Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლის მოსყიდვა და პრეცედენტის მნიშვნელობა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოება შეწყვიტა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელზე. სარჩელი პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას შეეხებოდა. მოსამართლეთა კოლეგიამ გააუქმა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „ცენტრისტების“ მიერ რუსული პენსიის გაცემის შეთავაზება ამომრჩევლის მოსყიდვა კი არა, პარტიის სოციალური პროგრამის ნაწილია. თუმცა სასამართლომ მომხდარს სამართლებრივი შეფასება არ მისცა და დავაც დასრულებულად ითვლება. შესაბამისად, „სამართლიან არჩევნებში“ წუხან, რომ არ შეიქმნა ამომრჩევლის მოსყიდვის საქმის განხილვის პრეცედენტი, როგორც მსგავსი დარღვევების სამომავლო პრევენციის მექანიზმი.

გადმოწერა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ ერთი კვირის განმავლობაში ელოდებიან სააპელაციო სასამართლოს განჩინებას „ცენტრისტების“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ცენტრისტების“ რეგისტრაციიდან მოხსნა უძღვოდა, დავის საგნის არარსებობის გამო, სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვას აღარ გააგრძელებს. „ცენტრისტების“ საარჩევნო მარათონის მიღმა დარჩენის საფუძველი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, არის არა უცხო სახელმწიფოს - ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის - ბიუჯეტზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩევლის მოსყიდვა ეგრეთ წოდებული რუსული პენსიებით, არამედ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის არარსებობა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე აღნიშნავს, იმის მიუხედავად, რომ „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაცია უკვე გაუქმებულია, საპროცესო კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს საქმეზე პრეცედენტის შექმნა და მოსყიდვის ფაქტის დადგენა მაინც შეეძლო:

ნინო რიჟამაძე
ნინო რიჟამაძე

“ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მესამე ნაწილი ამბობს, რომ თუ მხარეს გააჩნია კანონიერი ინტერესი და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად გამოცხადდა, სასამართლოს მაინც შეუძლია განიხილოს და გადაწყვიტოს ეს საქმე და თავადაც გამოაცხადოს ბათილად ხელახლა ეს ადმინისტრაციული აქტი, თუმცა სასამართლოს ეს პრაქტიკა ნაკლებად აქვს და ამ შემთხვევაშიც არ გამოიყენა ეს მუხლი“.

ჩვენი სურვილი, მოგეხსენებათ, იყო ის, რომ სასამართლოს ემსჯელა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და სათანადოდ განემარტა შესაბამისი ნორმა, - გვითხრა, თავის მხრივ, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ, რომელიც პრეცედენტის მნიშვნელობაზე საუბრობს:

“თავისთავად ცხადია, ჩვენთვისაც ცნობილი იყო ის, რომ მოთხოვნა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ უკვე ვეღარ დაკმაყოფილდებოდა ფიზიკურად იმიტომ, რომ უკვე რეგისტრაციიდან მოხსნილი იყო, ცესკოს განკარგულებით. ეს დამატებითი ახალი გარემოება გაჩნდა, ცხადია, სანამ ჩვენი სააპელაციო საჩივარი განიხილა სასამართლომ. პრეცედენტს კი ექნებოდა ის მნიშვნელობა, რომ პრაქტიკულად ჩვენ არ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სასამართლოს უმსჯელია ამ კონკრეტული 47-ე მუხლის დარღვევის ფაქტზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, და სასამართლოს არ გაუკეთებია პრაქტიკულად კანონის განმარტება“.

მიხეილ ბენიძე აქვე აღნიშნავს, რომ თავისთავად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სამომავლოდ პრაქტიკის საფუძველი არ იქნება და მსგავსი საკითხის დადგომის შემთხვევაში სასამართლოს ხელახლა არ მოუწევს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტსა და ამ ფაქტის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმებაზე მსჯელობა. კერძოდ, მიხეილ ბენიძეს გარკვეულწილად წარმატებად მიაჩნია ის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

პრეცედენტს კი ექნებოდა ის მნიშვნელობა, რომ პრაქტიკულად ჩვენ არ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სასამართლოს უმსჯელია ამ კონკრეტული 47-ე მუხლის დარღვევის ფაქტზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე, და სასამართლოს არ გაუკეთებია პრაქტიკულად კანონის განმარტება...
მიხეილ ბენიძე

ზოგადად პრეცედენტის საკითხმა კი მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში სხვა თვალსაზრისითაც შეიძინა აქტუალობა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ, „ცენტრისტების“ გარდა, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ინფორმაცია არ მოიპოვება კიდევ 9 პარტიის ხელმძღვანელი პირის შესახებ. როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა მედიას, ცესკომ უნდა ისარგებლოს „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტით. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ყველას მიმართ ერთგვაროვანი მიდგომაა საჭირო. თავის მხრივ, რადიკალურად სვამს საკითხს ვალერი კვარაცხელიას პრორუსული „ნეიტრალური საქართველოს“ რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე „ნაციონალური მოძრაობა“. „ნეიტრალურ საქართველოს“, პარტიის წევრთა განმარტებით, პარტიების რეესტრში თავმჯდომარის ვინაობა ასევე არ აქვს მითითებული, ცენტრალური საარჩევნო კომისია კი ხარვეზების გამოსასწორებლად პარტიებს ვადას 8 სექტემბრამდე აძლევს.

„’ცენტრისტებთან’ დაკავშირებით საჯარო რეესტრმა გააკეთა განცხადება, რომ მათ რეგისტრაციაში არ გაატარეს პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირი. რაც შეეხება სხვა პარტიების წარმომადგენლებს, თუკი საჯარო რეესტრის მიერ დადასტურდება, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმძღვანელობაზე არის უარი, ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებს“, ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე. იგი ადასტურებს, რომ ცხრავე პარტია, რომელთა ხელმძღვანელი პირის შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ინფორმაცია არ არის, საარჩევნოდ ცესკოში დარეგისტრირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG