Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძებნე თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე დაიდო ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსია, რომელიც, თავის მხრივ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საბოლოო ვარიანტი არ არის. გამოქვეყნებული ვერსიის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 621 256 ადამიანია. დაინტერესებულ მოქალაქეებს, თავის მხრივ, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტებზე თავიანთი და იმავე მისამართზე მცხოვრები სხვა ადამიანების გადამოწმება უკვე შეუძლიათ.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 აგვისტოს გადასცა. სია პრაქტიკულად 4 ნაწილისაგან შედგება. ესენია: ძირითადი სია, უმისამართოების სია, რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილთა, ანუ მიწერილების სია და დაუდგენელი მისამართების სია. მამუკა კაციტაძე, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, შეიძლება ითქვას, არ აზუსტებს რამდენი კაცისგან შედგება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა სია:

”როდესაც ცესკო ადმინისტრირებას მოახდენს ამომრჩევლებისას, შესაბამისად, ის იტყვის, რამდენია, ვთქვათ, დაუბნებული ამომრჩეველი. მე ვთქვი, რამდენია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ეკუთვნის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. ჯამი, აი, მექანიკური ჯამი რომ გავაკეთოთ მაგ ოთხი ციფრის, ეს არის, თუ არ ვცდები, 3 მილიონ 662 თუ 669 ამომრჩეველი. თუმცა ამათში შეყვანილია ის ამომრჩეველიც, ვინც 1 ოქტომბრამდე გახდება 18 წლის, ვინც გარდაიცვლება 1 ოქტომბრამდე. ანუ ეს სიები 1 აგვისტოს მონაცემებით არის და ის, გარკვეულწილად, ბუნებრივად ისედაც ტრანსფორმირდება.”
ამომრჩეველთა ერთიანი სია რჩება გაყალბების ფარული მეთოდების გამოყენების ფარულ წყაროდ. ამიტომ ჩავატარეთ „კარდაკარი“ ...
ზაქარია ქუცნაშვილი

სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ 1 აგვისტოს მონაცემებით მომზადებულ და, შესაბამისად, უკვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ძირითად სიაში არის 3 385 844 მონაცემი. აქედან რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 189 000-მდე ამომრჩეველი, მისამართის გარეშეა 52 650-მდე ამომრჩეველი, გაურკვეველი მისამართის მქონეა 42 390 ამომრჩეველი და საზღვარგარეთ იმყოფება 310 113 ამომრჩეველი. სიის ფორმირება კიდევ 1 თვეს გასტანს, მის საბოლოო ვერსიას კი კომისია არჩევნებამდე 2 კვირით ადრე - 15 სექტემბერს - დადებს. დასრულდება თუ არა ამით სპეკულაცია საარჩევნო სიის სიზუსტის თემაზე? ამ კითხვაზე კოალიცია ”ქართული ოცნების” იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი გვიპასუხებს, რომ ჯერ არა:

”ამომრჩეველთა ერთიანი სია რჩება გაყალბების ფარული მეთოდების გამოყენების ფარულ წყაროდ. ამიტომ ჩავატარეთ „კარდაკარი“ და ამიტომაც ჩავატარეთ „კარდაკარი“ მათივე სიებზე დაყრდნობით. ჩვენ ხომ ჩვენი სიები არ შეგვიდგენია, ჩვენ გამოვართვით მათ სიები და მათი სიების მიხედვით ჩავატარეთ შემოწმება. ამიტომაც ახლა უნდა წავიდეს სხვა პროცესი. მათი გადამოწმებული სიები და ჩვენ მიერ გადამოწმებული სიები უნდა შეედაროს ერთმანეთს.”

ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” ასევე დაასრულა თავისი „კარდაკარის“ მონაცემების კომპიუტერული დამუშავება და შედეგებს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. კოალიცია სახელმწიფო კომისიის მუშაობას იმ შემთხვევაში შეაფასებს დადებითად, თუ შედარება სიებს შორის ნაკლებ ცდომილებას აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ სიების დაზუსტებაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრაქტიკულად არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ამ ეტაპზე ისიც ერთვება პროცესში. ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი განმარტავს:

”ჩვენ 12 აგვისტომდე უბნის საზღვრებს განვსაზღვრავთ და ამის შემდეგ ეს სია დამუშავდება და დაიყოფა უბნებად. ანუ ეს არის ძირითადი ფუნქცია, რასაც ცესკო ახორციელებს ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში. რაც შეეხება სიაში ცვლილებების შეტანას, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ დაინტერესებული მხარე, მათ შეუძლიათ, რომ განაცხადით მიმართონ საოლქო საარჩევნო კომისიებს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ საოლქო კომისიები სიაში ცვლილებას განახორციელებენ მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თანხმობის საფუძველზე.”

მე ასე ვვარაუდობ, რომ 90 პროცენტამდე ეს სია იქნება ზუსტი. ეს სია ვერ იქნება იდეალური, მაგრამ ყველაზე ახლოს იქნება ბოლო წლებში რეალურთან, რაც ჩვენ გვინდა, რომ იყოს ...
ლევან ვეფხვაძე

საარჩევნო სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ მომზადებული სიის კენჭისყრის ოქმს 20 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა, არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა კახი კახიშვილმა, არ დაუჭირა მხარი.

კახი კახიშვილის მიერ სიასთან დაკავშირებული პრობლემების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, მეორე მხრივ, იგი ფიქრობს, რომ სიების დაზუსტების კომისიამ დააზუსტა პრობლემები, მათი გამოსწორებისთვის კი ახლა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იზრუნონ. კახი კახიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მხარდამჭერთა შორის იყო ”ქართული ოცნებაც”, იყო ასევე ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

”მე ასე ვვარაუდობ, რომ 90 პროცენტამდე ეს სია იქნება ზუსტი. ეს სია ვერ იქნება იდეალური, მაგრამ ყველაზე ახლოს იქნება ბოლო წლებში რეალურთან, რაც ჩვენ გვინდა, რომ იყოს. მეორე ამბავია, ეს სია რამდენად დახვდება ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე. მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ ეს სია იყოს ის, რომელიც უბნებზე დახვდება ჩვენს ამომრჩეველს”, ამბობს დეპუტატი ლევან ვეფხვაძე.
XS
SM
MD
LG