Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და ტექნიკის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამნისტიის გამოცხადებასა და გადაუხდელი პირგასამტეხლოების პატიებას გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, ჯამში, დაახლოებით, 27 მილიონი ლარის ფინანსურ ვალდებულებაზეა საუბარი. ამნისტიის აქტი, სულ მცირე, 8 000-მდე პირს შეეხება.

მისი მიზანი, ისევე როგორც ყველა ამნისტიისა, კეთილშობილურია - მიწის ნაკვეთით და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მოსარგებლე პირებს ტვირთი შეუმსუბუქოს და ამ გზით ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. თუმცა, ისევე როგორც ყველა ამნისტია, იგი გარკვეულ უარყოფით მომენტებსაც შეიცავს კეთილსინდისიერი გადამხდელების მიმართ. კერძოდ, ისინი, ვინც მოახერხა და კეთილსინდისიერად იხადა გადასახდელები, არათანაბარ პირობებში დგებიან და მათი დანახარჯები უფრო მაღალი გამოდის. და მაინც, როგორც წესი, პარლამენტში მსგავს გადაწყვეტილებებს ბევრი მოწინააღმდეგე არ ჰყავს ხოლმე, მით უმეტეს - წინასაარჩევნოდ.

პარლამენტში კიპროექტი უკვე შევიდა. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების უზუფრუქტის უფლებით მიმღებ პირს ეპატიება სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის 2016 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს ეპატიება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2014 წლის 1-ელ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობა და გათავისუფლდება ამავე თარიღამდე მიწის ნაკვეთით სარგებლობის გადაუხდელი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.

პროექტი ითვალისწინებს ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პრივატიზების (როგორც აუქციონის, ასევე, იჯარა- გამოსყიდვის ფორმით) თაობაზე დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების გადავადებას, სხვა სახელშეკრულებო პირობებისაგან გათავისუფლებას, გადაუხდელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას და, ასევე, იჯარა-გამოსყიდვის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის პრივატიზების შემთხვევაში, 2014 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემძენს, რომელსაც ქონება 100 ლარზე ნაკლებ ფასად არ აქვს გადაცემული, ეპატიება სახელშეკრულებო ვალდებულებების, მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 2016 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლო. ამასთან, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების ვადა გადაუვადდება 2017 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან გათავისუფლდება.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის იჯარა-გამოსყიდვის ფორმით შემძენს ასევე ეპატიება პირგასამტეხლო და გათავისუფლდება 2014 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებისაგან.

მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ფერმერთა საქმიანობის ხელშეწყობას და, ვალდებულებების შესრულების ტვირთის მოხსნისა და გადავადების შედეგად, მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG