Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტია ცხინვალში


ცხინვალი
ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება. ამნისტიის გარდა, დე ფაქტო ხელისუფლება პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებას აპირებს. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი. ვინც ციხეში დარჩება, მათაც ეძლევათ შანსი საქმეები გადაიხედოს და, პროცესუალური ნორმების დარღვევისა და საგამოძიებო ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, გათავისუფლებას მიაღწიონ. ცოტა ხნის წინ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა შეწყალების კომისია შექმნა, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები შევიდნენ. მათ, ვისაც ამნისტია არ შეეხება, შეეძლებათ ამ კომისიასაც მიმართონ. დე ფაქტო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მურად ვანეევის განცხადებით, კომისია მუდმივმოქმედი იქნება და ყველას, ვინც დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს უფლება და საშუალება ექნება მას მიმართოს, საქმის განხილვის შემდეგ კი საბოლოო სიტყვას უკვე დე ფაქტო პრეზიდენტი იტყვის.

არსებობის ბოლო დღეებს ითვლის ცხინვალის ციხეც, სადაც არაერთმა პატიმარმა აუტანელი პირობების გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ალა ჯიოევამ ცხინვალის ციხე ჟურნალისტებთან ერთად მოინახულა და იქ არსებული პირობების გამო განგაში გამოაცხადა. ჯიოევამ ხელისუფლებას ახალი კოლონიის აშენება შესთავაზა. თიბილოვის მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მოქმედება. ჩვენი რადიოს ჟურნალისტთან საუბარში რუსეთის უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ჩერკასოვი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების ჰუმანური დამოკიდებულება პატიმრების მიმართ მხოლოდ მისასალმებელია.

ოსი პოლიტიკოსის ვიაჩესლავ გობოზოვის აზრით, საზოგადოება მოითხოვს, რომ პატიმრების მიმართ ჰუმანური მოპყრობა გაჩნდეს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც დე ფაქტო რესპუბლიკა კრიზისულ მდგომარეობაში ჩააგდო და რუსული ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება მიითვისა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ამნისტიის გამოცხადება დაემთხვა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, სადაც ოსურმა მხარემ ქართველი პატიმრების გათავისუფლების მზადყოფნა გამოთქვა. ამჟამად ცხინვალის ციხეში სასჯელს საქართველოს 4 მოქალაქე იხდის. სამაგიეროდ, ოსური მხარე საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი პატიმრების გადაცემას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნაა მოხდეს გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“. მომდევნო შეხვედრაზე მხარეები ერთმანეთს უკვე გასათავისუფლებელთა სიებს გადასცემენ. ქართული მხარე არ უარყოფს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ციხეებს რამდენი ოსი პატიმარი დატოვებს.
XS
SM
MD
LG