Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სამართლიანი არჩევნები” სიების დაზუსტების კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს


"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობას, მიუხედავად აღმოჩენილი ხარვეზებისა, დადებითად აფასებს. კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შუალედური ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციამ 16 აგვისტოს წარადგინა. პოზიტიურად აფასებს კომისიის მუშაობას ევროსაბჭოს საარჩევნო პროგრამის მრჩეველიც. თავის მხრივ, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის საბოლოო ვარიანტის წარდგენას 15 სექტემბრისათვის აპირებს.

შეხვედრა, სადაც დახურულ კარს მიღმა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” - მონიტორინგის შედეგები როგორც თავად კომისიის წევრებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროექტის ფინანსური მხარდამჭერების - ევროპის საბჭოსა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს - წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა კაციტაძემ, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან მონიტორინგის შედეგებით მიღებული ”სასიამოვნო აღფრთოვანება” ვერ დამალა:

”მე ვარ სასიამოვნოდ აღფრთოვანებული, როდესაც დამკვირვებელი დადებითად გაფასებს და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასებებია ევროსაბჭოს მხრიდან, ქართული არასამთავრობოების მხრიდან. რა თქმა უნდა, იყო უზუსტობები, მაგრამ იმის ილუზიაც არავის ჰქონდა, რომ შედეგი ასპროცენტიანი იქნებოდა. მაგრამ როდესაც ბოლოში არის ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შეფასება, ისღა დაგრჩენია, რომ რაღაცნაირი კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლოს”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” სიების დაზუსტების კომისიის მუშაობის მონიტორინგს კომისიის შექმნის დღიდან ახორციელებს. მათ დაკვირვება რამდენიმე მიმართულებით გაშალეს, განსაკუთრებით კი ყურადღება რეგისტრატორთა ტრენინგებზე, რეგისტრატორთა შერჩევის მონიტორინგსა და ”კარდაკარის” პროცესის მონიტორინგზე გაამახვილეს. მონიტორინგი საქართველოს 73 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდა. ნინო ლომჯარია, ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ, მიუხედავად აღმოჩენილი ხარვეზებისა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მუშაობა საბოლოოდ მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ის ჟურნალისტებთან იმ რამდენიმე ხარვეზზე საუბრობს, რომელიც მონიტორებმა აღმოაჩინეს:

ომისიამ არაჩვეულებრივი საქმიანობა გასწია. ჩვენ გვაქვს შედეგები და ეს შედეგები კარგია. სია არ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს პრობლემები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ...
იგორ გაუნი
”მაგალითად, ”კარდაკარის” დროს, როდესაც საჭირო იყო, მაგალითად, საზღვარგარეთ გასულ პირებზე, გარდაცვლილებზე ან მიწერილ ამომრჩევლებზე შევსებულიყო სპეციალური განცხადების ფორმა, იყო შემთხვევები, როდესაც რეგისტრატორები არ ავსებდნენ ამ განცხადებებს, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ამომრჩევლის სტატუსი შეცვლილიყო. ამ ფაქტების შესახებ ჩვენ პერიოდულად ვუგზავნიდით ინფორმაციას კომისიას და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებულნი, კონკრეტულად სად, რომელ მისამართზე დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა.”

იგორ გაუნი, ევროსაბჭოს საარჩევნო პროგრამის მრჩეველი, არ მალავს საკუთარ პოზიტიურ დამოკიდებულებას საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიის მისამართით და ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ის ხარვეზები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ე.წ. ქართულ სიებში აღმოაჩინეს, ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი:

”კომისიამ არაჩვეულებრივი საქმიანობა გასწია. ჩვენ გვაქვს შედეგები და ეს შედეგები კარგია. სია არ უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ. მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს პრობლემები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით. ბევრ განვითარებულ ქვეყანას აწუხებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.”

მიუხედავად წარმოდგენილი პოზიტიური შეფასებებისა, ზაქარია ქუცნაშვილი, კოალიცია ”ქართული ოცნების” იურისტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ”ქართულ ოცნებას”, რომელსაც პრეტენზია აქვს გამარჯვებაზე, არ აქვს უფლება მიენდოს სხვას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ალტერნატიული ”კარდაკარის” ჩატარება, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდა და რომლის შედეგებსაც საარჩევნო სიების გადამოწმების კომისიას ისინი 17 აგვისტოს გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია, რომელიც ჯერ არ არის სიის საბოლოო ვარიანტი, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 1 აგვისტოს გადასცა. სია 4 ნაწილისაგან შედგება. ესენია: ძირითადი სია, უმისამართოების სია, რეგისტრაციის ადგილიდან მოხსნილთა, ანუ მიწერილების, სია და დაუდგენელი მისამართების სია. გამოქვეყნებული ვერსიის თანახმად, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 621 256 ადამიანია. როგორც კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე აცხადებს, კომისია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გადამოწმებული სიის საბოლოო ვარიანტს 15 სექტემბრისათვის წარადგენს.
XS
SM
MD
LG