Accessibility links

logo-print

ფერადი ფანქრებით დახატული და ამოძრავებული „ვეფხისტყაოსანი“


4 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სტუდია „ტელევეზირის“ მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმის, „ვეფხისტყაოსნის“, პრეზენტაცია. ანიმაციური ფილმი იმით არის გამორჩეული, რომ ის ბავშვების მიერ შექმნილი ნახატებით არის ამოძრავებული და ბავშვების ხმით გახმოვანებული. პროექტის იდეის ავტორი მთელ საქართველოში ათი წლის განმავლობაში აგროვებდა ნახატებსა და ხმებს და, საბოლოოდ, 9-წუთიანი ფილმიც შეიქმნა. თუმცა სტუდია „ტელევეზირის“ დამფუძნებლებსა და იდეის ავტორებს სხვა, უფრო შორს მიმავალი, გეგმები აქვთ.

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ეს სიუჟეტი. ათასი წელი რომ მეფიქრა, ამაზე უკეთეს დასაწყისს ვერც მოვიფიქრებდი. ჩურჩული... ბავშვები ჩურჩულებენ. ასეთი ჩურჩულით წლების წინ, ბავშვობაში, ჩვენც გვიჩურჩულია. თამაშისთვის მოგვიპარავს საათები და „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები გვიზეპირებია. ჩვენთვის უცხო სიტყვებზე ენა დაგვბმია, სწავლა თავიდან დაგვიწყია, საზეპიროზე ხელები დაგვიფარებია, თვალები ჭერისთვის გაგვიშტერებია და სულ ენის ბორძიკ-ბორძიკით ჩაგვიბარებია „რომელმან შექმნა სამყარო“ დედებისთვის, მამებისთვის, გვინატრია, ნეტა დახურული წიგნის კითხვა შეგვეძლოსო, და მიგვიტანია საზეპირო მასწავლებლამდე...

ბავშვების ხმებით, ჩურჩულით იწყება ფილმი, ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ბავშვებმა დახატეს, ბავშვებმა გაახმოვანებს. მათი ხმები, მათი ნახატები კი იმ ჯგუფმა შეაგროვა და გააცოცხლა, რომლის ხელმძღვანელიცაა ნოდარ ბეგიაშვილი. ის ამ პროექტის ავტორი და რეჟისორია. ასე გაცნობილი ვეფხისტყაოსანი ბავშვებს უფრო მეტად შეუყვარდებათ, მეუბნება ის:

„საქმე რაშია, იცით? ეს ხერხი - ბავშვების ნახატების გაცოცხლება - არის საუკეთესო საშუალება მათთან ურთიერთობის. სულ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, რომ მათთვის მიმეტანა, რა შეიძლებოდა, რომ მეთქვა და მივხვდი, რომ იმაზე ძვირფასს და საინტერესოს - არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურაში, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში - სხვას ვერაფერს შევთავაზებდი“.

ნოდარ ბეგიაშვილი ბავშვების ხმებს და ნახატებს „ვეფხისტყაოსნისთვის“ 2003 წლიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აგროვებს. ამ ხნის მანძილზე შემოქმედებითმა ჯგუფმა 900-ზე მეტი ბავშვის ხმა ჩაიწერა. ბავშვებმა დახატეს პოემის სიუჟეტის ამსახველი 5 000-ზე მეტი ნახატი და, საბოლოოდ, 9 წუთიანი ანიმაციური ფილმიც შეიქმნა.

- შენ რას ხატავ?
- მე თინათინს.
- შენ?
- მე როსტევანს. აქ კი, გვერდით, დამნიავებელი უნდა დავუხატო, აი, რომ უნიავებენ ხოლმე, ის...


ბავშვების თვალით დანახული და ბავშვების ხელით მოხაზული ტარიელი, ავთანდილი, თინათინი, ნესტან-დარეჯანი და „ვეფხისტყაოსნის“ სხვა პერსონაჟები ანიმატორებმა გააცოცხლეს. მათ შორის ერთ-ერთია არჩილ კუხიანიძე, რომელიც ბავშვების ნახატების გაცოცხლების თავისებურებაზე მესაუბრება:

„როდესაც ბავშვების ნახატებს ვაცოცხლებთ, ახალ მოძრაობებს, ახალ სულიერებას ვსწავლობთ. როცა კლასიკური ანიმაცია კეთდება, იქ ყველაფერს ჩვენ ვიგონებთ და როცა ბავშვის ნახატს ვაცოცხლებთ, ის თვითონ გვკარნახობს, რა უნდა გააკეთოს, როგორი მოძრაობა, რა ხასიათი გამოავლინოს და ა.შ. ასეთი ნამუშევრები ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ბავშვები თავიანთ ნახატებს უკვე მოძრაობაში რომ ხედავენ, საოცარი რეაქციები აქვთ. ზოგს მანამდე არ მოსწონს ხოლმე თავისი ნახატი, მაგრამ როცა გაცოცხლებულს ნახავს, როგორ მოძრაობს, იცინის, დახტის, რაღაცას ისვრის, უკვე სულ სხვა თვალით უყურებენ თავიანთ ნამუშევრებს და ძალიან ბედნიერები არიან“.
ამაზე კარგი ხერხი მე არ მინახავს. არ არის საჭირო, რომ ბავშვს „მუნ“ და „ხამს“ და კიდევ უფრო რთული სიტყვების სწავლა აიძულო. საჭიროა, რომ მოძებნო ოპტიმალური გზა, რაც ბავშვებს და პოემას საერთო აქვთ...

11 წლის ელენე ხარანაული ერთ-ერთია იმ 900 ბავშვიდან, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ ანიმაციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ახლა ის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში შორიდან ადევნებს თვალს ფილმის ჩვენებას და მეუბნება, რომ ძალიან ამაყობს. აბა, როგორ, განა ბევრი ბავშვის ნახატი გაცოცხლებულა ასე თვალსა და ხელს შუა? ელენე ანიმაციურ ფილმზე მუშაობის პროცესს იხსენებს:

„როცა ვხატავდი, უფრო ღრმად ვიგებდი იმ სტროფების შინაარსს, რასაც ვსწავლობდი. მე ის სცენა დავხატე, როცა ნესტან-დარეჯანს მამიდა ეჩხუბება. ექვსი წლიდან მასწავლიდა დედა „ვეფხისტყაოსანს“. ახლა უფო შემიყვარდა, ვიდრე ადრე. ახლა უფრო დამაინტერესა“.

ელენეს ნათქვამი - „უფრო შემიყვარდა“ - არ ეუცხოება მანანა ბეგიაშვილს. ის ფილოლოგია. მას მოზარდებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ფიქრობს, რომ როდესაც საქმე მოზარდებისა და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ურთიერთობას ეხება, დიდი სიფრთხილეა საჭირო. უნდა მოძებნო ის გზა, ის ბილიკი, რომელიც ბავშვებს „ვეფხისტყაოსნამდე“ უმტკივნეულოდ, ძალდაუტანებლად, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე მიიყვანს. მანანა ბეგიაშვილი ფიქრობს, რომ გაცოცხლებული ნახატების იდეით შემოქმედებითმა ჯგუფმა ამ გზას მიაკვლია:

„ამაზე კარგი ხერხი მე არ მინახავს. არ არის საჭირო, რომ ბავშვს „მუნ“ და „ხამს“ და კიდევ უფრო რთული სიტყვების სწავლა აიძულო. საჭიროა, რომ მოძებნო ოპტიმალური გზა, რაც ბავშვებს და პოემას საერთო აქვთ. საუკეთესო გზა ბავშვების აღსაზრდელად არის პოზიტიური მაგალითის ჩვენება და „ვეფხისტყაოსანზე“ უკეთესი მაგალითი ბავშვისთვის სხვა რა უნდა იყოს“.

გაცოცხლებული ნახატების იდეა ნოდარ ბეგიაშვილს იმ 90-იან წლებში დაებადა, როცა ქვეყანაში არათუ ანიმაციური ფილმები, ბავშვებისთვის უბრალო სათამაშოების ყიდვაც კი პრობლემა იყო. ერთ დღეს შინ დაბრუნებულ ნოდარს მისმა 4 წლის ბიჭმა ნახატი დაახვედრა და ყველაფერი აქედან დაიწყო:

ნოდარ ბეგიაშვილი

ნოდარ ბეგიაშვილი

„ოთხკუთხედ ჩარჩოში დახატული ბიჭუნა. გადავწყვიტე, რომ ეს ნახატი წამეღო ტელევიზიაში ჩემს მეგობრებთან და იქ გაგვეცოცხლებინა. მაშინ თბილისში, მგონი, სულ ორი კომპიუტერი იყო. და, მართლაც, მოხდა სასწაული. შავ-თეთრი ფანქრით დახატული ბიჭუნა გაცოცხლდა და მას ტელევეზირი დავარქვით. რომელმაც ტელევიზორიდან აცნობა პატარა მაყურებელს, გამომიგზავნეთ თქვენი ნახატები და ჩვენ ამ ნახატებს გავაცოცხლებთო. და მაშინ ფოსტა ამუშავდა. აი, სწორედ მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი და მას მერე თავს ვერ ვანებებ. ბავშვები სადარბაზოში მხვდებიან ხოლმე და თავიანთ ნახატებს მაძლევენ, რომ მერე ჩვენ გავაცოცხლოთ. ჩვენ ჩვენი საიტიც გვაქვს www.utvalavi.ge, სადაც განვათავსებთ ამ ნახატებს, ბავშვების ხმებს“.

ნოდარ ბეგიაშვილი და მისი გუნდი კვლავაც აპირებენ ექსპედიციების გაგრძელებას საქართველოს სხვადასხვა მხარეს და მის ფარგლებს გარეთ - ტაო-კლარჯეთში, ფერეიდანსა და საინგილოში. ექსპედიციებში შეგროვებული საუკეთესო ნახატები და ხმები, ასევე კალიგრაფიის ნიმუშები განთავსდება სტუდია „ტელევეზირის“ განახლებულ ვებსაიტზე და, ბოლოს კი, როგორც იდეის ავტორი ამბობს, შეიქმნება სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი“ და ასევე დოკუმენტური ფილმი, რომელიც ასახავს ფილმზე მუშაობის პროცესს.

ეპილოგის მაგიერ
ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა. ცხენზე ამხედრებული ავთანდილი ფანქრით გაფერადებულ მწვანე გორაკებს მიუყვება. თან მიჰყვება ყვითელი მზე, რომელსაც თვალები და პირი აქვს,
XS
SM
MD
LG