახლებით დაწყებული, ხშირ შემთხვევაში, მათთვის სანაცვლოდ არაადეკვატური ბინებისა და პირობების შეთავაზებით დამთავრებული.

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე პირობები, როდესაც ადამიანები განსახლებულები არიან სოფლად, უმეტეს შემთხვევაში იქ, სადაც დასაქმების პრობლემა დგას შემდგომ ...
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე” მუხლის აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი განმარტავს, დევნილთა განსახლების პრობლემებში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხზე აქცენტს ადგილობრივი უფლებადამცავებიც აკეთებენ, თუმცა „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

”ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ასევე პირობები, როდესაც ადამიანები განსახლებულები არიან სოფლად, უმეტეს შემთხვევაში იქ, სადაც დასაქმების პრობლემა დგას შემდგომ და საყოფაცხოვრებო პირობების პრობლემაც, ბუნებრივია, დგება ხოლმე. როგორც წესი, ისინი დასაქმებულები არ არიან, არ აქვთ კონტაქტი ცენტრალურ რაიონებთან და ქალაქებთან. ეს პრობლემა მათ აქვთ და ძალიან ცუდად აისახება უკვე მათ ოჯახურ, სოციალურ მდგომარეობაზე. ”

ნაზი ჯანეზაშვილი იზიარებს „ამნესტი ინტერნეშნლის“ შეფასებას, რომ დევნილთა განსახლების პროცესში სახელმწიფომ, ხშირ შემთხვევაში, ვერ დაიცვა ადამიანთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება. რაც შეეხება ადამიანთა უფლებების დარღვევის განსაკუთრებულად საგანგაშო ტენდენციებს, ნაზი ჯანეზაშვილი გამოყოფს ეფექტიანი გამოძიების პრობლემას, რომელიც, მისი შეფასებით, ადეკვატურად, ფაქტებითაა აღწერილი ანგარიშშიც. ანგარიშის თანახმად კი, 2011 წლის 3 იანვრისა და 26 მაისის მშვიდობიანი აქციების დაშლის დროს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ დამოუკიდებელი გამოძიება არ ჩატარებულა, ისევე როგორც 2007 და 2009 წლის დემონსტრაციების შემთხვევაში. ანგარიშში საუბარია ასევე მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემების შესახებ. მოხსენიებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ”გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დადგინდა. „ამნესტი ინტერნეშნლი“ მიუთითებს, რომ, მოქალაქის გარდაცვალებაში პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობის მიუხედავად, საქმის ხელახალი გამოძიება არ დაწყებულა. „ამნესტი ინტერნეშნლის“ წარმომადგენელი, საქართველოსა და აზერბაიჯანის საკითხების მკვლევარი ნატალია ნოზაძე განმარტავს:

ძირითადი რა პრობლემებიც იყო და რაც შეიძლებოდა ჩატეულიყო ამ ფორმატში, ეს არის ყოველწლიური ანგარიში და აქ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მოკლედ შედის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ...
”ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანად გამოძიებაა საჭირო. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეასრულოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს.“

„ამნესტი ინტერნეშნლის“ ანგარიშის საქართველოს ნაწილში საუბარია ასევე პროკურორის გაზრდილ უფლებამოსილებებზე, წინასწარი პატიმრობის ხშირ გამოყენებაზე, გამამართლებელი განაჩენის დაბალ მაჩვენებელზე და სხვ. შეფასებების ყველაზე მუცულობითი ნაწილი შეკრებების თავისუფლების ქვეთავია. 2011 წლის 3 იანვარს ვეტერანთა აქციის დროს გამოკვეთილი კანონდარღვევებიდან გამოყოფილია, მაგალითად, ფაქტი, როდესაც მოსამართლე პოლიციის ჩვენებას დაეყრდნო მხოლოდ და განაჩენის გამოტანისას არსებული ვიდეომასალა არც კი ნახა. ”ადამიანის უფლებების ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი დაუსჯელობის პრობლემაზე კეთდება და ანგარიში სწორედ ამ თვალსაზრისით განსხვავდება წინა ყოველწლიური ანგარიშებისგან:

”ძირითადი რა პრობლემებიც იყო და რაც შეიძლებოდა ჩატეულიყო ამ ფორმატში, ეს არის ყოველწლიური ანგარიში და აქ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მოკლედ შედის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ მოიცვა და, მე როგორც ვიცი, ამნისტია ამ წლიდან იწყებს უკვე გააქტიურებას საქართველოში და მომავალი წელი შეიძლება უფრო დეტალური იყოს.”
XS
SM
MD
LG