Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტირებულმა ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ევროპას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა


ნადეჟდა ტოლოკონიკოვა
ნადეჟდა ტოლოკონიკოვა
მარია ალიოხინას შემდეგ ორშაბათს საპყრობილე დატოვა ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ, პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრმა, რომელზეც რუსეთის კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებული ამნისტია გავრცელდა. მარია ალიოხინამ ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში მის განთავისუფლებას „პროპაგანდისტული აქცია“ უწოდა, ხოლო ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ ევროპას სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირებისაკენ მოუწოდა.

ვფიქრობ, დავკავდე საზოგადოებრივი უფლებადაცვითი საქმიანობით და თვალყური ვადევნო ნიჟნი ნოვგოროდის კოლონიაში შექმნილ ვითარებას, - განაცხადა პანკ-ჯგუფ „ფუსი რაიოტის“ წევრმა მარია ალიოხინამ, რომელმაც ამნისტიის საფუძველზე დატოვა კოლონია.

მარია ალიოხინა
მარია ალიოხინა
„სიტუაცია ნიჟნი ნოვგოროდის კოლონიაში, იმედი მაქვს, ჩემს კონტროლქვეშ დარჩება. უნდა მოუსმინონ იმ ქალებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს სამუშაო პირობების დარღვევაზე. დაუშვებელია, რომ მათზე რაიმე სახის რეპრესია განხორციელდეს კოლონიის ადმინისტრაციის ან სხვა რომელიმე სამართალდამცველი ორგანოს მხრიდან. განზრახული მაქვს თვალყური ვადევნო ამას, განზრახული მაქვს შევინარჩუნო მათთან კავშირი. ვუსურვებ მათ მხნეობას! მე მათ გვერდით ვარ!“ - განაცხადა მარია ალიოხინამ.

გასული წლის 17 აგვისტოს „ფუსი რაიოტის“ სამი წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო რელიგიური სიძულვილისა და შუღლის ნიადაგზე ჩადენილი ხულიგნობისათვის და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით ეკატერინა სამუცევიჩს სასჯელის რეალური ვადა პირობითით შეუცვალეს. მარია ალიოხინამ ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში მის განთავისუფლებას „პროპაგანდისტული აქცია“ უწოდა. კიდევ უფრო კრიტიკული იყო რუსეთში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომელმაც რუსეთი კოლონიას შეადარა:

„მე გავიზარდე, შიგნიდან დავინახე სახელმწიფო, დავინახე, თუ როგორია შიგნიდან ეს პატარა ტოტალიტარული მანქანა. რუსეთი, მართლაც, კოლონიის მოდელზეა აგებული. ამიტომ არის ასე საშური ამ კოლონიების შეცვლა, რათა რუსეთი შეიცვალოს. პენიტენციური კოლონიები და ციხეები რუსეთის სახეა“.
მე მოვუწოდებ ევროპას ბოიკოტისკენ, გულწრფელობისკენ, მოგიწოდებთ არ გაიყიდოთ იმ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, რომელიც რუსეთმა შეიძლება მოგცეთ...
ნადეჟდა ტოლოკონიკოვა

ჟურნალისტებთან საუბარში ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ რუსეთში განხორციელებულ ამნისტიას ფარსი უწოდა და მოუწოდა ევროპას ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას:

„ძალიან სასაცილოა ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, როდესაც გარკვეული კოსმეტიკური ზომებით თავისუფლდება ხალხი, ვისაც რამდენიმე თვე რჩებოდა პატიმრობის ვადის გასვლამდე, ხოდორკოვსკის შეწყალება, რომელსაც საბოლოო განთავისუფლებამდე სულ ცოტა დროღა რჩებოდა. ასეთ ამნისტიას უფრო ფართო მასშტაბი უნდა ჰქონდეს და ევროპის ქვეყნები მხოლოდ ამის შემდეგ გადახედავდნენ პოზიციას სოჭის ოლიმპიური თამაშობების მიმართ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მოვუწოდებ ევროპას ბოიკოტისკენ, გულწრფელობისკენ, მოგიწოდებთ არ გაიყიდოთ იმ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, რომელიც რუსეთმა შეიძლება მოგცეთ.“

რუსეთის კონსტიტუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებული ამნისტიის საფუძველზე გასულ კვირაში, 20 დეკემბერს, ვლადიმირ პუტინმა მიხაილ ხოდორკოვსკიც შეიწყალა. თუმცა, ალიოხინასა და ტოლოკონიკოვასგან განსხვავებით, ხოდორკოვსკიმ, რომელიც გერმანიაში გაემგზავრა, ყველასთვის მოულოდნელად, კრემლის კრიტიკისაგან თავი შეიკავა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG